Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო - ფედერალური თუ უნიტარული?


დავით პაიჭაძე, თბილისი ცნობილია, რომ ორიოდე დღის წინ საქართველოში დაფუძნდა მოძრაობა “უნიტარული საქართველო”, რომლის წევრები პირველად დაუპირისპირდნენ ღიად საქართველოს ფედერალიზაციის იდეას.

თავისთავად, არც ფედერალიზმის იდეაა ქვეყანაში ისე გავრცელებული და დამუშავებული, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის აქტუალური იყოს მისი დაპირისპირება უნიტარისტულ კონცეფციასთან. შეიძლება ითქვას, “უნიტარული საქართველოს” შექმნით ქვეყანაში იწყება დისკუსია მისი მომავალი მოწყობის შესახებ. თუ უნიტარიზმის თემა დღეს ინტელიგენციამ წამოსწია, მალე ის აუცილებლად გადაინაცვლებს პოლიტიკურ კლასში. მე შევეცადე გამომეკითხა ფედერალიზმისა და უნიტარიზმის მომხრეები ქართველ პოლიტიკოსთა შორის.

ერის სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობა - ასე უწოდებს ახალდაფუძნებული მოძრაობა საქართველოს ფედერალიზაციას. ფედერალიზმის ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დამყარებული, დეცენტრალიზებული და უნიტარული საქართველოა, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს აფხაზეთის ფართო ავტონომიას, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ავტონომიას და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილობრივ თვითმმართველობას. მოძრაობის დამფუძნებელთა ამ იდეებს პოლიტიკური კლასიდან ქართველი კონსერვატორები ეხმიანებიან. საქართველოს პარლამენტის წევრი, კონსერვატორი კახა კუკავა აღნიშნავს:

[კუკავას ხმა] “ძლიერი თვითმმართველობები უნდა შეიქმნას რაიონულ დონეზე. რეგიონში უნდა იყოს სუსტი თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება აფხაზეთს. მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთისთვის შეიძლება გაკეთდეს განსაკუთრებული გამონაკლისი. მაგრამ ფედერალიზაციას - ეს პარტიის პოზიციაა - ჩვენ მხარს არ ვუჭერთ.”

ფედერაცია სხვადასხვა სუბიექტების კავშირს ნიშნავს, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, დასძენს კახა კუკავა. მისი აზრით, აფხაზეთს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი, მაგრამ არ უნდა იყოს ფედერაციის სუბიექტი. მოკლედ, როგორც კუკავა ამბობს, კონსერვატორებისთვის მისაღები ჩანს დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფოს კონცეფცია:

[კუკავას ხმა] “აფხაზეთი, შეიძლება ითქვას, დღეს დკარგულია, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან, რომელიც ვერსად ვერ გაიქცევა. მეორე, აფხაზეთს, დაკარგული რომც არ იყოს, ეკუთვნის სპეციალური სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ერი და, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, თუ დამოუკიდებლობა არა, ავტონომია ძალიან ფართო სტატუსით ეკუთვნის. სამხრეთ ოსეთში კი შეიძლება ლაპარაკი იყოს რეგიონალურ თვითმმართველობაზე და არავითარი ლოგიკა არ ძევს ავტონომიასა და ოსი ერის სუვერენული უფლებების დაფიქსირებაში.”

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პოლიტიკური მოწყობის საკითხისადმი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილს. მისი აზრით, ისტორიკოსების გადასაწყვეტი არ არის, როგორი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: ცოდნა წარსულის შესახებ არ ნიშნავს ცოდნას მომავლის შესახებ.

[ბერძენიშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, საკუთრივ საქართველო უნდა იყოს მოწყობილი ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპით დ აფხაზეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს ფედერალური კავშირი საერთო სახელმწიფოს ფარგლებში. ფედერაციის სუბიექტს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ხარისხის უფლებამოსილებები. მე ასე ვხედავ: საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო არის საქართველოს რესპუბლიკის და აფხაზეთის რესპუბლიკის ფედერაცია და საკუთრივ საქართველოს რესპუბლიკა მოწყობილია ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ რეგიონებს აქვთ სხვადასხვა უფლებამოსილებები, თუმცა ეს უფლებამოსილებები ცენტრიდან არის გაცემული.”

დავით ბერძენიშვილს ის, რასაც დღეს სამხრეთ ოსეთს ვუწოდებთ, არ ესახება ფედერაციის სუბიექტად. მისი აზრით, ის უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ერთ-ერთი, განსაკუთრებული სტატუსის მქონე, მხარე.

მოკლედ, საქართველოს მომავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა თანდათან აქტუალობას იძენს და პოლიტიკოსებიც იწყებენ პოზიციების გამოხატვას. მალე, ალბათ, ხელისუფლებისგანაც უნდა ველოდეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG