Accessibility links

logo-print

უფასო სადილი - ყველაზე დიდი საჩუქარი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის


რამდენიმე დღის წინ ბათუმში, საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 800 ათასამდე მოქალაქისთვის სოციალური

დახმარების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვჭირდება პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყოველთვიურად ფული ვუხადოთ, აი, ამ 200-250 ათას ოჯახს. ეს არის დაახლოებით 700 – 800 ათასი ადამიანი, რომ ისინი არ მოკვდნენ შიმშილით.”

მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ შიმშილის ზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის სიტყვების რეალიზებას, ანუ სათანადო პროგრამის მომზადებას და შემდეგ საჭირო სახსრების გამოძებნას, მოახერხებს.

[ისმის რიგში მდგომი ხალხის ხმაური] ”...საჭმელი, სადილი არის უფასოდ მთელი ქალაქისთვის, გაუბედურებული ხალხისთვის. გამოკრულია ლოზუნგები ქალქში...”

მარიამობის დღესასწაულზე სოციალურად გაჭირვებული თბილისელები უფასო სადილზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია ”კათარზისმა” და გაზეთმა ”კვირის პალიტრამ” დაპატიჟა გაზეთის რედაქტორის, 1 თვის წინ გარდაცვლილი ლალი გუნთაიშვილის პატივსაცემად. დილიდანვე “კათარზისის” შენობის წინ იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ წესრიგის დაცვას სამხედრო აკადემიის კურსანტებიც კი ძლივს ახერხებენ.

[ისმის ხმაური] ”...კარები დაკეტეთ!...”

საკვები ყველასთვის კმარა, თუმცა კი სასადილო დარბაზები ყველა მსურველს ვერ იტევს. დარბაზში შესულ მოხუცებს, საშუალო ასაკის მოქალაქეებს თუ ბავშვებს ”კვირის პალიტრა” და ”კათარზისი” გემრიელი სადილით უმასპინძლდება.

[მიმტანის ხმა] ”ქათმის ხორცის ბულიონი; წიწიბურაა, თავისი საწებლით, ხორცით; ფუნთუშა, პური, 1 ჭიქა ღვინო, მარიამობა რახან არის, და ლიმონათი.”

[ისმის ხმაური]

მე ვცდილობ რომელიმე მოქალაქე ამოვარჩიო, რათა მისი ცხოვრების შესახებ გესაუბროთ, თუმცა კი ძალიან მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, რადგან უფასო სადილზე მოსულთა ყოველდღიურობა და თუნდაც წარსული ძალიან წააგავს ერთმანეთს.

[მუსიკა]

[მოქალაქე 1] ”ჩემი ბავშვი მშიერია, 11 წლისაა. ადრე ვმუშაობდი, მაგრამ არსად გამაჩერეს. ყველგან ან ნაცნობი უნდა გყავდეს, ან ფული.”

[მუსიკა]

[ტატიანა ოდიშვილი] ”ოჯახში ოთხნი ვართ, ოთხივე პენსიონერი. მე და ჩემი მეუღლე მოხუცებულები ვართ. 6 თვის ბავშვი დაგვრჩა, ახლა გახდა 2 წლის. მამა გულის გამო გარდაიცვალა, დედამისი აქამდე ვერ მუშაობდა - პატარა იყო ბავშვი და ვერც მე ვეხმარებოდი, ინვალიდი ვარ. ჩემი ქმარი დადის და ვერსად იშოვა სამსახური. ყველა მე მთხოვს... ერთ თვეში გადავიხდი გაზის ფულს, მეორეში შუქის ფულს ვერ ვიხდი. მომიგროვდა 350 შუქის, 150 წყლის. რით გადავიხადო. 84 ლარი გვაქვს სულ - აი, როგორ ვიყოთ?”

ქალბატონი ტატიანა ოდიშვილის კითხვაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას 10 წელზე მეტია ვერადა ვერ მოუფიქრებია. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ დაპირებებს იძლევა და ამ დაპირებების ნაწილს ნაწილობრივ, მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებს. ასე მაგალითად, პენსია 14-დან 17 ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც, ოფიციალური მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 110 - 120 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსიები მომავალში აღარ გაიზრდება. ახლა ახალი მთავრობა მოსახლეობას საპენსიო რეფორმას ჰპირდება, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა კი ხელისუფლებისგან სულ სხვა რამეს ითხოვს:

[მოქალაქის ხმა] ”როგორც ყველა გაჭირვებული, მეც ისე ვარ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ამიტომ ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ხმას არაფერზე ვიღებთ. ოღონდ მდგომარეობა გამოსწორდეს და ეკონომიკასაც ეშველება. ეს ომიანობის პერიოდში, მე მგონი, ნამდვილად არ მოხდება. უნდა იყოს, პირველ რიგში, მშვიდობა.”
[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG