Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს ხალხი იუბილარ სანდრა რულოვსზე


დღეს პირველი ლედის დაბადების დღეა. უცხოელების მოყვარულ საქართველოში ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს ხალხმა თავიდანვე, ძირითადად, კარგი თვალით შეხედა.

დადებითი შთაბეჭდილება იმანაც განაპირობა, რომ ჰოლანდიელი პირველი რძალი შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას და ხალხთან შეხვედრას არ ერიდება. და მაინც, კონკრეტულად რას ფიქრობენ იუბილარ სანდრა რულოვსზე?

საქართველოს მოქალაქეები ჰოლანდიელ პირველ ლედის, ძირითადად, დადებითად აღიქვამენ:

(მამაკაცის და ქალის ხმები) ”ძალიან ჭკვიან და წინდახედულ ქალად მეჩვენება. მისი როლი საარჩევნო კამპანიაში და “ვარდების რევოლუციის” წარმატებით დაგვირგვინებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, შეიძლება - არა გადამწყვეტი, მაგრამ - ძალიან მნიშვნელოვანი. / სამდრა ორი თვის წინ ჩემთან იყო. მე ვარ რუსუდან ტოზაშვილი, მხატვარი. მე მინდა, რომ ჩემს ერს მუზეუმად დავუტოვო ჩემი ნახატები. ამის გამო იყო და ვისაუბრეთ მე და სანდრამ. სანდრა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, არის უბრალო, ძალიან სადა. ის კი არა, თითქოს ამხანაგი იყო, სამზარეულოდან დამიძახა - ჩაიდანი დუღსო...” (სტილი დაცულია)

ასევე მის უშუალობასა და თავმდაბლობას უსვამს ხაზს სანდრა რულოვსის ამჟამინდელი მეზობელი რუსიკო რატიანი. მოდით, გავარკვიოთ, როგორი მეზობელია საქართველოს პირველი ლედი:

(მეზობლის ხმა) ”შესანიშნავი, გულისხმიერი, ყურადღებიანი და ასე შემდეგ... ყოველთვის კარგად გვესალმება, მოგვიკითხავს ხოლმე.” (სტილი დაცულია)

მართალია, როგორც ქართული მეზობლობის ფარგლებშია დაშვებული, შაქრის ან მწვანილის გამოსართმევად მას არ აწუხებენ და არც სანდრა რულოვსს მიუმართავს როდისმე მეზობლებისთვის ამგვარი თხოვნით, მაგრამ სამეზობლოს კულტურულ ღონისძიებებში ის სიამოვნებით მონაწილეობს:

(მეზობლის ხმა) ”ერთად ვიყავით რამდენიმე ხნის წინ თეატრში. ჩვენ დავპატიჟეთ და წამოგვყვა ძალიან უპრობლემოდ. ჩაის სმა ერთხელ გვქონდა მარტო.” (სტილი დაცულია)

რაზე ისაუბრეს მეზობლებმა ჩაის სმის დროს?

(მეზობლის ხმა) ”ნუ - ხელოვნებაზე, მუსიკაზე... დაინტერესებულა სათითაოდ ყველა ჩვენგანის ოჯახური მდგომარეობით.” (სტილი დაცულია)

იუბილარმა პირველმა ლედიმ ჩვენთან საუბრისგან რატომღაც თავი შეიკავა და შემოგვითვალა: ამ დღეს ჩემს თავზე ლაპარაკი არ მინდაო. სამაგიეროდ, სანდრა რულოვსის შთამბეჭდავი დიასახლისობა პარლამენტარმა ელენე თევდორაძემ გაიხსენა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”მე მათთან ოჯახშიც ვარ ნამყოფი, ორჯერ მიშა სააკაშვილის დაბადების დღეზეც კი ვიყავი და მე ვნახე ქალბატონი სანდრა, აი, ოჯახში - რამდენად მზრუნველი ცოლია, რამდენად მზრუნველი დედაა, რა საინტერესო მაგიდა იყო გაშლილი (იცინის) - მისი მომზადებული, დიახ. ის ყველა როლში იყო. კიდევაც გვართობდა იმით, რომ არაჩვეულებრივად უკრავდა”. (სტილი დაცულია)

დიასახლისობის გარდა, ელენე თევდორაძე სანდრა რულოვსს “ვარდების რევოლუციის” დროინდელ და წინასაარჩევნო აქტიურობასაც ხმამაღლა უფასებს:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”მე ვთვლი, რომ ის არის გმირი ქალი. მან, მოდით ვთქვათ, თავის მეუღლეს ერთი 30 პროცენტი მაინც მოუტანა ხმების (იცინის).” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, პირველი ლედის დახასიათებისგან დღეს კატეგორიულად შეიკავეს თავი პოლიტიკოსმა მამაკაცებმა - იქნებოდნენ ეს ოპოზიციისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG