Accessibility links

logo-print

ახალ კოდექსს საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტი შემოაქვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტში, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ხელისუფლება დაიწყებს, ფისკალური წნეხის შემცირების გარდა, დაფიქსირებულია

კიდევ რამდენიმე ნოვაცია, რომელიც სრულიად ახალი მოვლენაა ქართულ რეალობაში. კერძოდ, ხელისუფლება ფიქრობს შემოიღოს დამოუკიდებელი საგადასახადო არბიტრაჟისა და სპეციალური ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. რას გულისხმობს საგადასახადო კოდექსის ეს სიახლეები?

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ყველაზე მომხიბლავ და პოზიტიურ ნოვაციად, საგადასახადო განაკვეთების შემცირების გარდა, ექსპერტებს საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის დამკვიდრება მიაჩნიათ. დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბიზნეს დავების განხილვისას უამრავ პრობლემას აწყდება და, რაც მთავარია, ამ სისტემის მოუწესრიგებლობით, პირველ რიგში, ზარალდება ბიზნესი, რომელიც თვეობით და ხშირად წლობით ელოდება გაჭიანურებულ დავებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების კომპეტენტურობა კი ცალკე საუბრის თემაა.

ახალი საგადასახადო კოდექსით, საქართველოში დამკვიდრდება საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფოსა და სამეწარმეო სუბიექტს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების გადაწყვეტაა. საინტერესოა, რომ არბიტრაჟი კომერციული იქნება, თავად პროცედურების მექანიზმს კი ეკონომიკური ექსპერტი სოსო სიმონიშვილი შემდეგნაირად განმარტავს:

[სოსო სიმონიშვილის ხმა] „ დავის წარმოშობის შემთხვევაში მეწარმე ნიშნავს ერთ არბიტრს, მეორე მხარე, ანუ სახელმწიფო, დანიშნავს მეორეს, ხოლო ეს ორი არბიტრი შემდეგ შეთანხმებულად დანიშნავს მესამე არბიტრს. ამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის საბოლოო და აღსრულებას ექვემდებარება იმავე მექანიზმით, რაც არის ჩვენს სასამართლო სისტემაში დადგენილი. “

საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის დამკვიდრება ეკონომიკური განვითარების მინისტრს კახა ბენდუქიძეს ახალი კოდექსის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიაჩნია:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”რაც შეეხება არბიტრაჟს, ეს არის, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საგადასახადო სისტემის, ახალი საგადასახადო კოდექსის. იმიტომ რომ ეს არის არა მარტო მეწარმეთა პატიოსანი, სინდისიერი მოქმედების შემთხვევაში მათი დაცვის გარანტია, -ვერავინ ვერ დაურეკავს მოსამართლეს და ვერ სთხოვს, ”იცით რა, ბიუჯეტს ახლა ძალიან უჭირს და, თუ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთო”, სხვანაირ ზეწოლებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, - ეს არის არაკორუმპირებული, კომერციული სასამართლო სისტემის დასაწყისი პროცესი საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ამას მთლიანად ქვეყნის სასამართლო სისტემაზე უზარმაზარი გავლენა ექნება. მე ვფიქრობ, რომ მარტო ამის გულისთვის მივცემდი ხმას საგადასახადო კოდექსს, სხვა ყველაფერი ისე რომ დარჩენილიყო, როგორც დღეს არის. ჯამში, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და სიამოვნებით ვიმუშავებდი, ბიზნესში რომ ვიყო, ამნაირი საგადასახადო კოდექსის პირობებში.”

როგორც ხედავთ, ეკონომიკის მინისტრი სიამოვნებით დაუბრუნდებოდა ბიზნესს ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, ამის უფლება რომ ჰქონდეს. კოდექსის განხილვები საკანონმდებლო ხელისუფლებაში მალე დაიწყება და მის მიღებას ხელისუფლება ფორსირებულად გეგმავს. გაიზიარებენ თუ არა ბენდუქიძის ოპტიმიზმს კანონმდებლები და, რაც მთავარია, როგორ შეხვდება ახალ საგადასახადო პოლიტიკას ქართული ბიზნესი, ეს ამ კანონის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა.
XS
SM
MD
LG