Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრის ნათესავების გამტაცებლები ფალუჯის ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვენ


ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ფალუჯაში და ამჟამად ქალაქის 70 პროცენტს აკონტროლებენ.

გეგმის მიხედვით, ბრძოლა მეამბოხეებთან ფალუჯის დარჩენილ ნაწილში ორ დღეში უნდა დასრულდეს.

მაგრამ ამასობაში მოხდა ისეთი რამ, რომ ერაყში თითქმის მთლიანად ფალუჯის ოპერაციისაკენ მიმართული ყურადღება, ნაწილობრივ მაინც, სხვა პრობლემაზე გადავიდა: 24 საათიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ ფალუჯაზე მსხვილმასშტაბიანი იერიშის დაწყების განკარგულება გასცა, როცა ბაღდადში მისი სამი ნათესავი გაიტაცეს - ბიძაშვილი, ბიძაშვილის ცოლი და მისივე რძალი.

გატაცების პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ჯგუფმა ანსარ ჯიჰადმა იკისრა და მძევლების დახოცვით დაიმუქრა, თუ ფალუჯაში სამხედრო ოპერაციები არ შეწყდება და არ გაათავისუფლებენ იქ შეპყრობილი მეამბოხეებს. იად ალაუის თანაპარტიელის, მუნა ალის განცხადებით, საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯს: [მუნა ალის ხმა] “ეს არის აშკარად პოლიტიკური ზეწოლა - ერთი მხრივ, ფალუჯაში ოპერაციების შეჩერების მცდელობა, თან არჩევნებისადმი წინააღმდეგობის გამოხატულება. ვფიქრობ, ტერორისტების მოთხოვნის შესრულება პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა და არა მგონია, ეს მოხდეს”.

მუნა ანლიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ სამი მძევლიდან არც ერთი არ ასრულებს რაიმე პოლიტიკურ როლს - მათი ერთადერთი “დანაშაული” პრემიერ მინისტრ ალაუისთან ნათესაური კავშირია. [მუნა ალის ხმა] “რაც შეეხება ვითარებას უსაფრთხოების მხრივ, ის მძიმეა (კარგად დაცული) “მწვანე ზონის” ფარგლებს გარეთ. მაგრამ ბატონ იად ალაუისა და სხვა ერაყელ ოფიციალურ პირებს იცავენ ერაყში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები. არა მგონია, შესაძლებელი იყოს ალაუის ყველა ნათესავის დაცვა”.

ამასობაში, ფალუჯისთვის ბრძოლა გრძელდება [ბრძოლის ხმაური]. ოთხშაბათს, ნაშუადღევს, ყველაზე მწვავე შეტაკებები, როგორც იუწყებიან ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უბნებში მიმდინარეობდა. მიმომხილველების შეფასებით, მეამბოხეების ნაწილი სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ცდილობს ქალაქიდან გაქცევას. როგორც ვარაუდობენ, ამერიკელ და ერაყელ ჯარსიკაცებს ამჟამად 3ი ათასამდე მეამბოხე ებრძვის და ეს ბრძოლა, ამერიკელი სარდლების შეფასებით, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG