Accessibility links

logo-print

ქონების ახალი გადასახადი შინაარსობრივად სოციალურ გადასახადს დაემსგავსა


უძრავი ქონების გადასახადის დაწესება აზრთა დაპირისპირების მიზეზადაა ქცეული არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ საქართველოს მთავრობაშიც კი.

ჯერჯერობით ქონების გადასახადის შინაარსის საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა აღებული. სააკაშვილი ქონების დაბეგვრას მისი მესაკუთრის შემოსავლების შესაბამისად მოითხოვს, ეს კი წინააღმდეგობაში მოდის როგორც ფინანსთა, ასევე ეკონომიკის მინისტრების ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. პრეზიდენტის პოზიციის წინააღმდეგ გამოდიან ეკონომიკის ექსპერტებიც.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ავტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბოლო დრომდე ჩვეული სიჯიუტითა და მწირსიტყვაობით ცდილობდა უძრავი ქონების გადასახადის აუცილებლობა დაესაბუთებინა:

[ნოღაიდელის ხმა] ”თქვენი წინადადება რაში მდგომარეობს, რომ 100 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი ვისაც აქვს, ისიც არ უნდა დაიბეგროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით? აბა, ქონების გადასახადი საქართველოში ვინ უნდა გადაიხადოს?”

ასეთი არგუმენტებით ამყარებდა თავის პოზიციას ფინანსთა მინისტრი და შედეგად ის მიიღო, რომ ქონების გადასახადის დაწესების მომხრეებიც კი გადაიმტერა. თითქოს მის ამ ახალ ინიციატივაში საკამათო არც არაფერი უნდა ყოფილიყო, რადგან ყველაზე ჩამოუყალიბებელი საბაზრო ეკონომიკაც კი წარმოუდგენელია ქონების გადასახადის გარეშე.
ექსპერტები განმარტავენ, რომ სწორედ ამ გადასახადით ფორმირდება უძრავი ქონების ბაზარი და ის საბანკო კრედიტებისა თუ სხვა ეკონომიკური ქმედებების მასტიმულირებელია. ამას ჯერჯერობით სოციალურ სამართლიანობას ამჯობინებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ვიღაცამ აიშენა გუშინ 5 სართულიანი სახლი და აქვს ბანკში 100 მილიონი ან ნაკლები, თუნდაც 10 მილიონი და რაღაც მსგავსი, ასეთმა ადამიანმა გადასახადი უნდა გადაიხადოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა შეეხოს ჩვეულებრივ გაღატაკებულ ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ამერიკა და ევროპა. ჩვენთან ზოგს აქვს ბევრი სახლი, დიდი სახლი და კვდება შიმშილით და ჩვენ ამ ხალხს ვერ გამოვართმევთ გადასახადებს. ეს არის ჩემი სრულიად ნათელი პოზიცია. მე ეს განვუმარტე ფინანსთა მინისტრს და მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ხარვეზი არის, ამ მხრივ, კანონში, ის ამ ხარვეზს გაასწორებს. ჩვენ ვერ გადავტეხთ ამას ჩვეულებრივი მოქალაქეების ზურგზე.”

პრეზიდენტის ამ სიტყვების შემდეგ ფინანსთა მინისტრის აქტიურობამ იკლო და გასულ კვირაში ბიზნესმენებისა და მთავრობის კონსულტაციებზე ქონების გადასახადის სააკაშვილისეულ ვარიანტზე შეთანხმდნენ. პროექტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს უძრავი ქონების ისეთ მფლობელს, რომელსაც 300 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. ნაკლები შემოსავლის მქონე, თუნდაც მილიონებად შეფასებული უძრავი ქონების მფლობელები, 1 თეთრსაც არ გადაიხდიან.

ასეთ სოციალურ სამართლიანობას თუ უსამართლობას, პოპულიზმს უწოდებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორი ჯაბა ებანოიძე:

[ჯაბა ებანოიძის ხმა] ”დღეს ქონების გადასახადსა და სხვა გადასახადებზე გაკეთებული შეღავათი და ნათქვამი, თქვენ აღარ გადაიხდით გადასახადსო, ეს არის ის, რომ მთავრობა აღარ ცნობს მოქალაქეს ანგარიშვალდებულ პირად, რასაც შეიძლება ხვალ მოჰყვეს იგივე სიტუაცია ხმის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზეგ უკვე ჩვენ ვერანაირად ვეღარ ავაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში.”

ის, რაც ასეთ შეფასებას იწვევს, ჯერჯერობით კანონპროექტშიც კი არ შეუტანიათ. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვისას ქონების გადასახადი, რომელიც სოციალური სოლიდარობის გადასახადს უფრო დაემსგავსა, თავის პირვანდელ სახეს ნაწილობრივ მაინც დაიბრუნებს.
XS
SM
MD
LG