Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ომის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს შენობა გვირგვინით შეამკეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტს, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, 18 თებერვალს იწყება, პოლიტიკური

მიმომხილველები უკვე წარუმატებლობისთვის განწირულს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ სერგეი ლავროვის უარი პატივი მიაგოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას, თბილისში დიპლომატიური ეთიკის დარღვევად მიიჩნიეს. “არადიპლომატიური და არაეთიკური” - ასეთი შეფასება მისცა რუსი კოლეგის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა. თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, რუსი მინისტრის გადაწყვეტილებას რიგითი თბილისელებიც აპროტესტებენ. მათმა ერთმა ნაწილმა 17 თებერვალს რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა.
[აქციის მონაწილეთა ხმები] “ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიაზე, ღობის იქით არის რუსეთი, ჩვენ არ შემოვდივართ შიგნით…”
[დაცვის ოფიცრის ხმა] “არ შეიძლება, აკრძალულია აქ დგომა…”
რუსი დიპლომატის გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილმა ომის ვეტერანებმა საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს შენობის წინ გამართეს. დეზერტირების ბაზარში 8 ლარად შეძენილი გვირგვინის წყალობით ღონისძიებას ტრაგიკომიკური ელფერი დაჰკრავდა. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობის გვირგვინით შემკობა მაინც მოახერხეს.
[აქციის მონაწილის ხმა] “მოვედით, რომ გვირგვინით შევამკოთ და მივუსამძიმროთ მაგათი დიპლომატიის არასრულფასოვნება და გარდაცვალება. ეს შეიძლება ცოტა გრამატიკულად გამართული არ იყოს: “ვიზიარებთ რუსეთის დიპლომატიის გარდაცვალებას”.(სტილი დაცულია)
თუმცა ვეტერანებს ქვეყნის პირველმა პირებმა დაასწრეს. მართლია, საქმე გვირგვინამდე არ მისულა, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, მასპინძლისათვის უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს:
[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “მე დარწმუნებული ვარ, რომ ერევანში, სადაც ჩავიდა ლავროვი, მივა და დადებს გვირგვინს გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან. ამას აუცილებლად გააკეთებს და არ მესმის, საქართველოში რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე მიდგომა და იგივე ზრდილობა.”

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ერთადერთი ახსნა ამას შეიძლება მიეცეს ის, რომ, უბრალოდ, ამით ბატონმა ლავროვმა არ გააფუჭა ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან და გამოხატა სოლიდარობა მათ მიმართ.”
მაგრამ ოფიციალური თბილისი მარტო სიტყვიერი განცხადებით არ დაკმაყოფილებულა. 16 თებერვალს გვიან ღამით, პრეზიდენტთან გამართული თათბირის შემდეგ, სერგეი ლავროვის ვიზიტს სტატუსი შეეცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, ოფიციალურის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი, მუშა ვიზიტით ეწვევა. ექსპერტი ჰამლეტ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები ერთმანეთისაგან მხოლოდ დიპლომატიური პომპეზურობის ხარისხით განსხვავდება:
[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] “სამუშაო ვიზიტი გამორიცხავს ყოველგვარ პომპეზურ მომენტებს, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ სამუშაო ვიზიტი ზუსტად ის არის, რომელიც დღეს ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე პომპეზური ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ გვჭირდება საქმე, მაგრამ, საერთოდ, დიპლომატიაში ვიზიტების ასეთი სახეცვლილება კარგს არაფერს მოიტანს.”
თავად სერგეი ლავროვმა, რომელიც სომხეთს სტუმრობს, განაცხადა, რომ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა რუსულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა და რომ პროტოკოლში ცვლილება ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: ის დაძაბული ატმოსფერო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში დახვდება, ისედაც ჩიხში შესულ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე დადებითად ვერ აისახება. არადა, მხარეებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი, როგორიცაა დიდი ჩარჩო ხელშეკრულების მომზადება და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნა.
XS
SM
MD
LG