Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურნეო საბჭოს ცხრა


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურნეო საბჭოს ცხრა წევრის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა.

კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღეში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადი სპეციალურ სამდივნოში წარადგინოს. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განკარგულება 22 თებერვლითაა დათარიღებული. ჯერჯერობით უცნობია, კონკურსის გამოცხადებიდან გასული 9 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენი განცხადება შევიდა, ან შევიდა თუ არა, საერთოდ. არადა, კონკურსი კონკურენციის საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს აყენებს. თუ განსაზღვრულ ვადაში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამი კანდიდატურა არ იქნება, კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება.

საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, ჩაშლილი კონკურსი ახალი კონკურსის ავტომატურად გამოცხადებასაც გულისხმობს. კანონი არ განსაზღვრავს, დასჭირდება თუ არა ახალი კონკურსის გამოცხადებას პრეზიდენტის ახალი განკარგულება. მაგრამ არის სუბიექტური გარემოებაც და ამასთან დაკავშირებული ეჭვიც იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის ჩართვა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში არ სურს. ამ ეჭვის საბაბი, ერთი მხრივ, ისაა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება და ზოგადად ინფორმაცია კონკურსის თაობაზე მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სამთავრობო გაზეთში, “საქართველოს რესპუბლიკაში”, დაიბეჭდა, მეორე მხრივ კი, ის, რომ უცნობია, შესრულდა თუ არა პრეზიდენტის განკარგულების ის ნაწილი, რომელიც ღია კონკურსის სამდივნოს შექმნას გულისხმობს. ამ უკანასკნელ ორგანოს კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული მხარის მოგვარება ევალება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სწორედ ამ სამდივნოში უნდა წარადგინონ განაცხადები. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, შეიქმნა თუ არა ეს სამდივნო და, თუ შეიქმნა, რამდენმა პირმა წარადგინა უკვე განცხადება. პრეზიდენტის პრესსამსახურში ამის შესახებ არაფერი იციან. გასაგებია, რომ არც ადმინისტრაციის უფროსის მდივანმა იცის რამე. რაც შეეხება თავად ირაკლი ჩუბინიშვილს და მის თანაშემწეს, ისინი შეხვედრებზე არიან და ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არ სცალიათ.
საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს მაღალპროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანებით დაკომპლექტება დიდწილად განსაზღვრავს, რა პერსპექტივა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებლობას საქართველოში. ამ თვალსაზრისით, მაუწყებლობის შესახებ კანონი ძალზე ფრთხილობს. კანონის თანახმად, კონკურსი ჩატარებულად არ მიიჩნევა, თუ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამი კანდიდატურა მაინც არ განაცხადებს პრეტენზიას. კანდიდატების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს კანდიდატთა სია. მათგან უკვე პრეზიდენტი არჩევს კანდიდატებს და პარლამენტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი ღებულობს.
მთლიანობაში, სამეურვეო საბჭოს დამტკიცების პროცედურა დროში 80 დღეს მაინც მოიცავს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა თქვა, ყველაფერი შეუფერხებლად წავა. შეფერხებები კი რომ არის, ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმი თავად ლევან რამიშვილსაც კი შეეხო. პრეზიდენტის განკარგულება მას ნანახი არა აქვს:

[ლევან რამიშვილის ხმა]”მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო კონკურსი იქნება და ამას ამ ერთი თვის განმავლობაში ვნახავთ.
- თავად ორგანიზაციის სახელით ხომ არ აპირებთ ვინმეს კანდიდატურის წარდგენას?(ნ.მ)

არ ვიცი, ვნახავთ, ვნახავთ.”


საზოგადეობრივი ტელევიზიის 9 კაციანი სამურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად გამოცხადებული კონკურსი, თავისი პირობებისა და პროცედურების თანახმად, საზოგადოების აქტიურ მონაწილოებას მოითხოვს. საამისოდ დარჩენილი დრო კი სულ რაღაც 20 დღითღა შემოიფარგლება.

დაბოლოს, აქვე დავძენთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებულმა 22 თებერვლის განკარგულებამ ტექნიკურად მოიცვა სხვა კონკურსიც - კერძოდ, კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრით გასაზრდელად. კავშირგაბმულობის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის თქმით, ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს. კონკურსის ორგანიზება და განაცხადების შეგროვება ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოვალეობაა.
XS
SM
MD
LG