Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სტალინის ახალი ძეგლები დაიდგმება


ამ კვირაში იოსებ სტალინი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავმა, რომელიც წელს აღინიშნება, რუსეთსა და უკრაინაში სტალინის ახალი ძეგლების გახსნის იდეა წარმოშვა.



გამორიცხული არ არის, რომ საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიის მქონე ადამიანებს ანალოგიური იდეა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც გაუჩნდათ, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ჯერჯერობით არაფერია. სტალინის ახალი მონუმენტების მოწინააღმდეგენი ძეგლების გახსნას ათასობით ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებენ.

1938 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ, იოსებ სტალინი ამომრჩევლებს შეხვდა და მათ ღირსეული დეპუტატების, ლენინის მსგავსი მოღვაწეების არჩევისა და შემდეგ მათი საქმიანობის მუდმივი კონტროლის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოწვევისკენ მოუწოდა. სტალინის მიმართვისას დარბაზში ტრადიციულ მქუხარე ტაშთან ერთად სიცილიც ისმოდა, რადგან იმ დღეს ბელადი ხუმრობის ხასიათზე იყო.

[სტალინის ხმა, საუბრობს პოლიტიკურ ობივატელებზე და მათ დასახასიათებლად ხალხში გავრცელებული გამონათქვამები მოჰყავს]

ამ ხმის პატრონი დღესაც ენატრებათ ადამიანებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს სტალინის რეჟიმის სათანადოდ შეფასება ვერც მორალური და ვერც ისტორიული თვალსაზრისით:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს დასკვნა, რომ ისტორიიდან რაღაც უნდა ისწავლო, არის ისეთი ძნელი დასკვნა... თუმცა ძალიან მარტივი ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ იმდენად უჭირს ადამიანს შეგუება იმასთან, რომ რაღაც ახალი უნდა მოხდეს... ეს რაღაც ახალი არის უცნობი. წარსული, თავის სტალინიანად, არის ნაცნობი, ამის შეფასება სრულიად შესაძლებელია. ამიტომ, თუ იტყვის, რომ სტალინი კარგია, მან იცის, რომ ამის მომხრეები არსებობენ და მას ვიღაც დაიცავს. მის გონებას ეზარება ფიქრი, რომ საკუთრივ თვითონ გამოიტანოს დასკვნა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ როგორც კი რუსეთში პრესის როლი შეიზღუდება, მაშინვე გაიზრდება სტალინის როლი და რომ იგივე მოხდება საქართველოშიც. საბედნიეროდ, საქართველოში სტალინის ახალი ძეგლების გახსნის იდეა არ გაჩენილა, რადგან, როგორც ჩანს, უკვე არსებულიც გვყოფნის. რაც შეეხება რუსეთს, იქ ეს თემა ერთგვარი სკანდალის საფუძვლად იქცა. წლევანდელი 9 მაისისთვის მოსკოვში სტალინის ახალი მონუმენტის გახსნის თაობაზე რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვის” პირდაპირი ეთერით გამოსვლისას განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა ტოლკაჩოვმა, რომელმაც საკუთარი სიტყვები იმავე საღამოს უარყო. სამაგიეროდ, არანაირი გაუგებრობა არ მომხდარა ქალაქ ბელგოროდში, სადაც გამარჯვების დღისთვის ადგილობრივი ხელისუფლება საზეიმოდ გახსნის სტალინის ძეგლს. ანალოგიურ გეგმაზე ამჟამად კრასნოიარსკშიც მსჯელობენ. გაზაფხულზე სტალინის ბრინჯაოს მონუმენტი უკრაინაშიც, კერძოდ, იალტაში გაიხსნება. ამ პროექტის ავტორი ზურაბ წერეთელია, დამფინანსებლები კი - რუსი ინვესტორები. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ უკრაინაში, სტალინთან ერთად, იალტის კონფერენციის კიდევ ორი მონაწილის - ჩერჩილისა და რუზველტის -სკულპტურებიც დაიდგმება.
საგულისხმოა, რომ სტალინისთვის ძეგლების დადგმის პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რის შედეგადაც რუსეთის ზოგიერთ ქალაქში რესტავრირებული და ახალი სკულპტურები გაჩნდა.
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ სტალინის ნოსტალგია ძლიერი რუსეთის ნოსტალგიას ნიშნავს, სტალინი და რეპრესია კი რუსეთს თავისთვის არ ენატრება:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,მაგრამ მეზობლისთვის რეპრესია ენატრებათ. მე რომ რუსი ვიყო, მაგი მომენატრებოდა, ალბათ, თუკი სინდისი და ნამუსი არ შემიშლიდა ხელს.” (სტილი დაცულია)

რუსეთში სტალინის ახალი ძეგლების გახსნის იდეამ ადამიანის უფლებების დამცველებისა და დემოკრატების შეშფოთება გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას ხალხის იდეოლოგიური მეხსიერებით მანიპულირებასა და ,,რესტალინიზაციის პროცესის” დაწყებაში ადანაშაულებენ.
,,სტალინის დაბრუნება რას ნიშნავს, არავინ იცის,” - ამბობს ლევან ბერძენიშვილი:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,პუტინისგან სტალინი არ დადგება რამდენიმე მიზეზით. ეს სულ სხვადასხვა ხალხია. რას უნდა დაეყრდნოს დღევანდელი სტალინი რუსეთში, სრულიად გაუგებარია. დემოკრატიის ის ელემენტებიც კი, რომელიც არის რუსეთში, არ არის იოლად ამოწურვადი. კი ბატონო, შეიძლება შეზღუდო პრესა, შეიძლება არ აირჩიო გუბერნატორები, ბევრი შეზღუდვა შეიძლება იყოს, მაგრამ დემოკრატიის ელემენტები მაინც რჩება რუსეთში საკმარისი იმისთვის, რომ არ მოუშვას სტალინი. მე არ ვარ ამ შემთხვევაში ძალიან პესიმისტურად განწყობილი ისეთი უცნაური მოვლენის მიმართაც კი, როგორიცაა რუსული დემოკრატია.” (სტილი დაცულია)

რუსული ან თუნდაც ქართული დემოკრატიისგან განსხვავებულად იქცევიან, მაგალითად, უნგრეთში, რომლის დედაქალაქის საბჭომ იოსებ სტალინს 1947 წელს მინიჭებული ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქის წოდება გასულ გაზაფხულზე ჩამოართვა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG