Accessibility links

logo-print

ვნებათაღელვა “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის” ირგვლივ, - მაუწყებლების 3 პრეტენზიიდან 2 დაკმაყოფილებულია


თბილისში გრძელდება ვნებათაღელვა “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის” ირგვლივ. კანონპროექტის ტექსტზე “თავისუფლების ინსტიტუტმა” და “კავშირგაბმულობის

მარეგულირებელმა კომისიამ” იმუშავა. კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტრონული მედიის მაუწყებლობის რეგულირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამკვიდრებას. 23 სექტემბერს “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის წევრმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ წარადგინა. სხდომას დეპუტატებთან ერთად სხვადასხვა კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დებატები კანონპროექტის ირგვლივ იყო მწვავე, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო მაუწყებლები - და არამარტო ისინი - კანონპროექტში კერძო მაუწყებლობათა დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავენ. რამდენად არის ეს ასე?


დასაწყისში აღვნიშნავ იმას, რომ ერთ კვირაში “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს” ალტერნატიული ვარიანტი გამოუჩნდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არსებულისგან არსებითად განსხვავებულ კანონპროექტს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა წარუდგენს. პრეტენზიები, რასაკვირველია, ალტერნატიული ვარიანტის მიმართაც გაჩნდება. მაგრამ დავუბრუნდეთ არსებულ ვარიანტს, რომლის ტექსტზეც, როგორც უკვე ვთქვით, “თავისუფლების ინსტიტუტმა” და “კავშირგაბმულობის მარეგულირებელმა კომისიამ” იმუშავა. ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დავით პატარაიას თქმით, კანონპროექტი რამდენიმე ძირითად სიახლეს ითვალისწინებს, კერძოდ, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია იძენს დამოუკიდებლობის დამატებით გარანტიებს, იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლობა, მოფიქრებულია ბერკეტები იმისთვის, რომ ის იყოს, მართლაც, დამოუკიდებელი. ამას გარდა, შემოდის მაუწყებლობის რეგულირების ბევრი ნორმა, საზოგადოების მოთხოვნებიდან და არა ცენზურის მოთხოვნიდან გამომდინარე. “ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ შეიცავს საფრთხეებს კერძო მაუწყებლობებისთვის. ამ მხრივ, დღევანდელი კანონმდებლობა უფრო შეიცავს საფრთხეებსო,” - ამბობს დავით პატარაია. ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმებიან კერძო მაუწყებლები. ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენელ ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ კანონპროეტი ზრდის კერძო მაუწყებლობათა დაჯარიმებისა და მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესაძლებლობას:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] “მარეგულირებელ კომისიას ტელეკომპანია შეუძლია დააჯარიმოს როგორც რეკლამის შესახებ კანონის, ისე საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის, არასრულწლოვანებზე გავლენის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის.ასე რომ, დაჯარიმების შესაძლებლობა იზრდება, მით უმეტეს, მარეგულირებელ კომისიას გადაეცემა ტელეკომპანიების შინაარსობრივი რეგულირების ნაწილიც. “

კანონპროექტი ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზიიის შეჩერებას ითვალისწინებს ტელერადიოსამაუწყებლო საქმიამონის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევებისთვის, გაფრთხილებების, ჯარიმების დაკისრებისა და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში. გიგა ბოკერია არ მიიჩნევს, რომ “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი” მარეგულირებელ კომისიას მაუწყებლობათა შინაარსობრივი სფეროს კონტროლის საშუალებას სთავაზობს:

[გიგა ბოკერიას ხმა] “ჩვენ ვთვლით, რომ ყველა შეზღუდვები, რომლებიც შეფასებით კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, ძალაში შედის ქცევის შესახებ კოდექსის მიღების შემდეგ. ეს პრაქტიკულად თვითრეგულირების სფეროს წარმოადგენს, ამიტომ ის, რომ მარეგულირებელი ლიცენზიას ჩამოართმევს ტელეკომპანიას იმისთვის, რომ ამა თუ იმ სიუჟეტის შინაარსი არ მოეწონა, ტყუილია.“

კანონპროექტის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს და მათგან ავტორებმა გაითვალისწინეს ორი:”მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის” საწყისი ვარიანტისგან განსხვავებით, ტელეანძა უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში. საზოგადოებრივ ტელევიზიას უნდა გადაეცეს მხოლოდ ტელე-რადიო ცენტრის ბალანსზე არსებული ის ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი იყენებს. ამას გარდა, კერძო მაუწყებლებს სიხშირის ლიცენზიის 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ლიცენზიისთვის კონკურსში მონაწილეობა იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ გამოკვლევები აჩვენებს, რომ მათი პროდუქცია გარკვეულ პირობებს, ანუ საზოგადოების მოთხოვნებს, არ აკმაყოფილებს. ამ დათმობებთან დაკავშირებით კერძო მაუწყებლების რეაქცია ასეთია:

[ტელეკომპანია “იმედის” იურისტის ხმა] “თუ ეს საკითხები დარეგულირდა, კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ისეთ სავალალო მდგომარეობაში აღარ ჩავვარდებით. მაგრამ მაინც რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც უკმაყოფილებას იწვევს, თუნდაც რეკლამის საკითხი.”

ეს იყო ტელეკომპანია “იმედის” იურისტი. მან რეკლამის საკითხი აღნიშნა. საქმე ის გახლავთ, რომ კანონპროექტი, რომელზეც გვაქვს ლაპარაკი, საზოგადოებრივ ტელევიზიას რთავს ეთერში რეკლამის განთავსების ნებას, პარალელურად კერძო მაუწყებლობებს უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით. კერძო მაუწყებლები შიშობენ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 1, 5 პროცენტით უნდა დაფინანსდეს და ფინანსები რეკლამითაც უნდა მიიზიდოს, იქცევა მონსტრად, რომელსაც კერძო კომპანიები ვერ გაუწევენ კონკურენციას საქართველოს მწირ სარეკლამო ბაზარზე.
XS
SM
MD
LG