Accessibility links

logo-print

სოციალური ცვლილების სხვა სახე: სნობიზმი და კულტურული პოლიტიკა


დღეს უკვე, ალბათ, აღარავინ დავობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში, პოლიტიკური ცვლილებების გარდა,

სოციო-კულტურული ტრანსფორმაციებიც ინტენსიურად ხორციელდება. მას შემდეგ, რაც ‘ქართველობის’ კულტურულ სტერეოტიპს უძველესი ევროპელობის სახით ახალი კომპონენტი შეემატა, ცვლილება მთავრობის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეულ სიმბოლურ და კულტურულ ღონისძიებებსაც დაეტყო. ყოველკვირეულ რუბრიკაში ‘სხვა სახე’ დღეს სწორედ ამ ცვლილებების შესახებ შემოგთავაზებთ სიუჟეტს და არსებული სიტუაციის გაანალიზებას სოციოლოგიური პერსპექტივების მეშვეობით შევეცდებით.

რამდენიმე კვირაში “ვარდების რევოლუციას” ერთი წელი უსრულდება. ეს, ალბათ, არც ისეთი დიდი დროა იმისათვის, რომ ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ შეკითხვებს ერთმნიშვნელოვანი და ამომწურავი პასუხები გაეცეს. მაგრამ, მეორე მხრივ, გარკვეულ ტენდენციებზე სასაუბროდ და ვარაუდების გამოსათქმელად ერთი წელი საკმარისი პერიოდია და, შესაძლოა, არცთუ ძალიან ხშირად, მაგრამ დღევანდელ პერიოდიკაში მაინც მიმდინარეობს განხილვები სხვადასხვა თემების შესახებ – იქნება ეს მედიის მდგომარეობა, სასამართლო სისტემის ფუნქციონირება, დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართება, ადგილობრივი თვითმმართველობა თუ, ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების არცთუ ძალიან სწრაფი ტემპი.

ჩემი დღევანდელი სიუჟეტის თემას ეს კონკრეტული საკითხები არ წარმოადგენს. ეს სიუჟეტი საქართველოში მომხდარი ცვლილებების სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობებს ეხება. მინდოდა გამერკვია, რა ტიპის ცვლილებად მოიაზრებენ და როგორ კლასიფიკაციას აძლევენ პოსტრევოლუციურ ტრანსფორმაციებს საზოგადოების მკვლევარები. ამ თემებზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგეს, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იაგო კაჭკაჭიშვილს მივმართე და, პირველ რიგში, სოციალური ცვლილებისა და პროგრესის ცნებების ურთიერთმიმართებაზე ვთხოვე ზოგადი კომენტარი:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] “სოციალური ცვლილება არ არის აუცილებლად პროგრესის პირობა და მანიშნებელი; რა ტიპის სოციალური ცვლილება შეიძლება ჩაითვალოს, ამავე დროს, სოციალურ პროგრესად? ძალიან ფართო აზრით თუ ვიტყვით, ის სოციალური ცვლილება, რომელსაც სოციალური კეთილდღეობა მოაქვს, ანუ, ასე ვთქვათ, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, იქნება პროგრესული. და კიდევ მეორე კრიტერიუმია, უფრო ვიწრო და იდეოლოგიური კრიტერიუმი – მაშინ, როდესაც სოციალური ცვლილება ღია საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს, გარკვეული იდეოლოგიური... მოდი, ასე ვთქვათ – დასავლური იდეოლოგიური ჩარჩოების მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს პროგრესულად.” (სტილი დაცულია)


თუ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ მოყვანილ სოციალური ცვლილების პროგრესულობის განმსაზღვრელ ჩარჩოებს რევოლუციის შემდგომი საქართველოს სიტუაციას შევუფარდებთ, გამოდის, რომ ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი არ შეიძლება. ხელისუფლების ცვლილებას მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობი გაუმჯობესება არ მოჰყოლია და, ღია საზოგადოების ღირებულებების მიმართ დეკლარირებული კურსის მიუხედავად, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაც ნელი ტემპით მიმდინარეობს. იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, საქართველოში განხორციელებული სოციალური ცვლილების კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა მდგომარეობს კულტურული ფონის, კონტექსტის და კოლექტიური ცნობიერების გაუთვალისწინებლობაში, რაც, მისი აზრით, განსაკუთრებით მკაფიოდ კულტურული ღონისძიებების ტრანსფორმაციაში გამოიხატება:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] “ავიღოთ ბოლო მოვლენა - თბილისობასთან დაკავშირებით; მოხდა ტრანსფორმაცია ამ მიმართულებით, არა? წელს გადაწყდა, რომ იმისთვის, რომ გავემიჯნოთ წარსულს ამ მიმართულებითაც, კარგი იქნება, თუ გავაცივილურებთ ამ რიტუალს, ანუ თუ მას პროვინციალიზმის თუ პროვინციალობის ელფერს მოვაკლებთ – რაც, ძირითადად, ზედაპირულად იმაში გამოიხატება, რომ ქალაქში არ ჩამოვიყვანთ გლეხებს და მათ არ დავუთმობთ ასპარეზს. სოციოლოგისთვის გაზომვა სოციალური ცვლილების ღირებულების და მისი პროგრესულობის არის თანხვდომა, ადაპტირება საზოგადოებრივ აზრთან. თბილისობასთან მიმართებაში არ მოხდა ასე. მას შემდეგ არავის არ შეუსწავლია საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარიყო შესწავლა, ამას უთუოდ დახვდებოდა უარყოფითი განწყობა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია განხორციელდა ისე, რომ მზაობა ამ ტიპის ტრანსფორმაციისთვის არავის შეუსწავლია.” (სტილი დაცულია)

იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, დღევანდელ საქართველოში ტრადიციული კულტურული კოდების ცივილიზებურად და ევროპულად მიჩნეული კოდებით სწორხაზოვან ჩანაცვლებას სნობიზმის ელფერი დაჰკრავს:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] “იმ შემთხვევაში, როდესაც ან უარყოფს ეროვნულ ღირებულებებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ევროპული არის არაადაპტირებული იგივე კოლექტიურ ცნობიერებასთან, ამ შემთხვევაში ის არის სნობიზმი. სრული სნობიზმი. ეს ორი კრიტერიუმი დღეს, ხშირ შემთხვევაში, არის დამახასიათებელი ევროპელობის იდეის კულტივაციისთვის საქართველოში. ამიტომაც ის ეხვევა სნობიზმის გარსში.”

ეს ტენდენციები, ალბათ, რამდენიმე ასპექტში იწვევენ სოციოლოგებისთვის საინტერესო შედეგებს – იქნება ეს ევროცენტრისტული იდეოლოგიების განვითარება თუ ახალი დისკრიმინაციული მექანიზმების შექმნა თუნდაც დასავლური განათლების არმქონე პირებისა და თბილისობაზე არჩამოყვანილი გლეხების მიმართ. მაგრამ იაგო კაჭკაჭიშვილი მთავარ და კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეს ამ ტენდენციებზე შესაძლო რეაქციაში ხედავს. იგი ფიქრობს, რომ მიმდინარე სოციალური ცვლილებების დროს კულტურული კოდების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება შოვინიზმის და ნაციონალიზმის ახალი ტალღა წარმოშვას – მით უფრო, რომ ქართულ საზოგადოებაში ეროვნული ტრადიციების დაკარგვის საფრთხის თემა უახლეს ისტორიაში არაერთხელ გამხდარა ნაყოფიერი ნიადაგი პოპულისტური გამოსვლებისთვის:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] “რეაქციამ ევროპელობის იდეის ცუდ კულტივაციაზე შეიძლება მიგვიყვანოს მეორე უკიდურესობამდე, რაც არის ნაციონალიზმი, ასევე არაჩვეულებრივად საშიში, და ნაციონალური ფუნდამენტალიზმის საშიში იდეის კულტივირებამდე. ამან შეიძლება დაბადოს ის, რასაც სოციოლოგიაში ჰქვია ამბოხი. რეაქციული ამბოხი, რასაკვირველია.”

ალბათ, შესაძლებელია ვთქვათ, რომ სოციალური ცვლილებების დროს კულტურული კონტექსტის გათვალისწინება და სიახლეების მეტ-ნაკლებად ორგანულად დანერგვა ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ცალკეული სტრუქტურული ან ინსტიტუციური რეფორმის გატარება. მაგრამ სიახლეების კოლექტიურ ცნობიერებასთან ადაპტაცია წარმატების აუცილებელ პირობად რჩება. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი იდეა და ინიციატივა განყენებულ, ბუნდოვან და ახალი იერარქიებით დატვირთულ ცნებებად იქცეს – ისეთივედ, როგორადაც, იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, განახლებული თბილისობის იდეა იქცა.
XS
SM
MD
LG