Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგრეთ წოდებული განუბაჟებელი ავტომობილების იმპორტიორები და მფლობელები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან


რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა ეგრეთ წოდებული განუბაჟებელი ავტომობილების თემა. შეგახსენებთ: საქართველოს ხელისუფლებამ

ავტომობილების მფლობელთა გარკვეულ კატეგორიას ერთხელ უკვე გადახდილი საბაჟო გადასახადების ხელახლა გადახდა მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მესაკუთრეები გადასახადების გადახდის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს ფლობენ. არადა, ეს საბუთები სახელმწიფო ორგანოების მიერაა გაცემული, ხელისუფლება კი მათ არ ცნობს, რადგან დოკუმენტებს გაყალბებულად მიიჩნევს.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო ორგანოებში საბაჟო დეკლარაციებისა თუ სხვა დოკუმენტების გამყალბებლები ეძებოს, მთელ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებული განუბაჟებელი ავტომობილების მფლობელებს აკისრებს.

[ვახტანგ ლაშქარაშვილის ხმა] ”საბაჟო გაფორმების გარეშე ავტომობილის გაფორმება შემდეგ სხვა ინსტანციაში არის დაუშვებელი. ანუ თუ მანქანა არ არის განბაჟებული, როგორც ამას ეძახიან, არ შეიძლება მისი შემდეგ გაფორმება და შემდეგ ნომრის აღება.”(სტილი დაცულია)

საბაჟო დეპარტამენტის სტატისტიკური სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ ლაშქარაძის მიერ გამოთქმული მოსაზრება უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, ვიდრე უბრალო მოქალაქეს, რადგან სწორედ პოლიცია გასცემდა ავტომობილის მფლობელის სათანადო საბუთებს.

[ვახტანგ ლაშქარაშვილის ხმა] ”ორ სახელმწიფო უწყებას, ჯობდა, ერთმანეთს შორის გაერკვია ნდობა, ვიდრე შემდეგ ეს მოქალაქეზე გადასულიყო. მაგრამ ერთი რამ ისიც ფაქტია, რომ მანქანა არის შემოსული ისეთი, რომელზეც არ არის გადახდილი გადასახადები.”(სტილი დაცულია)

სწორედ ამ მდგომარეობას იყენებს ამჟამინდელი პოლიცია და საბაჟო და ავტომობილის 16 ათასამდე მფლობელისგან საშუალოდ ათას-ათასი ლარის გადახდას მოითხოვს მხოლოდ იმიტომ, რომ თანხის გადახდა ან თავის დროზე არ გააფორმეს საბაჟო დეპარტამენტში, ან კიდევ ავტომობილი იმ დროს იქნა იმპორტირებული, როდესაც საბაჟო გადასახადის გადახდის სხვა წესი მოქმედებდა.

[ბესო აბაშიძის ხმა] ”ჯერ ერთი, რომ არანაირ აქტს არ აჩვენებენ და მხოლოდ სიტყვით ეუბნებიან, რაც ცალსახა რეკეტია სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ იძულებულს ხდიან თანხა გადაიხადოს და არანაირი აქტის საფუძველზე, სიტყვით მხოლოდ. აქედან გამომდინარე, აი, ეს ყველაფერი არის უკანონობა და რეკეტი სახელმწიფოს მხრიდან. ვგულისხმობ რევოლუციამდე ჩამოყვანილ მანქანებს...”(სტილი დაცულია)

ეს არის ბესო აბაშიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. არადა, ამ ტიპის რეკეტისგან დაცვას, ანუ დანაშაულის ტვირთის სახელმწიფო მოხელეებზე გადატანას, პრეზიდენტი სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ოქრუაშვილი მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

ახლა ავტომობილების იმპორტიორებს ავტომობილების ძველი მყიდველების მოგერიება უხდებათ, რადგან სწორედ მფლობელებს უწევთ იმპორტიორების მიერ განბაჟებული ავტომობილის საბაჟო გადასახადის ხელახლა გადახდა.

[ზაურ მაზანაშვილის ხმა] ”ხალხი გადაჰკიდეს ერთმანეთს, იმიტომ რომ თუ თოდუამ და კობახიძემ კორუფციაში ჩაყვეს ხელი, ჩვენ რა შუაში ვართ?”

ეს არის ავტომობილების იმპორტიორი ზაურ მაზანაშვილი. ის და სხვა იმპორტიორები, ეგრეთ წოდებული განუბაჟებელი ავტომობილების მფლობელებთან ერთად, 18 ოქტომბრისთვის საავტომობილო საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ, თუ ამ კვირის მანძილზე ავტომობილების განბაჟების პრობლემა არ გადაწყდა.
XS
SM
MD
LG