Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ინციდენტი ზუგდიდისა და გალის რაიონების საზღვარზე


რისთვის დგანან ქართველებსა და აფხაზებს შორის რუსეთის სამშვიდობო ძალები? ეს შეკითხვა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ ზუგდიდისა და გალის რაიონების საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა,

უფრო ზუსტად, ქართველ პოლიციელთა საგუშაგოზე აფხაზთა მხრიდან განხორციელებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმა რუსეთის სამშვიდობო ძალების პოსტების სიახლოვეს მოხდა.

პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა კვირა ღამით მოხდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და გალის რაიონის სოფელ თაგილონს შორის არსებულ საგუშაგოზე მყოფ ქართველ პოლიციელებს კრიმინალებმა ცეცხლი ავტომანქანაში გაუხსნეს. წვიმდა და პოლიციელები მანქანაში ისხდნენ. ერთი მათგანი, ვიტალი დარასელია, ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაჭრა. ისინი - პოლიციის მაიორი ჯემალ ბახტაძე და რიგითი გოჩა ლაგვილავა - მახლობელ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ლაგვილავას მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი ახლობლები ორშაბათს დაჭრილის თბილისში გადმოყვანას მოითხოვდნენ.

პოლიციის საგუშაგოზე თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ვერსიებით საუბრობენ. ეჭვგარეშეა , თავდასხმა გალის რაიონიდან გადმოსულმა კრიმინალურმა ჯგუფმა განახორციელა, მაგრამ ბუნდოვანია, როგორ მოხდა თავდასხმა. პოლიციის საგუშაგოზე თავდასასხმელად გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე კრიმინალებს 70 მეტრ სიღრმეზე უნდა მოეხერხებინათ შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში კრიმინალებს უნდა გამოევლოთ სამშიდობო ძალების პოსტები. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას თქმით:

[ლაშა ბერულავას ხმა] “2 პოსტია სამშვიდობოების, ასე რომ, ამ შეიარაღებულ პირებს ყველა ვარიანტში უნდა გამოევლოთ ეს პოსტები. რუსების პოზიცია კი ცნობილია - შეიარაღებულ ქართველებსაც ატარებენ და აფხაზებსაც. “

რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ასეთი პოზიცია, იოლი მისახვედრია. ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით, რუსეთის სამშვიდობო ძალები წლების მანძილზე აკონტროლებენ და წლების მანძილზე ეს ზონა არის საშიში ზონა ქართველებისთვის. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები არ უშლიან ხელს აფხაზ კრიმინალთა თარეშს გალის რაიონში. ამის დადასტურება იყო იანვრის ინციდენტი, როცა გალის რაიონიდან ლამის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა თვალწინ გატაცებულ იქნა 10-ზე მეტი ქართველი. აფხაზეთში რუსი მშვიდობისმყოფელების ჭეშმარიტ მისიაზე მეტყველებს ქართველ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმაც. ამ ფაქტის გამო უკვე იმართლა თავი სამშვიდობო ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა . ის შეეცადა დაემტკიცებინა, რომ აფხაზი კრიმინალები სამშვიდობოების პოსტებზე ვერ გამოივლიდნენ და რომ, შესაძლოა, თავდასხმა ენგურის გადმოლახვით ან პირდაპირ ენგურის გაღმიდან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, სროლა 70 მეტის სიშორიდან მომხდარიყო.

შამგონასთან მდებარე პოლიციის საგუშაგო ორშაბათს გალის რაიონის ლეგიტიმურმა გამგებელმა მოინახულა. ქართველ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის გამო აფხაზთა მხარესა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს საქართველოს მხარე პასუხს ჭუბურხინჯის შეხვედრაზე მოსთხოვს. შეიძლება მიღწეულ იქნეს შეთანხმება მომხდარის ერთობლივ გამოძიებაზე, თუმცა ასეთი რამ ადრეც მრავალჯერ მომხდარა. ფაქტია, რომ აფხაზეთის პრობლემის მოუგვარებლობას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა.
XS
SM
MD
LG