Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ,,ამბიციური გეგმა” აქვს


5 წლის წინ გაეროს ათასწლეულის სამიტზე მსოფლიოს 147 სახელმწიფოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ,,ათასწლეულის პროექტს,” რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად

ქვეყნებში სიღარიბესთან ბრძოლას და ცხოვრების საერთო დონის გაზრდას. პროექტის მიხედვით, ეს ამოცანა 2015 წლისთვის უნდა შესრულდეს.
ამ დღეებში გაეროს გენერალურ მდივანს წარედგინა მსოფლიოს 265 ექსპერტის მიერ ,,ათასწლეულის პროექტის” ფარგლებში მომზადებული მოხსენება ,,ინვესტირება განვითარებაში.” მისი შინაარსი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელებმა თბილისში საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც გააცნეს.
დღეს მინდა გაეროს პროექტსა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის გეგმებზე მოგითხროთ:

გაეროს გენერალური მდივნის მიერ ,,უმთავრეს ინტელექტუალურ მიღწევად” შეფასებული მოხსენება ,,ინვესტირება განვითარებაში” გლობალურ სიღარიბესთან, შიმშილსა და დაავადებებთან ბრძოლის დეტალურ გეგმას წარმოადგენს. მოხსენების ავტორთა რეკომენდაციები შეეხება განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდას, თავისუფალ ვაჭრობას, მმართველობისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ექსპერტთა პროგნოზით, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, 2015 წლისთვის მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში მინიმუმ მილიარდი ადამიანის ცხოვრების დონე გაიზრდება.
საქართველოსთვის გაეროს ექსპერტებმა რამდენიმე მიმართულება განსაზღვრეს. კერძოდ, კონკრეტული პროგრამების მეშვეობით სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, დევნილების პრობლემებზე ზრუნვა, განათლების სისტემის სრულყოფა, ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება, საშიშ დაავადებებთან ბრძოლა, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის შემცირება და დასაქმებისა და პოლიტიკის სფეროებში გენდერული თანასწორობა.
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ კონკრეტული მუშაობა წელსვე უნდა დაიწყოს, რათა პრობლემები 2015 წლისთვის დაიძლიოს:

[ბენ სლეის ხმა] ,, მრავალი სფერო დადგინდა, სადაც დონორების თანხები კარგად იქნებოდა გამოყენებული. ჩვენ ვმოქმედებთ მონტერეიში 2002 წელს ჩატარებული ფინანსური განვითარების სამიტის გადაწყვეტილებების მიხედვით. ამჟამად ვადგენთ იმ სპეციფიკურ და კონკრეტულ საქმიანობას, რომლის ინვესტირება სწრაფ შედეგებს მოიტანს.”

გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ბენ სლეის ინფორმაციით, ,,ათასწლეულის პროექტის” ფარგლებში საქართველოს დღემდე პირდაპირი დაფინანსება არ მიუღია. გაეროს ექსპერტები სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს იკვლევდნენ, რათა მათივე განცხადებით, მომავალი დაფინანსება მიზანმიმართული იყოს.
სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე განმარტავს, რომ დონორები სწორედ გაეროს ექსპერტთა დასკვნების მიხედვით იმოქმედებენ:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ,,ფიქსირდება რა რეზულტატებს აღწევს ქვეყანა, რა ეტაპზეა და რამდენად ღირს ასეთი ქვეყნის დახმარება. აქედან გამომდინარე, გაეროს ექსპერტები აკეთებენ თავიანთ დასკვნებს და, ბუნებრივია, ამით ხელმძღვანელობენ ყველა იმ განვითარებული სახელმწიფოს მთავრობები, რომლებსაც მიზნადა აქვთ დასახული მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყონ განვითარებას განვითარებადი სახელმწიფოებისა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აქვს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ,,ამბიციური გეგმა,” რომელიც გაეროს ,,ათასწლეულის პროექტის” მიზნებსაც კი სცილდება. გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაწყებული რეფორმების ტემპი და ხელისუფლების მზადყოფნა ქმნის იმის საფუძველს, რომ საქართველოში სიღარიბე გაეროს პროექტით დადგენილ 2015 წლამდე დაიძლიოს. თუმცა ,,ამბიციური გეგმა” მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ,,ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივები. დაგეგმილია, რომ 8 მიმართულებით 2015 წლამდე განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მაგალითზე გაცილებით ადრე უნდა გაკეთდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდისთვის საქართველო ძალიან ახლოს იქნება ევროსტანდარტებთან და შეიძლება უკვე ევროპის კავშირის წევრიც კი ვიყოთ.” (სტილი დაცულია)

სანამ საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად გამოფენილი ევროკავშირის დროშა მხოლოდ ოცნების გამოხატულებაა, ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გააუმჯობესოს და უკიდურესი სიღარიბე დაძლიოს, ანუ, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს და მთავრობაც იმეორებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,საქართველოში მშიერი ადამიანი და ადამიანი, ვინც, უბრალოდ, არის მთლიანად დაუცველი, არ უნდა იყოს.” (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ამგვარი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია და, თუკი ბოლო პერიოდში მომრავლებულ საპროტესტო აქციებს გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო იზრდება. საქართველოს მთავრობა აპირებს ნოემბრიდან აამოქმედოს სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომელსაც ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით დააფინანსებს. დონორთა დახმარების მისაღებად კი აუცილებელია, რომ პროგრამა გაეროს ,,ათასწლეულის პროექტის” მიზნებს შეესაბამებოდეს, იყოს გამჭვირვალე და ყველა სექტორი მოიცვას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG