Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შიდსი – უცხოელების დაავადება”


გასულ კვირას ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლებელია, ბაკურიანში წლევანდელი საკურორტო სეზონი ჩაშალოს; აქაური მოსახლეობის მტკიცებით,

კურორტზე შიდსის ვირუსის კატასტროფული გავრცელება აღინიშნება. შიდსის გამავრცელებლები – უცხოელები არიან. გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ბაკურიანის გამგებელთან. ვალიკო აბრამიშვილი ინფორმაციას, თითქოს ბორჯომის ხეობაში შიდსი შავკანიანებმა გაავრცელეს, “ჭორს” უწოდებს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც შიდსის ცენტრში, თუმცა არ უარყოფენ, რომ საქართველოში შიდსის ვირუსის გავრცელება მატულობს. მაშ რატომ დაბრალდა ყველაფერი უცხოელებს, თანაც შავკანიანებს, თანაც იმ რეგიონში, სადაც ნავთობსადენმა უნდა გაიაროს?

საქართველოში დღეს შიდსის ვირუსის 600-მდე შემთხვევაა აღრიცხული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მატულობს. თუმცა არავინ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ბაკურიანში ან, საერთოდ, ბორჯომის ხეობაში, დღეს შიდსის ეპიდემია აღინიშნებოდეს... არავინ, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, რომელიც, ერთი მხრივ, საკურორტო სეზონისთვის ემზადება, მეორე მხრივ, კი, ხშირად ეჭვის თვალით შესცქერის უცხოელების მომრავლებას რეგიონში. უცხოს შიში, ზოგადად, ადამიანის პრობლემაა და, ცხადია, მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ ახასიათებს, მაგრამ როცა “უცხო” და “უცხოელი” რაღაც საშიში, მომაკვდინებელი სენის გამავრცელებლად აღიქმება, ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე პარანოიის სახეს იღებს... სოციალურ პარანოიას კი ქვეყნის განვითარება შეუძლია შეაფერხოს.

[თორნიკე გორდაძის ხმა] “ადამიანმა ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში თავი უნდა იგრძნოს უცხოდ, რომ თავისი თავის დეცენტრალიზაცია მოახდინოს... ადამიანმა თუ არ შეძლო “ეთნოცენტრიზმის” უარყოფა, იგი ყოველთვის დარჩება ჩაკეტილი, ორღობეში გამოკეტილი და ყოველთვის ექნება უცხოს შიში.”

ეს იყო პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძის ინტერვიუ, რომელიც რადიო “თავისუფლებამ” 5 წლის წინ ჩაიწერა. პარიზში მცხოვრები ჩვენი თანამედროვე აღნიშნავდა, რომ უცხოსა და უცხოელის შიშს საზოგადოება მხოლოდ მაშინ დაძლევს, როცა უკეთ გაიცნობს განსხვავებული კულტურის ადამიანებს... მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს “პირველყოფილი რუდიმენტი” ისევ თავს იჩენს... სწორედ ასე, “პირველყოფილი რუდიმენტი”, უწოდა ქსენოფობიას ფსიქოლოგომა რუსუდან ფხაკაძემ:

[რუსუდან ფხაკაძის ხმა]“რაც არ ვიცით, რაც ასიმილირებას არ განიცდის, ის ყველაფერი საშიშია. ეს პირველყოფილი ფსიქიკური მოვლენების აღქმის გადმონაშთია, როდესაც არ ესმოდათ პირველყოფილ ადამიანებს, რატომ იყო ჭექა-ქუხილი... რომ ის ღვთაება გაბრაზდა ან ეს – ეს კულტურული რუდიმენტია, როცა მხოლოდ უცხოელი ითვლება... რა შუაშია უცხოელი, როცა შეიძლება მხოლოდ ამ მოვლენაზე და ამ ფაქტზე საუბარი, რომ თვითონ ეს არის საშიში, თორემ მისი გამავრცელებელი “ჩვენიანი” იქნება თუ უცხოელი, დაკავშირებულია სიმართლის ხარისხთანაც.” (სტილი დაცულია)

ისეთ მოვლენაზე საუბარი, როგორიც შიდსია, საქართველოში დღეს არ დაწყებულა. ქვეყანაში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს შიდსის პრობლემაზე, დამტკიცებულია “გლობალ-ფონდის” მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროგრამაც... ერთი შეხედვით, მოსახლეობამ უკვე კარგად იცის, რა გზითაა შესაძლებელი შიდსის ვირუსის გავრცელება... მიუხედავად ამისა, შიდსის ვირუსის ყოველ ახალ გამოვლენას, როგორც წესი, პანიკა ახლავს ხოლმე. განსაკუთრებით რეგიონებში... შესაბამისად, ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება თავის ჯანმრთელობაში, ექიმთან კონსულტაციაზე უარს უამბობს. რუსუდან ფხაკაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აკვიატებული აზრი და უცხოს შიში ზოგადადამიანური პრობლემაა, დასავლური საზოგადოება კარგა ხანია ცდილობს დაძლიოს ეს სტიგმა - დაძლიოს ამ პრობლემაზე ლაპარაკით მაინც:

[რუსუდან ფხაკაძის ხმა] “უცხოელები ბევრად უფრო გახსნილად გამოხატავენ იმას, თუ რაიმე ბიოლოგიურად საშიში სჭირთ... ჩვენ კი უფრო, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, უფრო დაფარვა, დამალვა და ა.შ გვიყვარს... ისინი ილაპარაკებენ, მათთვის აუცილებელიც არის ამის დემონსტრაცია: თუ მე მჭირს, უნდა იცოდე. ჩვენთან შეიძლება ბავშვს, ელემენტარულად, ტილები ჰყავდეს, მაგრამ რომ თქვა, არ მიეკაროთ ჩემს შვილს, არ გადაგედოთო, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება.”(სტილი დაცულია)

საეჭვოა, რატომ გავრცელდა ჭორი შიდსის ვირუსის ეპიდემიაზე მაინცდამაინც იქ, სადაც ნავთობსადენმა უნდა გაიაროს. თუმცა იმან, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცის ქართული მენტალიტეტი და, საერთოდ, ადამიანის ბუნება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG