Accessibility links

logo-print

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პატიმრობაში რჩება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 ოქტომბერს თბილისობასთან დაკავშირებით ქუჩებში დილიდან ხალხმრავლობა იყო. თუმცა უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილ ადამიანებს

თბილისობის დღესასწაულთან საერთო არაფერი ჰქონდათ - ისინი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდნენ. მაგრამ გაირკვა, რომ საქართველოს ყველაზე „ცნობილი“ პატიმრისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს შუაღამისას ციხის სასამართლოში მხოლოდ პროკურორის თანდასწრებით მიეღო.


[ვახტანგ კომახიძის ხმა] „ღამის პირველ საათზე პროცესის დანიშვნა სრულიად გაუმართლებელი იყო, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ ეს გადაწყვეტილება გამოეტანათ წინა დღეს - გუშინ, დღის განმავლობაში, როცა პროცესი ჩატარდა ჩვეულბრივად და მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანა იყო დარჩენილი. რატომ მოხდა - ამის აუცილებლობა არ ჩანს, რომ ღამის პირველ საათზე ციხეში მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნება.“(სტილი დაცულია)
ეს გახლდათ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ვახტანგ კომახიძე, რომლის ცნობითაც, ომბუდსმენის ოფისი იკვლევს, რატომ გამოაქვეყნა მოსამართლემ სულხან მოლაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილება ციხის საავადმყოფოში მხოლოდ პროკურორის თანდასწრებით, სულხან მოლაშვილისა და მისი ადვოკატების გარეშე. თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, რატომ მოხდა ეს 23 ოქტომბრის ღამის 1 საათზე და არა 23 ოქტომბრის 13 საათზე, - სწორედ ამ დროისთვის გადაიტანა წინა დღეს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის გამოქვეყნება, - ნათელია: 23 ოქტომბრის ღამის 2 საათზე სულხან მოლაშვილის წინასწარი 6 თვიანი პატიმრობის ვადა იწურებოდა. შესაბამისად, 23 ოქტომბრის ღამის 2 საათის შემდეგ სულხან მოლაშვილი უკანონო პატიმრად ჩაითვლებოდა.
დღეს სულხან მოლაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. ნანა კაკაბაძე,ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარია:
[ნანა კაკაბაძის ხმა] „პოლიტპატიმრობა - ეს ერთი ფაქტორია და მეორე - ის, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით არის ნაწამები. მის მიმართ დარღვეულია ნებისმიერი იურიდიული ნორმა, რაც კი პატიმრის უფლებებს იცავს.“
აქვე შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის წინასწარი დაკავების ადგილებში წამების ფაქტი 4-მა ექსპერტიზამ დაადასტურა. ამ საქმის გამოძიება მხოლოდ იმ ექიმის დაკავებით დასრულდა, ვინც თავის დროზე არ განაცხადა, რომ პატიმარი ნაწამები იყო.
უზენაესი სასამართლოს მიერ შუაღამისას ციხეში გამართული პროცესით აღშფოთებული და დაბნეულია ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:
[ელენე თევდორაძის ხმა] „ მე იმდენად დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი, რა გავაკეთო. მე თვითონ ვერ ჩამოვყალიბდი.“
სულხან მოლაშვილის ადვოკატები კი არ გამორიცხავენ, რომ პატიმრობაში დამატებით ერთი თვით და 10 დღით დატოვებული პატიმრის წინააღმდეგ სხვადასხვა აკრძალული მეთოდი იყოს გამოყენებული - ყველაზე მძიმე რეჟიმის საპყრობილეში ეტაპირებით დაწყებული, პატიმარზე ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ლიკვიდაციის მცდელობით დამთავრებული.
XS
SM
MD
LG