Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაიშლება თუ არა აფხაზეთში 12 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნები


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯინბას ერთ გუნდში გაერთიანებით მათი მომხრე ბევრი

პოლიტიკური ფიგურა უკმაყოფილო დარჩა. ისინი დაინტერესებულნი არიან 12 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნების ჩაშლითო, განაცხადა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მინდა გესაუბროთ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

მსმენელისთვის კარგადაა ცნობილი, რომ, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულმა სერგეი ბაღაფშმა უარი თქვა ინაუგურაციაზე და არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდა. ამავე შეთანხმების მიხედვით, ბაღაფშის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მისი ყოფილი კონკურენტი რაულ ხაჯინბა ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

2004 წლის მიწურულს, 27 დეკემბერს, სწორედ სპეციალურად მისთვის გამოსცა საკონსტიტუციო კანონი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ.

მის მეხუთე მუხლში პირდაპირ წერია, რომ საკონსტიტუციო კანონი ძალაში შედის იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა სერგეი ბაღაფში, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად რაულ ხაჯინბა.

კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტი ახორციელებს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების სახელმწიფო ორგანოების კოორდინაციას. პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე სახელმწიფო უშიშროებისა და საბაჟო სამსახურების უფროსებს. ვიცე-პრეზიდენტივე განკარგავს პრეზიდენტის სახსრების 40 პროცენტს.

ამ საკონსტიტუციო კანონის ამოქმედება სათუო ხდება, თუ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის სერგეი შამბას პროგნოზი რეალობად იქცა.



სერგეი შამბამ სააგენტო “ინტერპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაღაფშისა და ხაჯინბას გაერთიანება სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერები შერიგდნენ და გაერთიანებით კმაყოფილნი არიან.

"იმის გათვალისწინებით, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 3 ოქტომბრის არჩევნების მონაწილე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მხარდამჭერებიც აპროტესტებენ, არ არის გამორიცხული, 12 იანვრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდეს და არჩევნები ჩაიშალოს," - განუცხადა სერგეი შამბამ სააგენტო “ინტერპრესს”.

მე, არაერთი მცდელობის შემდეგ, სერგეი შამბასთან ტელეფონით დაკავშირება მოვახერხე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მისი სიტყვების დამახინჯებად მიიჩნია ”ინტერპრესის” მიერ გავრცელებული ციტატა:

[სერგეი შამბას ხმა] ”მე დამისვეს კითხვა, შესაძლებელია თუ არა, რომ არჩევნები არ ჩატარდეს. ვუპასუხე, რომ არ არის გამორიცხული, შესაძლებელია, ასეც მოხდეს-მეთქი.
მე ხომ არ შემიძლია წინასწარ ვთქვა, ჩატარდება თუ არ ჩატარდება. მე რომ მეთქვას არ ჩატარდებაო, ასეთი რამ არ ყოფილა. იცით რა, მე უარს ვამბობ ყოველგვარ კომენტარზე, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ისეთი თემაა, რომლის კონტექსტიდან ამოგლეჯა შეიძლება და ჩემი სიტყვები დამახინჯდება. ამიტომ მირჩევნია კომენტარებისგან თავი შევიკავო.”

შამბას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯინბას ყოფილ მომხრეთა შორის ყველაფერი რიგზე არ არის. ამაზე მეტყველებს სერგეი ბაღაფშის განცხადებაც, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. სერგეი ბაღაფში იმუქრება, რომ 3-4 კაცი, რომლებიც 12 იანვრის არჩევნებისთვის ხელის შეშლას შეეცდებიან ან ჩაშლიან მას, პასუხს საკუთარი თავებით აგებენ.
XS
SM
MD
LG