Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღება გამოცხადდა


დავით პაიჭაძე, თბილისი 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს შეეძლებათ, რეგისტრაცია გაიარონ ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. ეს პროცედურა წლევანდლამდე ივნისის

თვეში იწყებოდა, წელს კი მხოლოდ პირველ აპრილამდე გასტანს. 1 მარტს საქართველოში გაიხსნა აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტები, რომლებიც ერთი თვის მანძილზე მიიღებენ სტუდენტთა განცხადებებს. განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მაია მიმინოშვილთან, რამდენიმე დეტალი დავაზუსტე.

აბიტურიენტებს საქართველოში არჩევანის გაკეთება ამთავითვე მოუწევთ. აქამდე არსებულ პრაქტიკასთან შედარებით, შესაძლოა, ეს უჩვეულოდ ეჩვენოთ, რადგან აბიტურიენტები ხშირად არჩევანს მისაღებ გამოცდებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე აკეთებენ. სამაგიეროდ, წლევანდელი არჩევანი ძალიან ფართოა: აბიტურიენტებს აქვთ უფლება, ერთდროულად 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე შეიტანონ განაცხადი. რაც შეეხება განაცხადის ასე ადრიანად შეტანას, მიზეზს განმარტავს განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი:

[მიმინოშვილის ხმა] “მოგეხსენებათ, ჩვენი საგამოცდო ტესტები, კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, იბეჭდება საზღვარგარეთ და არა საქართველოში. ეს მასალა, კომპიუტერული, ელექტრონული ბაზა, რომელიც ინდა მივაწოდოთ საზღვარგარეთ ტესტების დასაბეჭდად, მზად უნდა იყოს აპრილის შუა რიცხვებში. ამ დროისთვის ჩვენ აუცილებლად ზუსტად უნდა ვიცოდეთ დასაბეჭდი ტესტების ზუსტი რაოდენობა. ტესტები დაიბეჭდება ინდივიდუალურად, იმდენ აბიტურიენტზე, რამდენიც გვყავს.”

სარეგისტრაციო ცენტრების ამოქმედებას ფართო საინფორმაციო კამპანია სჭირდება. ისინი ყველა ქალაქსა და რაიონში გაიხსნა. 1 მარტს, მაგალითად, ასეთი ცენტრი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წარადგინეს - 147-ე საშუალო სკოლის შენობაში. მისაღები გამოცდები კი სპეციალურ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. სულ საქართველოს 11 ქალაქში 14 ასეთი ცენტრი იმოქმედებს. მე ვკითხე მაია მიმინოშვილს, უკვე შეარჩიეს თუ არა ტესტების გამსწორებლები.

[მიმინოშვილის ხმა] “გამსწორებლები შერჩეული გვყავს ქართული ენისა და ლიტერატურისათვის იმიტომ, რომ ყველაზე რთული ტესტი სწორედ ამ საგანშია. ტესტის მესამე ნაწილია წერითი დავალება, სადაც მოწმდება აბიტურიენტის სწორედ წერითი მეტყველება. გამსწორებლების შერჩევა სექტემბრიდან დავიწყეთ, ახლა მიმდინარეობს მათი ინტენსიური ტრენინგი. გამოცდებს სათანადოდ რომ შევხვდეთ, ხუთთვიანი ინტენსიური მომზადება მაინც არის საჭირო. რაც შეეხება მათემატიკისა და უცხო ენის გამსწორებლებს, მათი შერჩევა ახლაც მიმდინარეობს.”

სახელმწიფომ ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს უკვე განუსაზღვრა, რამდენ სტუდენტს მიიღებს ის წელს და რამდენი იქნება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში კონკრეტულ დარგზე თითოეული სტუდენტის დაფინანსება. ამთავითვე განსაზღვრულია ივლისის თვის დღეები, როცა ერთიანი მისაღები გამოცდები ჩატარდება. მე გავესაუბრე სკოლის მოწაფეებსაც, ვკითხე, თუ იციან, სად ჩააბარებენ და რა ესახებათ პრობლემად.

[მოწაფეების ხმა] “მე მინდა, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარო, უცხო ენების ფაკულტეტზე, მაგრამ ცუდია, რომ ცოტა დრო გვაქვს ინგლისურის ტესტების ჩასაბარებლად. 2 საათი ძალიან ცოტა დროა. (მეორე მოწაფის ხმა): წელს ძალიან ვნერვიულობთ ყველანი; ჩვენ ხომ პირველები ვართ. განსაკუთრებით უნარ-ჩვევები გვაღელვებს.”

უნარების ტესტს რაც შეეხება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა სოფო დოლიძემ მოსწავლეებს განუმარტა, რომ ტესტით მოთხოვნილი უნარები აქვს ყველას. ეს უნარები ადამიანს დაჰყვება, უბრალოდ, საჭიროა მათი გავარჯიშება.

რაც უნდა იყოს, აშკარაა: განათლების სამინისტროსაც და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს საიმისოდ, რომ საზოგადოებას სრულად განუმარტოს, რას მოიცავს და გულისხმობს ერთიანი მისაღები გამოცდები.
XS
SM
MD
LG