Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა


დღეს ჩვენ წიგნებზე ვილაპარაკებთ.

ვნახავთ, რა წერია ლაშა ბუღაძის ახალ რომანში “ბოლო ზარი”, რომელი წიგნები იყიდება ყველაზე კარგად ამერიკაში და რას გვიქადის ახალი წიგნი “ჰარი პოტერის” სერიიდან. ბოლოს კი, ხუთ ყველაზე ლიტერატურულ სიმღერასაც მოვისმენთ.

ადრე ძალიან მიყვარდა წიგნები სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა ასეთი ქართული წიგნი ცოტა იყო. ერთი “იყალთოელი ბიჭები” მახსოვს, რომელიც ძალიან კი მომწონდა, მაგრამ ბოლოს რაღაც უაზროდ ცუდად მთავრდებოდა. თან იყალთოში არ ვყოფილვარ არასდროს და იქაური პერსონაჟებიც მაინცდამაინც არ მეცნობოდნენ.

სულ სხვა საქმეა ლაშა ბუღაძის ახალი რომანი ”ბოლო ზარი”, რომლის ყველა პერსონაჟიც ძალიან ნაცნობია, თუ თბილისის სკოლაში სწავლობდი. საერთოდაც, “იყალთოელ ბიჭებს” და “ბოლო ზარს” არც არაფერი აქვთ საერთო იმის გარდა, რომ ორივე სკოლის მოსწავლეებზე მოგვითხრობს.

რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა არ არის წიგნის სერიოზულად განხილვის ადგილი, მაგრამ მაინც მოკლედ მოგიყვებით რა ხდება ამ წიგნში, რომელიც მე ძალიან მომეწონა.

მთავარი გმირია დემური, რომელსაც წიგნების კითხვა და კლასიკური მუსიკა უყვარს, თან თავისი სახელი უტყდება და უნდა რამე უფრო მაგარი ერქვას, ვთქვათ, ბუბა. დემურს კლასელი ნინჩო უყვარს, რომელსაც, თავის მხრივ, ძველი ბიჭი ნადრიკუცა ჩაუვარდა გულში. დემური ცდილობს ნინჩოს გულის მოგებას. ჰოდა, ამიტომაც გადაწყვეტს, რომ ცოტა გაძველბიჭდეს.

წიგნი ძალიან სასაცილოა, განსაკუთრებით - პირველი ნახევარი. მეორე ნახევარშიც არის სასაცილო მომენტები, მაგრამ უფრო გრუზი ხდება. წიგნში განსაკუთრებით კარგად არის დახატული თბილისის პრესტიჟული სკოლის მოწაფეები. მე ყველაზე უფრო მესიმპათიურა ნინჩოს დაქალი ნუციკო, რომელიც ყველაფერზე იბუტებოდა, მერე ტუალეტში იკეტებოდა და თავის თავს ეკამათებოდა.

ძალიან მაგარია აგრეთვე ჯამბული, ქართული რელიგიური როკის მამა, რომელიც დაბალია, მელოტი, ბანჯგვლიანი და მისი ბოლო ჰიტია: არ მოგწონვარ? ბებიაშენისამ.



ჩემი რჩევაა აუცილებლად წაიკითხოთ ეს წიგნი. შეიძლება არ მოგეწონოთ, უნაკლო ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით ბოლო აქვს ცოტა უცნაური, მაგრამ ისეთია, არ მოგაწყენთ და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ეს რაც შეეხებოდა ახალ ქართულ წიგნს. რა ხდება ამ დროს ამერიკაში, რას კითხულობენ ნარკინისფარდალის მიღმა? თუ ყველაზე დიდ და სანდო წიგნის ინტერნეტ–მაღაზია “ამაზონ კომ”–ს დავუჯერებთ, მთელი მსოფლიო, დედიან- ბუდიანად და დიდიან–პატარიანად, ელოდება “ჰარი პოტერის” ახალ - მეექვსე - სერიას, რომელსაც “ჰარი პოტერი და შერეული სისხლის პრინცი” ეწოდება და რომელიც 16 ივლისს გამოვა. ათიათასობით ადამიანმა უკვე იყიდა ეს წიგნი, რათა გამოსვლისთანავე მიიღოს სახლში და წაიკითხოს. “ჰარი პოტერის” მეხუთე წიგნმა წიგნების გაყიდვის ყველა რეკორდი მოხსნა, მისი პირველი ტირაჟის თითქმის 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

თუ წაგიკითხავთ, მეხუთე წიგნის ბოლოს “ჰარი პოტერის” მთავარმა მტერმა, ბოროტმა ლორდმა ვოლდემორტმა, ძალა მოიკრიბა და ომიც გამოუცხადა არაბოროტ ჯადოქრებს. მეექვსე წიგნში, ალბათ, სწორედ ამ ომის ამბები იქნება მოთხრობილი, თუმცა ზუსტად, რა ხდება წიგნში, ავტორის, ჯეი კეი როულინგის, გარდა, არავინ იცის. ერთი ისაა ცნობილი, რომ შერეული სისხლის პრინცი არც ჰარი პოტერია და არც ვოლდემორტი და ის, რომ წიგნის პირველი ნაწილი ავტორს თავში 13 წელიწადს უტრიალებდა. ამდენი ხნის ფიქრის მერე კი, ალბათ, რაღაც ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს.

მაგრამ “ჰარი პოტერი” ჯერ არ გამოსულა და “ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერების სიასაც ჯერ არ უდგას სათავეში. აქ პირველ ადგილზეა ჯონ გრიშემის “ბროკერი”. ეს არის ტრილერი ძალიან მდიდარ ადვოკატზე, რომელსაც სუპერსაიდუმლო საჯაშუშო დანადგარის გაყიდვისას იაღლიში მოუვა და ციხეში ჩაჯდება, რათა იქ უფრო უსაფრთხოდ იყოს. გარეთ მას მოსაკლავად დასდევენ რუსები, ჩინელები, ებრაელები და საუდის არაბები. მერე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო გამოაშვებინებს ციხიდან და იწყება ამ კაცის დევნა. მოკლედ, ეს, ერთი შეხედვით, საინტერესო ჩანს.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ნონფიქშნს, რასაც ამერიკელები ეძახიან ყველაფერს, რაც მხატვრული ლიტერატურა არ რის, აქ პირველ ადგილზეა აზარ ნაფისის წიგნი „ლოლიტას” კითხვა თეირანში“. „ბროკერისგან“ განსხვავებით, ეს წიგნი წამიკითხავს და შემიძლია ვთქვა, მართლა ძალიან საინტერესოა. ეს არის ირანელი უნივერსიტეტის პროფესორის მემუარები, სადაც მოთხრობილია, როგორ იკრიბებოდნენ ირანელი ქალები უჩუმრად, რათა დასავლური ლიტერატურა წაეკითხათ და განეხილათ. უჩუმრად იმიტომ, რომ ეს წიგნები ირანის მთავრობის მიერ აკრძალული იყო და ვინმეს რომ ჩაეშვა, ყველას ცუდი დღე დაადგებოდა.

წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა სკოტ ფიცჯერალდის, ჯეინ ოსტინის, ნაბოკოვის და დეშილ ჰემეტის წიგნების განხილვას ირანელი ქალების თვალით. წიგნის ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია ნაფისის მოგონებები ირანულ რევოლუციაზე, როდესაც რადიკალი ისლამისტი სტუდენტები აჯანყდნენ, პროფესურა გაყარეს და სასწავლო კურსიც შეცვალეს. შემდეგ აღწერილია, როგორ მივიდნენ სტუდენტები ავტორთან და “დიდი გეტსბის” სწავლება დაუწუნეს: ეს ამორალური ნაწარმოებია, რომელიც სატანის სიცრუეებს ავრცელებსო. ამის შემდეგ კლასში იმართება “დიდი გეტსბის” სასამართლო, რომელშიც ადვოკატად მხოლოდ ნაფისი გამოდის. მართალია, წიგნში რადიკალი ისლამისტები არიან აღწერილნი, მაგრამ ისინი ხშირად ნაცნობ ფრაზებს ამბობენ - ისეთებს, რომელიც ხშირად მსმენია ძალიანაც არამაჰმადიანი ქართველი სტუდენტებისგან.

ერთი სიტყვით, “ლოლიტას” კითხვა თეირანში” შთამაგონებელი წიგნია. ზოგს რა შთააგონებს და ზოგს რა. ახლა იმ 5 საუკეთესო სიმღერას მოვუსმინოთ, რომლის დაწერაც ავტორს ლიტერატურულმა ნაწარმოებმა გადააწყვეტინა.

[ტიხარი]

ამ ჩვენს ლიტერატურულ ჩარტში მეხუთე ადგილზეა რაში, სიმღერით “ტომ სოიერი”. არ ვიცი, კერძოდ, “ტომ სოიერის” რომელმა ასპექტმა დააწერინა რაშს ეს სიმღერა. ისე კი, მღერიან: მეამბოხეები ვართ ტომ სოიერივითო.


ჩარტის შედგენისას გამახსენდა, რომ ჰევი მეტალის წარმომადგენელი არც ერთ ხუთეულში არ შემიყვანია. გამოსასწორებლად გადავწყვიტე მეოთხე ადგილას აირონ მეიდენის “ლორდ ოფ ზი ფლაის” - “ბუზების მბრძანებელი” - ჩამესვა, მაგრამ შემდეგ სადღაც ჯგუფის წევრებთან ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც ამბობდნენ, ძალიან მაგარი კინოა “ბუზების მბრძანებელი” და სიმღერაც იმიტომ დავწერეთო. არ წაუკითხავთ გოლდინგის კლასიკა. ამიტომაც მეოთხე ადგილს იკავებს მეტალიკა, სიმღერით “ფორ ჰუმ ზი ბელ თოლლს” - “ვისთვის რეკს ზარი”. კი არ ვიცი, რამ შთააგონა ჰეტფილდი და კომპანია - ჰემინგუეის რომანმა თუ ჯონ დანის ქადაგებამ, მაგრამ, მოდი, ნუ ჩავეძიებით.

მესამე ადგილზე გვყავს პოუგსი, სიმღერით “ფეირი თეილ ოფ ნიუ-იორკ სიტი”. “ნიუ-იორკის ზღაპარი” ირლანდიელი ამერიკელი ავტორის ჯეი პი დონლივის წიგნია. ამბობენ, სასაცილოა და კარგიაო. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ წამიკითხავს, სიმღერა კი ძალიან მაგარია.

მეორეზეა ველვეტ ანდერ გრაუნდის უკვდავი კლასიკა - “ვენის ინ ფურს”. “ვენერა ბეწვეულში” ზახერ მაზოხის წიგნის სახელწოდებაა. წიგნის ავტორმა სახელი უფრო იმით გაითქვა რომ პირველი მაზოხისტი იყო - პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი.

და პირველ ადგილზეა ქიუას “ქილინგ ან არაბ” - “არაბის მკვლელობა”. შთაგონებაა კამიუს “უცხო”, წიგნი, სადაც მთავარი გმირი ჯერ არაბს კლავს უმიზეზოდ, შემდეგ დედა უკვდება და არ განიცდის. ისეთი წიგნია, დეტექტიური სიუჟეტით და ჩახვეული ინტრიგით. ბოლოს ეს გმირი მიფრინავს კოსმოსში, სადაც ურჩხულად გადაიქცევა და კოსმონავტებს დასდევს. მერე დაჭრიან და, სისხლის მაგივრად, მჟავა მოსდის. ბოლოს ერთ ქალს დასდევს, რომელიც მას ხომალდთან ერთად ააფეთქებს და ეგზისტენციალურ სიცარიელეში გაიჭრება. აი, ლიტერატურა ეს არის.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG