Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პირველი მერცხალი” – 30


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”

დღეს ქართული ფილმის იუბილეს გამოვეხმაურებით: 1975 წლის დასაწყისში საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა ნანა მჭედლიძის ფილმი “პირველი მერცხალი”, რომლის წარმატება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ჩვენში ქართული კინოკომედიის კრიზისზე დაიწყეს ლაპარაკი, “პირველმა მერცხალმა” ტრიუმფით შემოიარა მსოფლიო. სურათი დაჯილდოვდა იმხანად ძალიან ავტორიტეტული თეირანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. “პირველ მერცხალს” დღემდე რთავენ დასავლეთში გამართული ქართული კინოს რეტროსპექტივების პროგრამაში. ნანა მჭედლიძის ფილმი უყვარს ყველა თაობის ქართველ მაყურებელს. მინდა “პირველი მერცხლის” პოპულარობის საიდუმლოზე გესაუბროთ.

70-იან წლებში ჩვენი ინტელიგენცია ყურადღებით ადევნებდა თვალყურს აკაკი ბაქრაძის მოღვაწეობას. ქართველი კრიტიკოსი ეროვნული კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურებოდა და მძაფრ კრიტიკას არ ერიდებოდა. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, აკაკი ბაქრაძეს “ზევიდან” დაკვეთილი სტატია არასდროს დაუწერია. ამიტომ ხალხი მის აზრს ითვალისწინებდა, ხალხს სჯეროდა მისი.

ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით გადაღებული ნანა მჭედლიძის “პირველი მერცხალი” თავდაპირველად ჩვენმა კრიტიკამ გულგრილად მიიღო. ინტელექტუალებმა მჭედლიძის სურათში ქართული კინოკომედიის კრიზისის ნიშნები აღმოაჩინეს – სქემატურობა, კარიკატურულობა, სწორხაზოვნება... ნანა მჭედლიძის ფილმი, შესაძლოა, უკვალოდ გამქრალიყო ეროვნული კინოს ისტორიაში, რომ არა აკაკი ბაქრაძის რეცენზია, სახელწოდებით “პირველი მერცხლის” ალეგორია”, რომლის გამოქვეყნების შემდეგ ნანა მჭედლიძის სურათი ხელახლა გამოვიდა ეკრანებზე, მერე კი ისეთი წარმატება ხვდა, რომ მსოფლიო ეკრანებზეც მოხვდა: ირანში, თეირანის კინოფესტივალზე, რომელიც ირანის შაჰის პატრონაჟით ტარდებოდა, მჭედლიძე ამ კინოფორუმის მთავარი პრიზით დააჯილდოვეს.

მაინც რა იყო “პირველი მერცხლის” ალეგორია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მხოლოდ აკაკი ბაქრაძის რეცენზიის გამოქვეყნების შემდეგ გაიაზრა? ცხადია, არა მარტო ის, რასაც ბაქრაძე ამ პატარა რეცენზიის დასკვნით აბზაცში წერდა: “ასე იქცევა, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ამბავი ერის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკულ ალეგორიად”. 70-იანი წლების ცენზურა ქართველ კრიტიკოსს არ დაუბეჭდავდა რეცენზიას, რომელშიც “ტრაგიკული ალეგორიის” არსი ბოლომდე იქნებოდა ახსნილი. მაგრამ “პირველი მერცხლის” ხელმეორედ ნახვის შემდეგ მაყურებელი თავად მიხვდა ყველაფერს... მიხვდა, რომ კინორეჟისორ ქალს არ გადაუღია ფილმი საქართველოში - კერძოდ კი, ფოთში - პირველი საფეხბურთო გუნდის შექმნის შესახებ, არც იმ შერეკილებსა თუ რომანტიკოსებზე, რომლებიც პირად კეთილდღეობაზე უარს ამბობენ და მზად არიან თავი გაწირონ “იდეისთვის”... ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმი საქართველოზე, რომელიც განგებამ ჩაკეტილ პროვინციად აქცია, მაგრამ ხალხს ღირსების გრძნობა არ დაუკარგა. ქართველები აქ სულაც არ არიან გაიდიალებულები: სნობობენ – პროვინციაში ცხოვრობენ, მაგრამ “ევროპელებად” მოაქვთ თავი, კაბარეს ხსნიან და ქალებს ფრანგულად ამღერებენ... სნობობენ – კოღოებით სავსე ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ სურთ შექმნან ფეხბურთის გუნდი, რომელიც ევროპულ კლუბებს “დედას უტირებს”; თავიანთი გუნდისთვის ორიგინალურ, განსაკუთრებულ სახელს იგონებენ.

[ფრაგმენტი ფილმიდან]

სნობიზმი “პირველ მერცხალში” ღიმილს ბადებს. სნობიზმი – ერის გადარჩენის პირობა ხდება. შეიძლება ითქვას – ერთადერთი შანსი სუსტი ხალხისათვის. ეკრანზე განუწყვეტლივ ჩნდება ზღვის ნაპირი, რომელზედაც სურათის გმირები მიაბიჯებენ. იქით, ჰორიზონტზე, ცივილიზებული დასავლეთი მოიაზრება. ეს ხალხი დარწმუნებულია, რომ იმ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილია. უფრო მეტიც, ცდილობს “იმათაც” დაუმტკიცოს ეს. მაგრამ “პირველი მერცხალი” სასტიკად მარცხდება ინგლისელებთან მატჩში. ინგლისელები ეროვნულ ჰიმნს მღერიან. დამარცხებულ ქართველებს კი, როგორც აკაკი ბაქრაძე წერს, “არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი”, არადა, “მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენ ერი ხარ”... და “პირველი მერცხალიც” მღერის – არა ჰიმნს... მღერის ხალხურ სიმღერას, რომელიც მოწინააღმდეგეს დამარცხებულ, მაგრამ დიდი კულტურის ხალხს გააცნობს.

[მუსიკა ფილმიდან. ჰიმნი]


არის კიდევ ერთი ნიუანსი “პირველი მერცხლის” ალეგორიაში, რომელიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს თანამედროვე მაყურებელზე, ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მაყურებელზე. ნანა მჭედლიძის ფილმში საკმაოდ დაწვრილებითაა ნაჩვენები ფეხბურთის გუნდის შექმნის პროცესი. იმხანად ეს, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებული სცენები ჩვენ უფრო მეტად ამერიკულ ფილმს, “შესანიშნავ შვიდეულს”, გვაგონებდა. მაგრამ დღეს, ერთი შეხედვით, კუდაბზიკა ქართველების ოცნება, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ გამოცდილ ევროპელ ფეხბურთელებს, სულ სხვანაირად აღიქმება – გუნდის თავი, იასონი, დოდო აბაშიძის შესრულებით, თავისი თანაგუნდელებისგან დისციპლინას და, რაც მთავარია, შრომისმოყვარეობას მოითხოვს; ხალხს აქ არჩევენ არა იმდენად ნიჭის, რამდენადაც მონდომებისა და საქმის სიყვარულის მიხედვით. იმისათვის რომ ხალხისგან გუნდი შედგეს, პროვინციელი შერეკილებისგან - სახელმწიფო, საჭიროა შრომა და იმის განცდა, რომ გამარჯვებას არავინ მოგართმევს... იმისათვის, რომ შენი ჰიმნი გქონდეს, ე.ი. შედგე როგორც გუნდი და როგორც სახელმწიფო, დამცირებაც უნდა აიტანო, შეურაცხყოფაც, ტალახში ამოსვრაც... აიტანო და იშრომო, აიტანო და იბრძოლო. ეს იყო სწორედ “პირველი მერცხლის” ალეგორიის არსი, თავისებური “გზავნილი” ეკრანიდან, რომელსაც საბჭოთა ცენზურამ მაინცდამაინც არ მიაქცია ყურადღება. მოსკოვში მიიჩნიეს, რომ “პირველი მერცხალი” ერთი ჩვეულებრივი ფილმია ქართველ შერეკილებზე, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, აქ მარცხდებიან კიდეც.

[მუსიკა ფილმიდან]

დასავლეთის ქვეყნებში “პირველი მერცხლის” ჩვენებისას მაყურებელს ხშირად გამოუხატავს გაკვირვება: “ნუთუ ამ “კაცური” ფილმის ავტორი ქალბატონია?”. 1988 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში გამართული პრემიერის შემდეგ, ფრანგმა კრიტიკოსმა მარილინ ფელუსმა აღნიშნა, რომ “პირველი მერცხალი” უნიკალური შემთხვევაა კინოს ისტორიაში, როცა კინორეჟისორი ქალი თავისი გმირი მამაკაცებისგან - და იქნებ, საერთოდ, მამაკაცებისგან - პირდაპირ მოითხოვს რაინდულ კეთილშობილებას, მეტ ამბიციას და გამარჯვების რწმენას. ნანა მჭედლიძემ, ამ თვალსაზრისით, არა მარტო დაძლია ბრეჟნევის ეპოქის ქართული კინოკომედის კრიზისი, არამედ დაუპირისპირდა კიდეც იმ დროის ქართულ კინოს – ფილმებს პეპლებზე მონადირე გულუბრყვილო, ინფანტილურ მამაკაცებზე, რომლებმაც ქართველების, როგორც უქნარა ხალხის, სტერეოტიპი დაამკვიდრეს. რეჟისორმა ქალმა თავის ხალხს ალეგორია “შესთავაზა”. ხალხი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩასწვდა ამ ალეგორიის არსს. “პირველი მერცხალი” დღემდე ყველა დროის პოპულარულ ქართულ ფილმად ითვლება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG