Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში ახალი მრჩეველთა საბჭო შეიქმნა


თბილისის მერის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მუშაობას იწყებს 25 კაციანი მრჩეველთა საბჭო. ახალი საბჭო, წინამორბედისაგან განსხვავებით,

დედაქალაქის პრობლემატიკაზე მსჯელობის ფორუმადაა მოაზრებული. მასში თავად მერის გემოვნებით შერჩეული ადამიანები გაერთიანდნენ: არქიტექტორები, მწერლები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, ჟურნალისტები, ანუ ისინი, ვინც, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, კარგად ერკვევა თბილისის პრობლემატიკაში და საინტერესო და საგულისხმო რეკომენდაციების მიცემას შეძლებს. საბჭოს დებულება ერთი თვის განმავლობაში მომზადდება. მანამდე კი, შეიძლება ითქვას, ზურაბ ჭიაბერაშვილი მრჩეველთა საბჭოს საკუთარი გუნდის ნაწილად მოიაზრებს და მისგან, უპირველესად, მწვავე და კრიტიკულ შენიშვნებს ელის.

თბილისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის საზოგადოებასა და მერიას შორის ხიდის გადების რთული ამოცანის შესრულებაში მონაწილეობა მისაღები და საპატიო დატვირთვაა. თუმცა ჯერჯერობით მათ უმრავლესობას მოვალეობებზე კონკრეტულად ბევრი არაფრის თქმა შეუძლია. ზოგადი განმარტებით, საბჭოს ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს დედაქალაქის ცხოვრებისა და ყოფის ყველა სფერო, მან უნდა მოახდინოს საზოგადოებისათვის საჭირბოროტო ყველა პრობლემისა და იდეის აკუმულირება და ქვემოდან წამოსული იდეების აღსრულების რეკომენდაცია ქალაქის მთავრობამდე მიიტანოს.

[ლევან წულაძის ხმა]” მე, მართალი რომ გითხრათ, არა მგონია, ჩვენ და მე პირადად შევცვალო რაღაცა კარდინალურად. ეს არ არის, მე მგონი, იმ ფუნქციის მატარებელი საბჭო. მრჩეველი ჰქვია, ანუ ადამიანი, რომელიც რაღაც მიმართულებას მიუთითებს მთავრობას. ის ან მიიღებს ამას, ან არ მიიღებს.”(სტილი დაცულია)

მრჩეველთა საბჭოს წევრის, რეჟისორ ლევან წულაძის ორჭოფულ მოსაზრებას თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავდაჯერებულად უპასუხებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ” მე ვიღებ ვალდებულებას, რომ რეკომენდაციები რაც იქნება, ეს რეკომენდაციები ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ახლა შეიძლება იყოს 100 მილიონიანი პროექტი, კარგი იდეა, მაგრამ ვერ განვახორციელოთ, ხო? ამიტომ შესაძლებლობები - ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან - იდეები.”

პერსპექტივა ამთავითვე გამოკვეთილია: იდეები ბევრი იქნება, შესაძლებლობები -ცოტა. ასეთ პირობებშიც კი საბჭოს წევრებისათვის ყოველთვის რჩება მერიის სამსახურებთან ერთად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ალტერნატივა, რასაკვირველია, რიგითი ადამიანების სასარგებლოდ.

[თამარ მჭედლიშვილის ხმა]” ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ და მივიღე გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში მე ვაშუქებდი როგორც საკრებულოს საქმიანობას, ასევე მერიის საქმიანობას და, უბრალოდ, მე დავინახე, რომ ეს არის სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ დახურულია საზოგადოებისთვის. ჩემი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის თუნდაც ის, რომ მოვიტანო თითოეული მოქალაქის პრობლემა მერიამდე და მე, ალბათ, ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის.”

ეს ჟურნალისტი თამარ მჭედლიშვილი იყო. მუსიკოსი ვახო ბაბუნაშვილის ძირითადი ინტერესი კი ხელოვნების სფეროს განეკუთვნება და უფრო გლობალურ ხასიათს ატარებს:

[ვახო ბაბუნაშვილის ხმა]” ძირითადი და პირველი ინტერესი არის ამ ქალაქს დაუბრუნდეს კულტურული ქალაქის სახელი. არა მარტო საქართველოში და არა მარტო კავკასიის რეგიონში. ამ ქალაქს აქვს მართლა ძალიან დიდი პოტენციალი, კულტურული პოტენციალი, რომელიც ძალიან საინტერესოა დანარჩენი მსოფლიოსთვის.”

თბილისის მერის მრჩეველთა საბჭო უახლოეს ერთ თვეში შეუდგება მუშაობას. თბილისის მერი საბჭოსგან, იდეებისა და პროექტების გარდა, პირუთვნელ კრიტიკას ელის. თავადვე სახავს კრიტიკის ერთ-ერთ პირველ ობიექტსაც: ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს განსახილველ პირველ საკითხთა რიგში აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო სამკუთხედი, რომელიც ისე გამართულად და ეფექტურად ვერ მუშაობს, როგორც ელოდნენ.
XS
SM
MD
LG