Accessibility links

დასავლეთის ჟურნალ-გაზეთები ბუშისა და პუტინის შეხვედრაზე


დასავლეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა, მთლიანად ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის 24 თებერვლის შეხვედრას ეძღვნება.

ლონდონის "ტაიმსი" ბრატისლავის სამიტს ასეთ კომენტარს უკეთებს:

"ოთხი წლის წინათ, სლოვენიაში, პუტინთან თავისი პირველი შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა გვამცნო: რუსეთის პრეზიდენტს თვალებში ჩავხედე და იმ კაცის სული დავინახე, რომელსაც შეგიძლია ენდოო. ახლა ისინი სლოვაკეთში შეხვდნენ ერთმანეთს და ბუშს პუტინის მზერა გაცილებით ნაკლებად მომაჯადოებელი ეჩვენა. უწინდელი ურთიერთნდობა, დამყარებული კეთილგანწყობასა და გულუბრყვილო იმედზე, რომ მხარეთა ინტერესები ერთმანეთს უახლოვდებოდა, ერთგვარმა თავშეკავებამ და გაწბილებამ შეცვალა."

ბუშისა და პუტინის შეხვედრას ეხმაურება ნორვეგიის გაზეთი "აფტენბლადეტიც":

"ბუშს რუსეთის მისამართით აღარ გამოუხატავს დაუფარავი კრიტიკა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ბრიუსელში გამოთქვა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ბუშს სათქმელი უფრო მკაფიოდ რომ ეთქვა, პუტინი მას უმალ გაახსენებდა გუანტანამოს ტყვეებს ან სხვა ლაქებს შეერთებული შტატების ქათქათა კოსტუმზე. გარდა ამისა, რუსეთის მისამართით გამოთქმულ დაუფარავ კრიტიკას ხშირად სასურველის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. განსაკუთრებით ახლა, უკრაინის "დაკარგვის" შემდეგ, ასეთი კრიტიკა რუსეთის ნაციონალისტური და იზოლაციონისტური ძალების წისქვილზე დაასხამდა წყალს. ეს კი რუსეთის დემოკრატიას კიდევ უფრო სერიოზულ ხიფათს შეუქმნიდა."

შვეიცარიის "ბაზლერ ცაიტუნგიც" იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთისადმი ბუშის კრიტიკა მეტისმეტად ფრთხილი იყო:

"შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომელმაც უმთავრეს ამოცანად მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება დაისახა, რუსეთის სულ უფრო მეტად ავტორიტარი პრეზიდენტის შეფასებაში მეტი სიმკაცრე იყო მოსალოდნელი. კრიტიკის შემცველი ხმამაღალი განცხადება კი პუტინს დიდად არ უნდა ანაღვლებდეს, რადგან ამერიკელმა კოლეგამ მას, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო: სხვას რას უნდა ნიშნავდეს ბუშის სიტყვები, ჩემს მეგობარ ვლადიმირ პუტინთან მომავალი ოთხი წლის მანძილზეც კონსტრუქციულ დიალოგს წარვმართავო?"

ჯორჯ ბუშის სიფრთხილეს თუ სირბილეს კიდევ ერთი გერმანულენოვანი გაზეთი, ავსტრიის "შტანდარდი", ასე ხსნის:

"რუსეთი კვლავინდებურად ატომური სახელმწიფოა, თუნდაც დღეს იგი ძირითადად საკუთარი თავით იყოს დაკავებული. თუ აშშ-მა მოახერხა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ხანს გაჩენილი ოპტიმისტური განწყობილება სამშვიდობო ხელშეკრულებებად აქციოს, მას უთუოდ გამოადგება რუსეთის გავლენა არაბულ ქვეყნებზე, მაგალითად სირიაზე. გამორიცხული არ არის, პუტინს, რომელმაც ერაყში გამართული არჩევნები დადებითად შეაფასა, მალე ამ ქვეყანაშიც დაეკისროს გარკვეული როლი. შესაძლოა, რუსეთი, ევროპის კავშირისა არ იყოს, ჩაებას ერაყის აღმშენებლობის პროცესში, რასაც მარტო თვით ყოვლისშემძლე ამერიკაც კი ვერ გაართმევს თავს."

შეერთებული შტატების გაზეთი "ბოსტონ გლოუბი" რუსეთზე ზეწოლის რამდენიმე გზას ხედავს:

"ბევრ საკითხში რუსეთი, თუ საკუთარი მიზნების მიღწევა სურს, დასავლეთის დემოკრატიებზე იქნება დამოკიდებული. გავიხსენოთ თუნდაც რუსეთის სწრაფვა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. საამისოდ მოსკოვმა შესაბამისი პირობები უნდა დააკმაყოფილოს. ყოვლად დაუშვებელია ისეთი რამ, რაც რუსეთმა "იუკოსის" მიმართ ჩაიდინა: სასამართლოს მეტად საეჭვო გადაწყვეტილებისა და ფსევდო-აუქციონის შედეგად ნავთობკონცერნი ხელიდან გამოსტაცა მფლობელებს, რომლებიც გულზე არ ეხატებოდა. და თუ პუტინს სურს, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საყოველთაო ბრძოლაში პარტნიორად აღიქვან, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს სირიისთვის იარაღის მიყიდვაზე ან ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიის მიწოდებაზე."
XS
SM
MD
LG