Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზო ესაძის იუბილე


“ამ საზოგადოებას არაფერი აერთიანებს – არც რწმენა,

არც ზნეობა, არც იდეალი, არც სიყვარული, არც მრწამსი, არც მიზანი” – წერდა აკაკი ბაქრაძე ქართველი კინორეჟისორის რეზო ესაძის ფილმის, “ნეილონის ნაძვის ხის”, გმირების შესახებ... წერდა ჯერ კიდევ 1985 წელს, ესაძის სურათის პრემიერის შემდეგ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა ქვეყანაში მოვლენები... ფილმის ავტორმაც არ იცოდა, მაგრამ “გული უგრძნობდა”... იგი ხომ ყოველთვის “გულით ცხოვრობდა” – იღებდა ფილმებს, ხატავდა, ლექსებს წერდა.

რეზო ესაძეს 70 წლის იუბილეს ულოცავენ. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” რეზო ესაძის ნაკლებად პოპულარულ ფილმს გავიხსენებ. სურათი “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” პირველად 1982 წელს უჩვენეს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიით.

რეზო ინანიშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულ ამ ფილმს, რომელიც ცენტრალური ტელევიზიის, ე.ი. მოსკოვის, დაკვეთით შეიქმნა, რეკლამა საერთოდ არ ჰქონია, მაყურებლის დიდ ნაწილს “წისქვილი” არ უნახავს – არც მაშინ და არც დღეს. რეზო ესაძის შემოქმედება სანახაობრიობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ესაძის სხვა ნამუშევრები – “წკიპურტები”, “ერთი ნახვით შეყვარება”, “ნეილონის ნაძვის ხე” – “წისქვილთან” შედარებით, ჰოლივუდის ბლოგბასტერებია. ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით გადაღებულ სურათში ქართველი კინორეჟისორი ხულიგანივით მოიქცა – თითქოს ქალაქის გარეუბანში, წისქვილთან “დააყენა” კამერა, თვითონ კი იქვე მიიმალა. კამერამ აღბეჭდა ყველაფერი, რაც კადრში მოხვდა – ყოველგვარ წესრიგს მოკლებული სიტუაცია, შეიძლება ითქვას, “ანტისიუჟეტი” თუ “ანტიამბავი”. ავტორი აღარ აწესრიგებდა მოქმედებას, ეკრანს მთლიანად “ეს წამი”, “ეს მომენტი” იკავებდა; წისქვილის გაღების მოლოდინში შეგროვილი ადამიანები ნელ-ნელა შედიან ერთმანეთთან კონტაქტში – მათი სახეებით, მათი ახლო ხედებით რეზო ესაძე თითქოს “კრიმანჭულს” ქმნის – პარადოქსული მუსიკალური ინტონაციებით, მოძრაობისა და ხაზის მოულოდნელი განვითარებით, ისე, როგორც რეზო ესაძის ნახატებში (ხელოვნებათმცოდნეები ეიზენშტეინის ნახატებს რომ ამსგავსებენ), ისე, როგორც რეზო ესაძის პოეზიაში.

“უმაღლეს საფეხურზეა სწორედ ის პოეტი, რომელიც დუმს, – წერდა ანდრე ბაზენი მალარმეს “სუფთა ფურცელსა” და რემბოს დუმილზე, მერე კი ასკვნიდა, კინემატოგრაფი ჯერ კიდევ გამოთქმაზეა დამოკიდებული, მას მინიშნებების გარეშე არსებობა არ შეუძლიაო.

მაგრამ ეს სტროფები 50-იან წლებშია დაწერილი. მას შემდეგ მსოფლიო კინოში ბევრი რამ შეიცვალა... ზოგიერთმა რეჟისორმა შეძლო ამ ეგრეთ წოდებული “სუფთა კინოს” შექმნა, ე.ი. სურათის სტრუქტურა ააგო არა სიუჟეტზე, არა ავტორის პოზიციაზე, არა "სოციოლოგიურ პრობლემატიკასა” თუ პერსონაჟების ხასიათებზე, არამედ მხატვრულ სახეებზე. ეს ყველაფერი რაღაცით ჰგავს თანამედროვე მუსიკაში ახალი კონსტრუქციების ძიებას, განსხვავებულ ტონალობათა აქტიურ ურთიერთშეღწევას, რიტმის, ინტერვალების სახეცვლილებას. თანამედროვე მუსიკის ასოციაცია რეზო ესაძის ფილმის პირველივე კადრებში იქმნება. ამიტომაცაა ესოდენ რთული მისი მოყოლა (ისევე როგორც მუსიკის მოყოლა, საერთოდ). “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” მაყურებლისგან მოითხოვს მუსიკალურ აღქმას, ფილმის მიმართ რაციონალურ დამოკიდებულებაზე უარის თქმას, აზრის განთავისუფლებას ეკრანული ნაკადისთვის. როგორც რეზო ესაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[რეზო ესაძის ხმა] “ხელოვნებაში არსებობს ერთი ენა –გულის ენა, რა ენითაც არ უნდა ლაპარაკობდეს ხელოვანი...სიტყვიერ ფილმს მე სიტყვის ენით არ აღვიქვამ, აღვიქვამ გულის ენით. ჟესტის ენაც დადის საერთო ესპერანტომდე, რომელსაც გულის ენა ჰქვია.”

პოეზიის, მხატვრობისა და კინოს გარდა, რეზო ესაძეს კიდევ ერთი გატაცება აქვს – ფიზიკა. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სანამ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარებდა და მიხეილ რომის სახელოსნოში ისწავლიდა, რეზო ესაძე უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კათედრის მასწავლებელი იყო, ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში... “ამ” თუ “მიღმა” სამყაროზე დაკვირვება მან დაიწყო როგორც ფიზიკოსმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა კინოში. თუმცა სინამდვილისა და რეალობის მიღმა სამყაროს შესწავლამ იგი უჩვეულო დასკვნამდე მიიყვანა:

[რეზო ესაძის ხმა] “მე თვითონ არ ვიცი რას ნიშნავს რეალობა და რას ნიშნავს სიზმარი და ცხადი.”

ასეა ფილმში “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” – რეჟისორმა თითქოს ეულად დატოვა ლევან პაატაშვილის კამერა, მაგრამ შექმნა ეგრეთ წოდებული “პირდაპირი კინოს” ანტიპოდი, რომელშიც ნატურალობა თანდათან გადადის ანტინატურალობაში, რეალობა - სხვა რეალობაში; ეკრანზე იქმნება გაუცხოებული მხატვრული სახე, რომელიც რეალურია, რამდენადაც არსებობს და, ამასთან, არარეალურია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს. ეს ისეთივე პარადოქსია, როგორც თავიდან ერთმანეთისგან გარიყული, გაუცხოებული ხალხის, წისქვილის სტუმრების, გაერთიანება – ისინი ხომ სულ სხვადასხვანაირნი არიან, მაგრამ არც ერთი მათგანი საერთო ენის ძიებით არ იღლება, რადგან საერთო ენა, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, უკვე არსებობს. როგორც თავად რეზო ესაძე აღნიშნავს:


[რეზო ესაძის ხმა] “ქართული ფილმი, საერთოდ, ქართული იმპულსი... მახსენდება მამარდაშვილის დამოკიდებულება ქართული სიხარულისადმი, ქართული სიხალისისადმი... მასო, ქართულ სიხალისესო, არა აქვსო თითქოს საფუძველიო, თითქოს კანონიერიც არ არისო, მაგრამ ის არსებობსო და არსებობს იმიტომ, რომ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არის მიმართულიო. ეს აუხსნელი სიხარულია ქართულ გენში. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს “ზეგენია”... ამ აუხსნელ სიჯანსაღეს ვხედავ მე ქართულ ხელოვნებაში, ქართულ კინოში.... მე იმაზე არ ვლაპარაკობ ახლა, რა დღეშია ქართველი კაცი... ეს ქართველი კაცის ბრალი არ არის.”

რეზო ესაძე დარწმუნებულია, რომ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის “ქართველი კაცის” ბრალი. არსებითად ამის შესახებ მან უკვე გადაიღო კიდეც ფილმი, რომელსაც “ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა” დაარქვა. თითქმის ათი წელი იღებდა ესაძე ამ სურათს და მხოლოდ შარშან მოახერხა მისი დამთავრება. არსებითად აქ განმეორდა - მაგრამ გაცილებით უფრო ექსპრესიულად, უფრო დრამატულად - ის, რაც წარმოჩნდა ფილმში “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”: ავტორი დუმს. მან არ იცის “ვისი ბრალია” ქართველი კაცი რომ ასეთ დღეშია, მაგრამ ამ დუმილში იკითხება მაყურებელთან დიალოგისა და კონტაქტის გასაოცარი სურვილი. ფილმში “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” არის უცნაური კადრი – ბავშვები ეკრანიდან სარკეს ეთამაშებიან და მასზე არეკლილი მზის სხივებით მაყურებლის თვალის მოჭრას ცდილობენ. ამ მოულოდნელ კინემატოგრაფიულ ხულიგნობაში კარგად გამოჩნდა რეზო ესაძის მხატვრული ხედვა, რომელიც, ქართული ბუნების კონტრასტულობისა და “მრავალხმიანობის” გამო, თავადაა აგებული წინააღმდეგობებზე, პარადოქსებზე და შეუძლებელია გაიგო, როგორი იქნება ხვალ, რას შემოგვთავაზებს, როგორ შეიცვლება. თავად რეჟისორის თქმით:


[რეზო ესაძის ხმა] “მე უფრო მეტად არ ვიცი ჩემი თავი, ვიდრე ჩემზე როცა ლაპარაკობენ. როცა მეუბნებიან: ეს “ასე”, “ასე”, “ასე”... ჩამოკიდებენ ხოლმე რეცეპტებს, დააწყობენ. მე ვუსმენ და არ ვიცი, რა ვქნა, თავი დავუქნიო თუ შევეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ეს ვერ წარმომიდგენია. ერთმანეთში გადადის.”

მას, მართლაც, ვერ წარმოუდგენია დანაწევრებული, დაქუცმაცებული სამყარო. თავისი ყველაზე პესიმისტური ფილმისთვის "ნეილონის ნაძვის ხე” იგი ფანტასტიკურ ფინალს იგონებს – ავტობუსის მგზავრები სიცივეში დაეძებენ მგზავრს, რომელიც ცოტა ხნის წინ გააძევეს. გასამხნევებლად კი “ჩაკრულოს” მღერიან: ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. აკაკი ბაქრაძე “ნეილონის ნაძვის ხის” ფინალს ასეთ კომენტარს უკეთებს:

“მაყურებელს აქვს უფლება იკითხოს: რატომ არ დაუკვნესია – იმიტომ, რომ გაჭირვებას შეეგუა-შეეთვისა... თუ გაჭირვების გაძლება-ატანა შეუძლია? თუ გაძლება-ატანა ძალუძს, მაშინ იმის დაჯერების უფლებაც გვაქვს, რომ ბოროტებას სულ ერთად მოამკევინებენ, რაც მათზე დაუთესია. თორემ თუ ადამიანი ვერ გაუმკლავდება ბოროტებას, მაშინ...”

აკაკი ბაქრაძემ ეს წერილი 1985 წელს დაწერა. ბოლო ფრაზა, უბრალოდ, არ დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ ბოროტება ქვეყანას ისეთი ძალით შეუტევს, რომ საზოგადოება მას ვერ გაუმკლავდება. რეზო ესაძე დაიწყებს ფილმის გადაღებას “ჩამონგრეულ ჭერზე” – 2001 წელს, ფაქტობრივად, დაასრულებს, მაგრამ სათაურს არ შეცვლის: “დაუმთავრებელი ფილმის მასალას” უწოდებს... იგი გულით ხედავს, მაგრამ არ არის წინასწარმეტყველი. იგი ხომ პოეტია მხოლოდ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG