Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქცია ახალი შეღავათებით ისარგებლებს


ევროპის კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შვეიცარიამ და თურქეთმა ქართული საექსპორტო პროდუქციისათვის შეღავათიანი რეჟიმი დააწესეს.

პრეფერენციების ეგრეთ წოდებული ”ჯი-ეს-პი” (GSP) სისტემით საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელები, ამონიუმის გვარჯილა, ფეროშენადნობები და თხილი 2001 წლიდან სარგებლობს. 2005 წელს ამ ჩამონათვალს თევზის ნაწარმი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაემატა. ისინი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საბაჟო და სატარიფო შეღავათებით ისარგებლებენ.

განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები განვითარებად ქვეყნებში ხშირად, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის წასახალისებლად, ”ჯი-ეს-პის” (GSP) სისტემას იყენებენ, რომელიც სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე შეღწევის საშუალებას აძლევს.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”კონგოში ყველაზე იაფი ფრანგული ღვინო არის ბოთლი, თუ არ ვცდები, 680 კრონი. ასევე ყველაზე იაფი იტალიური ღვინოც არის მაგ ფასიდან. ჩემთან ქართული ღვინო ყველაზე ძვირი მაქვს ხვანჭკარა, 720 კრონი ღირს, მერე ჩამოდის 600-მდე...”(სტილი დაცულია)

ეს არის ელგუჯა ჩოჩია, პრაღაში ქართულ-ჩეხური რესტორნის, ”თამადის”, ერთ-ერთი მფლობელი. მან ისიც მითხრა, რომ ადგილობრივი ჩეხური ღვინო თითქმის 6-ჯერ იაფია, ვიდრე ქართული საექსპორტო პროდუქცია.

ევროპაში ქართული ღვინის სიძვირე, ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად, იმ საზღვარგარეთ არსებული მაღალი გადასახადების დამსახურებაცაა. შესაბამისად, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება არცთუ იოლი საქმეა. ამ და მსგავსი სირთულეების დაძლევაში ქართულ პროდუქციას შეღავათების “ჯი-ეს-პი” სისტემა დაეხმარება, რომელიც წელს ქართველი მეღვინეების პროდუქციაზეც გავრცელდება.

საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის დაწესებულმა შეღავათებმა უკვე საგრძნობი შედეგი მოიტანა. გასულ 2004 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 460 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 66 პროცენტით მეტია, ვიდრე 2003 წლის მაჩვენებელი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ლარის კურსის ეგრეთ წოდებული მკვეთრი გამყარება. ამას სხვა უარყოფითი შედეგიც მოჰყვა, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ არჩვაძე ასე განმარტავს:
[იოსებ არჩვაძის ხმა] ”მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი გამყარდა დოლართან მიმართებაში, ექსპორტი 1,5-ჯერ გაიზარდა, თუმცა გაიზარდა იმპორტის მოცულობაც. ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა უფრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების შედეგია.”

იოსებ არჩვაძეს მაგალითად მოჰყავს რუსეთი, რომლის საზღვარიც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, მაგრამ რუსეთთან ტვირთბრუნვა მაინც 100 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს აღრიცხვიანობის გაუმჯობესების დამსახურებააო, დასძენს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ქართული ეკონომიკა ”ჯი-ეს-პი”-ს სისტემას რომ ჯერ კიდევ ეფექტურად ვერ იყენებს, ეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებებიდანაც ჩანს. მან გასულ კვირაში სპეციალური კონფერენცია მოაწყო მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის დაწესებული შეღავათების გასაცნობად. ალექსიშვილმა ისიც თქვა, რომ ასეთი კონფერენციები ხშირად გაიმართება.

”ჯი-ეს-პი”-ს სისტემა საქართველოსთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება და ქართული პროდუქცია ”ჯი-ეს-პი” პლუსის შეღავათებით ისარგებლებს, თუ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 16 მარტამდე მოახდენს აპარტეიდის შესახებ ევროკავშირის მეთექვსმეტე კონვენციის რატიფიკაციას. პირველ 15 კონვენციას საქართველო გასულ წლებში შეუერთდა.
XS
SM
MD
LG