Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია რეზერვისტთა შეკრებას სხვადასხვაგვარად აფასებენ


წლის ბოლომდე საქართველოს გაწვრთნილ რეზერვისტთა სამი სამხედრო ბატალიონი ეყოლება. ძირითადად რეგიონული დონის სახელმწიფო მოხელეებისაგან შემდგარი

მესამე ბატალიონის საველე შეკრება ოთხშაბათს გორის რაიონის სოფელ ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. თუმცა “პიარის” კარგად მცოდნე ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ამჯერადაც მოუწყო სიურპრიზი: რეზერვისტთა შორის აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ოპოზიცია სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გართულების გამო. სულ უფრო შორდება ერთმანეთს ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური ოპონენტების დამოკიდებულება თავად რეზერვის სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფისა და დაკომპლექტების საკითხებისადმი, რის შედეგადაც რეზერვისტთა ქვედანაყოფებში, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მოქალაქეები ეწერებიან.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო დანაპირებს ასრულებს და სამხედრო-სარეზერვო შეკრების გავლას სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებისათვის ლამის სავალდებულო სახეს აძლევს. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, ვინც რეზერვისტთა ქვედანაყოფში ჩაირიცხა და სამკვირიანი შეკრების გასავლელად ოსიაურში ჩავიდა. თავის დროზე შიდა ქართლის გუბერნატორად ნამუშევარმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოთხშაბთის ღამე გორის რაიონის მცხოვრებთაგან დაკომპლექტებულ ბატალიონთან ერთად კარავში გაატარა.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “მინდა, რომ იმ ადამიანების გვერდით ვიყო, ვისაც მერე მოუწევს თავისი ქვეყნის დაცვა. ამ რეგიონიდან დაახლოებით 10 ასეთი ბატალიონი იქნება.”

ათამდე ბატალიონის შექმნა მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონიდან, რომელშიც ფორმალურად იგულისხმება სეპარატისტული ცხინვალის რაიონიც, საქართველოს ხელისუფლების სერიოზულ სამხედრო სამზადისზე მეტყველებს. სხვათა შორის, ამის შესახებ ძალიან ღია ტექსტით ახლა საქართველოს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ლაპარაკობს. მათ შორის არის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძე, რომელიც რეზერვისტთა პირველი ბატალიონის მეთაურია.

[დავით კირკიტაძის ხმა] “ჩვენ ვემზადებით ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რასაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი დაგვისახავს. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ ვართ ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა, რომელიც მუდმივად უნდა იყოს მზადებაში, რათა ნებისმიერი მისი პრობლემა გადაჭრას ძალისმიერად და ამისთვის ვემზადებით ჩვენ.”

თუკი რეზერვისტთა მომზადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო ამოცანას ისახავს მიზნად, მაშინ, პირველ ყოვლისა, საჭიროა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. არადა, ფაქტია, რომ, როგორც საპარლამენტო, ისე პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური ძალები უნდობლად ეკიდებიან რეზერვის მომზადებას არსებული ფორმით. საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, უნდობლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა იმით, რომ ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკის ირგვლივ მათი ფრაქციის წევრების მიერ დასმული შეკითხვები:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ისიც კი არ ვიცით, რა ტიპის ჯარი უნდა გვყავდეს, საით მიდის ჩვენი თავდაცვის სისტემა, რას უნდა ემყარებოდეს ეს ყველაფერი - მთლიანად რეზერვის სისტემაზე გადავდივართ, თუ რა. არც მომავალი წლის ბიუჯეტში ჩანს რამე ამის თაობაზე. საერთოდ, ამ რეზერვისტთა ჯგუფების დაფინანსებაც საიდან ხდება, ამას ვერ გაიგებს ვერავინ ვერასოდეს, რადგან ჩვენი ყველა მცდელობის დროს პასუხად ის მივიღეთ, რომ ყველაფერი რაღაც სპეცფონდებიდან ფინანსდება.”

რეზერვისტებთან მიმართებაში პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საგანი გახდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადება. თუ პირველ რეზერვისტებს სამკვირიანი შეკრების პერიოდში ხელისუფლება 150 ლარიან ანაზღაურებას ჰპირდებოდა, ახლა ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეზერვში მყოფი მოქალაქეები არავითარ ანაზღაურებას არ მიიღებენ და ამიერიდან უანგაროდ უნდა ემსახურონ ქვეყანას. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეები შეიძლება დათანხმდნენ, და ისიც სამსახურის დაკარგვის შიშით, ერთი თვით ოჯახს მოწყდნენ ანაზღაურების გარეშე.
მაგრამ თავდაპირველად სარეზერვო შეკრებისადმი ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ასეთი კრიტიკული არ ყოფილა. მაგალითად, რამდენიმე კაცს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან სურვილი ჰქონდა გაწევრიანებულიყო რეზერვისტთა ბატალიონში, მაგრამ ხელისუფლებამ მათი ეს წინადადება არ დააკმაყოფილა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG