Accessibility links

აჭარის ავტონომიური მოდელი არაადეკვატურია

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტის მიერ აჭარის ავტონომიური სტატუსის განმსაზღვრელი კანონის დამტკიცებიდან ნახევარი წლის შემდეგ ევროპის საბჭო

ავტონომიური მოდელის რევიზიას და რეგიონისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას მოითხოვს.

დაწესებულია კონკრეტული ვადაც - 2005 წლის სექტემბერი.
თუ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილება სურს, აჭარის ამჟამინდელი მოდელის სრულყოფაზე მუშაობა შემოდგომამდე უნდა დაასრულოს.

აჭარის გამო საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს ურთიერთობა გასული წლის გაზაფხულზე დაიძაბა. ამ ორგანიზაციის მაღალჩინოსნებზე პრეზიდენტ სააკაშვილის მაშინდელ გამონათქვამებს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე დღის განმავლობაში იმეორებდნენ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, მხარეებმა დაკარგეს დიალოგის უნარიო. გეგონება, აქ ორი მხარე იყოს; გეგონება, აქ აჭარის საზოგადოება არაფერ შუაში არ იყო; გეგონება, ორივე მხარე ერთნაირად დამნაშავე იყო. ეს არის დიდხელფასიანი, უკვე გათავხედებული ბიუროკრატის პოზიცია, რომელსაც არაფერში არ აინტერესებს......შვიმერის თვალწინ დაარბიეს ბათუმის დემონსტრაცია. ადგა, ქუდი დაიხურა და გაფრინდა ბათუმიდან.” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის შარშანდელი კრიტიკის ობიექტი ვალტერ შვიმერი დღეს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აღარ არის. ამ პოსტზე იგი შეცვალა ბრიტანელმა ტერი დევისმა, რომელმაც 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების რეკომენდაცია გაუწია. 6 წლის წინანდელ დოკუმენტში ერთ-ერთ ვალდებულებად წერია, რომ ,,გაწევრიანებიდან 2 წლის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს ავტონომიური ტერიტორიების სტატუსის განმსაზღვრელი და მათთვის ფართო ავტონომიის უზრუნველმყოფელი სამართლებრივი ბაზა.”

ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 5 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა აჭარის ავტონომიური სტატუსის კანონი, რომელიც ევროპელ ექსპერტთა უკმაყოფილების მიზეზად იქცა:

[ოთარ ზოიძის ხმა] "აჭარის სტატუსი აბაშიძემ ვერ აქცია საერთაშორისო განხილვის საგნად. ამ ხელისუფლებამ მოახერხა ეს. აჭარა არ არის არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი, რომ რაღაც საერთაშორისო ორგანოების ყურადღების სფეროში მოქცეულიყო.” (სტილი დაცულია)

ამგვარია პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატის ოთარ ზოიძის კომენტარი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ახალ დასკვნაზე, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია აჭარის ამჟამინდელი ავტონომიური მოდელის არაადეკვატურობაზე.

ოთარ ზოიძე ეთანხმება იმას, რომ აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საბაჟოს, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროთა მართვისა და საგარეო პოლიტიკის წარმოების კომპეტენცია. რესპუბლიკელი დეპუტატი განმარტავს, რომ პრობლემა სხვა რამაა:

[ოთარ ზოიძის ხმა] "ლაპარაკია რეგიონულ თვითმმართველობაზე სხვა სფეროებში - სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ასე შემდეგ, რაც არის რეგიონის კომპეტენცია და იქ ხელისუფლების დაკომპლექტების წესი, არჩევის წესი. ესეც უნდა იყოს რეგიონის გადასაწყვეტი და არა საქართველოს ხელისუფლების კომპეტენცია.” (სტილი დაცულია)

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს აჭარის მინისტრთა და უმაღლესი საბჭოების დაშლისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული აქტების გაუქმების უფლება აქვს. საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის ივლისში დამტკიცებული კანონისადმი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შენიშვნების დიდი ნაწილი ანალოგიურია იმ ალტერნატიული ვარიანტისა, რომელსაც პარლამენტს რესპუბლიკელები სთავაზობდნენ. მათი მოსაზრებები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. ეწევა თუ არა ანალოგიური ბედი ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ოთარ ზოიძეს ამის პროგნოზირება უჭირს:

[ოთარ ზოიძის ხმა] "სააკაშვილმა როცა საჯაროდ მოაწერა ხელი ამ აჭარის სტატუსის შესახებ კანონს, თქვა, რომ ვინც ამას არ ეთანხმება, ის სამშობლოს მოღალატეა. და ახლა, როცა მოუხდება, რომ თვითონ შეცვალოს, თუ საერთაშორისო ზეწოლა იქნება, როგორ აღმოჩნდება სამშობლოს მოღალატე, მაგას სიამოვნებით ვნახავდი.” (სტილი დაცულია)

ევროსაბჭოს ახალ შენიშვნებს ორშაბათს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა სიტყვებით “რაღაც”, “ვიღაც” და “პროვინციელი”:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ასეთი პროვინციული და სასაცილო გნიასი იმის გამო, რომ რაღაც რეკომენდაციები მივიღეთ...... საერთოდ, სამარცხვინოა ეს, რომ ხალხი ვერ მიხვდა, რომ ჩვენ გვაქვს სრული საერთაშორისო მხარდაჭერა. და მეორე, ახლა ვიღაცა გვაძლევს რეკომენდაციებს, - პარლამენტარები სხვადასხვა ორგანიზაციების, - ეს არის კარგი, მაგრამ ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. ასეთივე რეკომენდაციები მთელი ცხოვრება ჰქონდა ბალტიისპირეთს, ჰქონდა თურქეთს, მაგრამ ის ქვეყნები არიან ნორმალური და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი არის ღრმად ჩამორჩენილი პროვინციალი.” (სტილი დაცულია)

თავად საქართველოს არაპროვინციელი პრეზიდენტი სტრასბურგში ანსამბლ ,,ლაშართან” ერთად გაემგზავრება და, როგორც ჩანს, ევროსაბჭოს შენიშვნებს ქართული ხალხური სიმღერით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG