Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ნობელის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგესთან, ანა სესილ კიელინგთან


დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა - ჰილარი კლინტონმა და ჯონ

მაკკეინმა - ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. მოგეხსენებათ, ეს პრესტიჟული პრემია ყოველწლიურად რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა. მშვიდობის ნომინაციაში პრემია პირველად 1901 წელს გაიცა და ის წითელი ჯვრის დამაარსებელ ჰენრი დიუნანსა და პაციფისტ ფრედერიკ პასის გადაეცათ. მას შემდეგ პრემიის ლაურეატები იყვნენ: ნელსონ მანდელა, მიხაილ გორბაჩოვი, დედა ტერეზა, მარტინ ლუთერ კინგი, ჯიმი კარტერი და მრავალი სხვა გამორჩეული ფიგურა. დღეს ნობელის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგეს ანა სესილ კიელინგს ოსლოში დავუკავშირდი და მშვიდობის პრემიაზე კანდიდატურების წარდგენისა და შერჩევის წესების შესახებ ვესაუბრე.

ანა სესილ კიელინგს პირველი შეკითხვა პრემიაზე კანდიდატების წარდგენის პროცედურის შესახებ დავუსვი:

-
კანდიდატებს ორი ძირითადი ჯგუფი ასახელებს. პირველ ჯგუფში შედიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. მეორე ჯგუფი შედგება მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტების პროფესორებისგან, რომლებიც განსაზღვრულ სფეროებში მუშაობენ - მაგალითად, ისტორიაში, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში და ასე შემდეგ. არის კიდევ უფრო მცირე ჯგუფები, რომლებიც კანდიდატებს ასახელებენ - მაგალითად, უშუალოდ ნობელის კომიტეტის წევრებს აქვთ კანდიდატურის წარდგენის უფლება. კომიტეტს ექვსი წლის ვადით ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს.

ნობელის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგეს კიდევ კანდიდატების წარდგენის, განხილვის და შერჩევის ვადებზე ვთხოვე კომენტარი:

-
კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა პირველი თებერვალია - მომავალი სამშაბათი. ამის შემდეგ კომიტეტი შეიკრიბება, ყველა მოქმედ ნომინაციას განიხილავს და დაახლოებით ოც კანდიდატს ამოარჩევს, ვის შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღებას მოითხოვს. ეს ოცი ის კანდიდატურები იქნება, რომელთაც, კომიტეტის აზრით, მშვიდობის პრემიის მიღების სხვებზე მეტი შანსი აქვთ. ამის შემდეგ კომიტეტის მრჩევლები ამ ოცი კანდიდატურის ირგვლივ კვლევას ატარებენ და თითოეულ კანდიდატზე ანგარიშს ადგენენ იმისათვის, რომ შემდეგ შეხვედრაზე კომიტეტის წევრები ინფორმირებულები იყვნენ და კანდიდატურების განხილვა უფრო ღრმად შეეძლოთ.


ჩემი შემდეგი შეკითხვა ლაურეატების შერჩევის კრიტერიუმს ეხებოდა:


-
ალფრედ ნობელმა თავის ანდერძში თავად შეადგინა კანდიდატების წარდგენის წესები და შერჩევის კრიტერიუმი. მშვიდობის პრემიისთვის მან სამი ძირითადი ჯგუფი გამოყო: ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის სასარგებლოდ რაიმე გააკეთა, რომელმაც ერებს შორის მეგობრობას და განიარაღებას შეუწყო ხელი და რომელმაც მშვიდობის კონგრესების ორგანიზებასა და ჩატარებაზე იმუშავა. ნობელის კომიტეტმა შემდგომში ანდერძის ინტერპრეტაცია მოახდინა და კრიტერიუმში ისეთი სფეროებიც ჩართო, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული დახმარება და გარემოს დაცვა.

ამის შემდეგ ანა სესილ კიელინგს შევეკითხე, ნობელის მშვიდობის პრემიაზე ყოველწლიურად დაახლოებით რამდენი კანდიდატურა განიხილება:


-
გასულ წელს კანდიდატების ყველაზე მაღალი რიცხვი - 194 -დაფიქსირდა. წელს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი იქნება, ვინაიდან კანდიდატურები ჯერ კიდევ შემოდის. გასულ წელს პრემია კენიელ ქალს, ვანგარი მათაის, გარემოს დაცვის, მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცა.

ინტერვიუს დასასრულს, ნობელის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგეს უშუალოდ იმ სტატუსსზე შევეკითხე, რასაც პირს პრემიაზე წარდგენა ანიჭებს:

-
პრემიაზე წარდგენა პირველ ეტაპზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას თქვენ მშვიდობის პრემიის ღირსად მიაჩნიხართ. უმეტეს შემთხვევებში, პრემიაზე წარდგენილმა პიროვნებებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ვინაიდან, ჩვენი წესების მიხედვით, ჩვენ არ ვაქვეყნებთ წარდგენილი ადამიანების სიას. ამდენად, ოფიციალურად ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს. ცხადია, არის შემთხვევები, როცა ის პიროვნება, ვინც კანდიდატურას წარადგენს, ამის შესახებ ღიად აცხადებს ხოლმე. თუმცა ეს, წესით, არ უნდა გააკეთონ. წესით, არც ამ შემთხვევაში უნდა გამოექვეყნებინათ სენატორებს თავიანთი გადაწყვეტილება. თუმცა ესეც ხშირად ხდება, რომ ნომინაციები ქვეყნდება ხოლმე. ჩვენი პრაქტიკიდან ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ ესა თუ ის პიროვნება პრესას უცხადებს, რომ ვიღაც პრემიაზე წარადგინა, და შემდეგ ჩვენ წარდგენის ოფიციალურ წერილს არ ვიღებთ ან მას არ აქვს წარდგენის განხორციელების უფლება. თუმცა, ცხადია, ეს ამ შემთხვევას არ ეხება - ჰილარი კლინტონს კანდიდატურების წარდგენის სრული უფლება აქვს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG