Accessibility links

logo-print

წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებები კვლავ უხეშად ირღვევა


საზოგადოების დიდი ნაწილი იმედოვნებდა, რომ 2003 წლის ნოემბრის ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ძალა, წინამორბედისაგან განსხვავებით,

ადამიანის უფლებათა განუხრელი დამცველი იქნებოდა. მაგრამ თითქმის 1 წლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა და ზოგ შემთხვევაში გაუარესდა კიდეც. ამის თქმის საფუძველს კი ის კანონსაწინააღმდეგო ფაქტები იძლევა, რომლებიც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. მათი მონაცემებით, 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აგვისტომდე წინასწარი დაკავების საკნებიდან სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანილია 530-ზე მეტი პატიმარი, რომელთა სხეულზე წამების კვალი შეიმჩნევა.

ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბევრი კორუმპირებული ჩინოვნიკისა თუ სხვადასხვა ჯურის კრიმინალის დაპატიმრება იმის გამო ხორციელდება, რომ მათ იარაღი ან ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ეს ყველაზე მარტივი მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ადამიანის უფლებებს კვლავ არაფრად აგდებს.

[პატიმრის ხმა] ”დამიჭირეს და სანამ მიმიყვანდნენ სამმართველოში, რკინის ბოქლომი ჩამარტყეს თავში. აზრზე რომ მომიყვანეს, უკვე 10 ლიტრიანი კანისტრიდან წყალს მასხამდნენ.... ”

ეს არის ფრაგმენტი იმ ინტერვიუდან, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს თეა თუთბერიძეს დაკავებისას და წინასწარი პატიმრობის დროს ნაწამებმა ერთ-ერთმა პატიმარმა მისცა. მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ.
თეა თუთბერიძის თქმით, იგი ესაუბრა ამ პატიმრის საქმის გამომძიებელს, რომლის მიერ აღწერილი დაკითხვის პროცესი ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

[თეა თუთბერიძის ხმა]

თავისუფლების ინსტიტუტის წევრებთან ანალოგიური ისტორიები აღწერა 200-მდე პატიმარმა. ისინი ზუსტად ასახელებენ წინასწარი დაკავების იმ იზოლატორსა და საკნებს, სადაც მათზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში სხეულის დაზიანებებით შესულმა კიდევ 300-ზე მეტმა პატიმარმა კი თავი შეიკავა დაზიანების მიღების თარიღისა და ადგილის დასახელებისგან.

[თეა თუთბერიძის ხმა] ”ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ სხვა მაგალითებიც, როდესაც ძალიან ბევრ შეკერილ საქმეებს ვხვდებით როგორც პროკურატურის, ასევე პოლიციის მხრიდან. დღეს არის სრული განუკითხაობა ამ კუთხით. შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი ფაქტები, წამებაც და ნარკოტიკების ჩადებაც, მაგრამ დღეს ამან არნახულ მასშტაბებს მიაღწია...”

თეა თუთბერიძის განცხადებით, ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენების შემთხვევებით თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორი ლიდერობს, შემდეგ ისანი-სამგორის, გორისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების იზოლატორები მოდის. როგორც ადამიანის უფლებადამცველები განმარტავენ, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ აღნუსხული ფაქტები და მათი რაოდენობა, საპყრობილეში დაზიანებებით გადაყვანილ პატიმართა რეალურ რიცხვთან შედარებით, "ზღვაში წვეთია".

თავისუფლების ინსტიტუტის მონაცემების სისწორეს ადასტურებს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსი მაია ხასია.



მან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესს განუცხადა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებმა არ იკლო 2003 წლის შემდეგაც, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალა მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სასჯელთაღსრულების დაწესებულებები იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, წინასწარი დაკავების იზოლატორები კი, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. ამ სამართალდამცავ უწყებაში, ტრადიციისამებრ, უარყოფენ წინასწარი პატიმრობის დროს ვინმეს წამების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სოსო თოფურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში იზოლატორებში წამების ფაქტები თითქმის აღარ ფიქსირდება.
იგი იქვე დასძენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატისტიკას დეტალურად გაეცნობა და თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

სანამ პოლიციის ამ შიდაუწყებრივი სამსახურის რეაგირების შედეგები გახდება ცნობილი, მანამდე ადამიანის წამებაში ეჭვმიტანილი ძველი ხელისუფლების დროინდელი პოლიციელები კვლავ განაგრძობენ ძველი მეთოდებით საქმიანობას. ამაში მათ კიდევ უფრო ხელს უწყობს ახალი ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის ნდობის მაღალი ხარისხი.

[თეა თუთბერიძის ხმა]

ადამიანის უფლებადამცველებისა და სხვა ექსპერტების აზრით, სასამართლო სისტემის გარდა, საქართველოს ხელისუფლებას მთელი სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება მართებს. ჯერჯერობით კი ცვლილებები განხორციელებულია მხოლოდ საგზაო პოლიციაში, რომელიც ახლახან საპატრულო პოლიციად გადაკეთდა.
XS
SM
MD
LG