Accessibility links

logo-print

ქართული ბიზნესის იმიჯზე არასამთავრობოები იზრუნებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემა, რომელმაც დასავლეთში კარგა ხანია მოიკიდა ფეხი, საქართველოშიც ორგანიზებულ სახეს იღებს. ამაში ბიზნესსექტორს

არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარებიან, რომლებიც შეეცდებიან დაამსხვრიონ წლების განმავლობაში მთავრობის მიერ შექმნილი ”ბიზნესმენი-კრიმინალის“ სტერეოტიპი, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს მეწარმის, როგორც მატერიალური დოვლათის შემქმნელის, როლი სამოქალაქო კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. რა ფორმით იზრუნებენ არასამთავრობოები ქართული ბიზნესის იმიჯის გაუმჯობესებაზე?

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ახლად ტრანსფორმირებული ”ბიზნესფედერაცია” ქართული ბიზნესის იმიჯის გაუმჯობესებაზე იწყებენ ზრუნვას. ახალი ინიციატივა ”ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა”, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სთავაზობს ბიზნესსექტორს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს, რომელმაც ქართულ სამეწარმეო გარემოში ურთიერთობის ახალი ფორმა უნდა შემოიტანოს:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”ის კომპანია, რომელიც დიდ ინვესტიციას დებს სოციალურ სფეროში, ბაზარზე კონკურენციულ ბრძოლაში მოიპოვებს დიდ უპირატესობას, ანუ სოციალურ სფეროში ინვესტიციები დღეს ხასიათდება მზარდი ტენდენციით. ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ ტენდენციას და საქართველოშიც დავიწყოთ ბიზნესისთვის სოციალური პროექტების შეთავაზება. საქართველოში დღეს ქართული ბიზნესი ფულს ხარჯავს სოციალურ პროექტებში, მაგრამ საზოგადოებისათვის ეს ნაკლებად არის ცნობილი. ამიტომ ჩვენ, არასამთავრობოები, ვთავაზობთ, რომ ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება, რათა ბიზნესის მიერ ჩადებული თანხებიდან უკუგება მაქსიმალური იყოს.”

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი შეეცდება დაამსხვრიოს ის იმიჯი, რომელიც ბიზნესს აქვს შექმნილი. დღეს, ხშირ შემთხვევაში, მეწარმე ასოცირდება სიმდიდრესთან, რომელიც არცთუ კანონიერი გზით არის დაგროვილი, ხოლო საზოგადოება, რიგ შემთხვევებში, მდიდარი ადამიანის მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ მისი სიმდიდრის ნაწილი მას ეკუთვნის. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არამც და არამც არ გულისხმობს ძალდატანებით ვალდებულებას. პირიქით, მეწარმე თანხებს გასცემს სოციალური პროექტებისათვის იმიტომ, რომ ეს სჭირდება საზოგადოებას და, შესაბამისად, მასაც. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საზოგადოებასთან პარტნიორობას, ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით მატერიალურ დოვლათს და ა.შ.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შემთხვევაში მაკოორდინირებელ ფუნქციას შეასრულებენ საზოგადოებასა და ბიზნესს შორის; ამასთან, შემუშავდება სპეციალური სტანდარტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ერთგვარი შეფასებაც:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ” საბოლოო მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ იქმნება სოციალური პროექტების ბირჟა, სადაც ბიზნესსექტორს, არასამთავრობო სექტორს და საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ამ ბირჟაზე წარადგინონ თავიანთი პროექტები. ანუ ბიზნესმა გააკეთოს განაცხადი, თუ მისთვის რა არის პრიორიტეტული; თავის მხრივ კი, არასამთავრობო სექტორმა შესთავაზოს ბიზნესს ესა თუ ის პროექტი - მაგალითად, სოციალური იდეა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ბიზნესს იმ არსებული რესურსებით, რაც დღეს მოეპოვება.”

ამდენად, სტიქიური საქველმოქმედო თუ სოციალური პროექტებიდან ქართული ბიზნესი უკვე ორგანიზებული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროსკენ იღებს ორიენტაციას, რამაც, ზოგადად ქართული ბიზნესის იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებასთან სამეწარმეო სექტორის დაახლოებასა და სოციალური გარემოს ერთობლივ გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG