Accessibility links

უცხოელი მძღოლები - გამტაცებლების მთავარი სამიზნე და მსხვერპლი ერაყში


რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად, დღე არ გავა ისე, ერაყიდან გავრცელებულ ცნობებში მძევლები რომ არ ახსენონ. ბოლო ცნობებში, მაგალითად, ლაპარაკია 2 იორდანიელი მძღოლის

გათავისუფლებაზე და მანამდე, 2 დღით ადრე გამტაცებლების მიერ ერთი თურქი მძევლის - ისევ მძღოლის - სიკვდილით დასჯაზე. საერთოდ, თვალშისაცემია, რომ ერაყელ მეამბოხეებს ყველაზე ხშირად მძევლად აჰყავთ სწორედ მძღოლები, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, რასაც ერთი უბრალო მიზეზი აქვს: მათი შეპყრობა შედარებით იოლია.

რას ნიშნავს ასეთ პირობებში მუშაობა თვით მძღოლებისათვის - ამის გასარკვევად ჩვენი ბაღდადელი კორესპონდენტი სამი ალკჰოჯა რამდენიმეს გამოელაპარაკა, მათ შორის მოჰამედ ალ-სუდანის.

ალ-სუდანიმ სატვირთო მანქანით ბაღდადში ეგვიპტიდან ჩაიტანა ტვირთი. გზას რამდენიმე დღე მოანდომა, თან პაპანაქება სიცხეში: ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 45 გრადუსს აღწევდა! მაგრამ ამას დიდად არ შეუწუხებია: გზა დამღლელია, მაგრამ უხიფათო - ვიდრე ერაყის საზღვარს გადაკვეთ. “აი, ერაყში უკვე სხვა საქმეაო”, - ამბობს ალ-სუდანი: [ალ სუდანის ხმა] “მე არც გავუტაცივართ და არ გავუძარცვივართ, მაგრამ მსმენია გატაცებების ამბავი. ერთხელ, როცა ეგვიპტიდან ბაღდადში ტვირთი მიმქონდა მეამბოხეებმა გამაჩერეს და მკითხეს, რა მიმქონდა, მიმქონდა თუ არა რამე ამერიკელებისათვის. ვუთხარი, რომ საქონელი ერაყელ ბიზნსმენებს ეკუთვნოდა. ცხადია, შემეშინდა - რომ მოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ 50-60 კაცი იდგა, შეიარაღებულები იყვნენ. რასაკვირველია, შემეშინდა...”

ალ-სუდანიმ იცის: იმ დღეს მარტო იმიტომ გადარჩა, რომ ტვირთის აღმწერ დოკუმენტებში მართლაც არაფერი ეწერა ამერიკელების, ან სხვა უცხოელებისათვის განკუთვნილ საქონელზე.

როცა ალ-სუდანი ჩვენს კორესპონდენტს თავის თავგადასავლებზე უყვებოდა, საუბარში მისი უფროსიც ჩაერთო - სატვირთო მანქანის მფლობელი ემად რაშად სალიმი და დასძინა, რომ მძღოლს მხოლოდ დღისით მგზავრობის უფლება აქვს. ღამე, მართალია, გრილა და საჭესთან ჯდომა უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ღამე მატულობს თავდასხმის საფრთხეც. [რაშად სალიმის ხმა] “რასაკვირველია, ამ ინციდენტებმა გავლენა მოახდინა ჩვენს მუშაობაზე. ავტოტრასებზე უსაფრთხეობა არ არსებობს. გვეშინია, რომ თავს დაგვესხმებიან, რომ ტვირთს დავკარგავთ და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ეს სატვირთო მანქანა მე მეკუთვნის. მე არასოდეს დამმუქრებიან, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ, ამიტომ ღამე არ ვმგზავრობთ”.

როგორც ჩვენი ბაღდადელი კორესპონდენტი იუწყება, მძღოლები ბოლო დღეებში ძალიან შეაშფოთა უჩვეულოდ ცუდმა ამბებმა: ორშაბათს მუსლიმანი ექსტრემისტები უებსაიტზე აჩვენეს ვიდეოფირი - როგორ მოუწოდებს თურქი მძღოლი, მურატ იუჯეი თურქულ კომპანიებს, წავიდნენ ერაყიდან. ბოლო კადრები აჩვენებს, როგორც კლავენ მძღოლს: ერთ-ერთი გამტაცებელი მას თავში ესვრის.

ამის შემდეგ თურქულმა კომპანიამ, რომელშიც მურატ იუჯეი მუშაობდა, მართალია, გამოაცხადა, რომ შეწყვეტს ერაყში საქმიანობას, მაგრამ კომპანიების უმრავლესობა მზადაა, დიდი რისკის მიუხედავად იმუშაოს ერაყში. ბოლოს ისევ მოჰამედ ალ-სუდანის მოვუსმინოთ - მძღოლს, რომელსაც ჩვენი ბაღდადელი კორესპონდენტი გამოელაპარაკა: [ალ სუდანის ხმა] “იცით, სანამ ძალიან საშიში არაფერი გვინახავს, ისევ ჩამოვალთ ბაღდადში. თუმცა, ყველა ეს ინციდენტი გვაშინებს ხოლმე. თუ საქმე ძალიან ცუდად წავიდა, ბაღდადში აღარ ჩამოვალ”.

წლეულს აპრილიდან (ანუ, მას შემდეგ, რაც ერაყში ადამიანების გატაცება დაიწყეს) მძევლად ჩავარდა სულ ცოტა 70 უცხოელი. მათგან 9 - გამტაცებლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.
XS
SM
MD
LG