Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი კონცეპტუალური წინადადება აფხაზეთს


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენმა მსმენელებმა, შესაძლოა, უკვე იციან, რომ ქართველ პოლიტიკოსთა, პოლიტოლოგთა და იურისტთა ჯგუფმა შეიმუშავა კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოში

აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. სამიოდე თვის წინ ეს კონცეფცია გამოქვეყნდა, მაგრამ ფართო გამოხმაურება საქართველოში არ მოჰყოლია - მხოლოდ ერთი-ორჯერ განიხილეს საჯაროდ. საერთოდ, უცნობია კონცეფციაზე ხელისუფლების რეაქცია. არადა, ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი ტექსტი, რომელიც დეტალურად და მრავლისმომცველად ამუშავებს აფხაზეთის საკითხთან საქართველოს შესაძლო მიდგომებს. გეტყვით, მაგალითად, რომ კონცეფცია 22 ათასზე მეტ სიტყვას შეიცავს. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ კონცეფცია რუსულად თარგმნეს და აპირებენ აფხაზებს გააცნონ. თუმცა კონცეფციის თანაავტორს, პარლამენტის წევრს ივლიანე ხაინდრავას მიაჩნია, რომ აფხაზები მას ისედაც იცნობენ:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “მე დარწმუნებული ვარ, აფხაზებს ეს უკვე წაკითხული და შესწავლილი აქვთ. ვისთვისაც ეს საინტერესო და საჭიროა, შინაარსი მაინც იცის. მაგრამ მათი არჩევნებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ კონცეფცია იქ აქტუალური გახდეს.”

წინასაარჩევნო ვითარება აფხაზეთში, მართლაც, არ ქმნის ხელსაყრელ ფონს საქართველოდან წასული წინადადებების განხილვისათვის. არც ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, არ ლაპარაკობს აფხაზეთის ყოფნაზე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. მაშ, რა აზრი აქვს აფხაზთათვის კონცეფციების შეთავაზებას? მით უმეტეს, თუ ეს მხოლოდ კონცეფციის ავტორთა ინიციატივაა? კონცეფციის მეორე თანაავტორი პაატა ზაქარეიშვილი მეუბნება, რომ აფხაზეთის წინასაარჩევნო დისკუსიებში უნდა გახმიანდეს კონცეფციის თემა, თუნდაც ის უვარგისად მიაჩნდეთ, რათა აფხაზებმა იფიქრონ, რომ

[ზაქარეიშვილის ხმა] “ქართველები მთლად წყალწაღებულები არ არიან და რაღაცას სთავაზობენ. ლოზუნგები იქ პირიქითაა: ქართველები არაფერს წარმოადგენენ, არაფერს გვთავაზობენ, არიან ფაშისტები და მათთან საერთო არაფერი არ უნდა გვქონდეს. ეს კონცეფცია გაამტყუნებს ასეთ მიდგომას და, შესაძლოა, აფხაზების ცნობიერებაში დარჩეს, რომ ქართველებმა რაღაც მაინც წარმოადგინეს.”

რას შეიცავს კონცეფცია ისეთს, რამაც შეიძლება დააინტერესოს აფხაზური საზოგადოება და პოლიტიკური კლასი? პაატა ზაქარეიშვილის აზრით,

[ზაქარეიშვილის ხმა] “აშკარად წინ არის წამოწეული აფხაზი ხალხის ინტერესების დაცვა. დევნილთა დაბრუნებაც და ყველაფერი აფხაზი ხალხის ინტერესების კონტექსტშია განხილული. ჩვენს ინტერესებში არ შედის ქართული ექსპანსია. რაც მთავარია, ჩვენ მათ ვთავაზობთ სახელმწიფოს მოწყობის ყველაზე თანამედროვე ფორმას - ფედერალიზმის ყველაზე თანამედროვე სისტემას. ჩვენ ვაძლევთ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საქართველოს შემადგენლობაში, ანუ, როგორც კი საქართველო მათ გადასცემს უფლებამოსილებას მართონ ტერიტორია, აი, ასე ვერავინ ვეღარ ჩაერევა მათ ამ მართვის სისტემაში.”

ზაქარეიშვილი დასძენს, რომ შეთავაზებული კონცეფციის მიხედვით, აფხაზეთს არ შეეძლება საგარეო პოლიტიკის წარმართვა და საგარეო ასპარეზზე აფხაზები მხოლოდ საქართველოს მეშვეობით გავლენ.

რეალობა ის გახლავთ, რომ აფხაზებამდე კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ქართველებმა უნდა გაიცნონ. განსაკუთრებით ის დააინტერესებს, ალბათ, დევნილ მოქალაქეებს, რომელთა ინფორმირებისათვის კონცეფციის ავტორები აპირებენ მოიარონ ქვეყნის ყველა რეგიონი, სადაც კი დევნილები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG