Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ავიატორი” – თბილისში


თბილისში გრძელდება “ოსკარზე” ნომინირებული ფილმების საპრემიერო ჩვენება. გასულ კვირას კინოთეატრ “ამირანში” მარტინ სკორსეზეს “ავიატორის” პრემიერა მოეწყო.

სკორსეზე “ოსკარის” ცერემონიის ტრიუმფატორი რომ გამხდარიყო, “ამირანს” ანშლაგები გარანტირებული ექნებოდა. მაგრამ ამერიკელი რეჟისორი კიდევ ერთხელ დამარცხდა... თბილისელ კინოს მოყვარულებს კი მაინცდამაინც არ უყვართ დამარცხებულები.

“ავიატორის” პრემიერის შემდეგ თქვენმა მონა-მორჩილმა მობილურზე შეტყობინება მიიღო – თბილისში მცხოვრები ჰოლანდიელი ქალბატონი წერდა, ეს რა უბედურებაა ფილმების რუსულად ჩვენება, სამსაათიან “ავიატორს” ვუყურე და ვერაფერი გავიგეო.

მაგრამ თბილისში მარტინ სკორსეზეს ფილმის პრემიერა ქართულად მოსაუბრე ჰოლანდიელებისთვის არ გამართულა. კინოს მოყვარულები უკვე შეეჩვივნენ ამერიკული ფილმების რუსულად ყურებას. მართალია, ეგრეთ წოდებული “პოტენციური მაყურებელი”, ე.ი. ახალგაზრდობა, მაინცდამაინც კარგად ვერ ფლობს რუსულ ენას, “ავიატორს” თბილისში ტრიუმფს უწინასწარმეტყველებდნენ. აქ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მარტინ სკორსეზე ახლა მაინც მოიპოვებდა სანუკვარ “ოსკარს”... ამიტომაცაა, ალბათ, რომ ფილმის პრემიერა ამერიკის კინოაკადემიის პრემიების გადაცემის შემდეგ გადაიტანეს.

მარტინ სკორსეზე, მოგეხსენებათ, კლინტ ისტვუდმა ჩააგდო ნოკაუტში. თბილისელებს ახლა “დამარცხებულის” ხილვა მოუხდათ... სხვათა შორის, არც “ავიატორის” გმირი, ლეგენდარული ჰოვარდ ჰიუზია მაინცდამაინც გამარჯვებული მარტინ სკორსეზეს ფილმში... კი, მილიარდერი გახდა, ფრენა შეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც მოხიბლა, მაგრამ მაინც ვერ დაასრულა ცხოვრება “ჰეპი-ენდით”.... ბედნიერი დასასრულის გარეშე კი ჰოლივუდს კვლავაც ვერ იღებენ საქართველოში და, როგორც ჩანს, ვერც ამერიკაში.

[მუსიკა. “ავიატორი”]

კარგი მუსიკა, რომელიც ჰოლივუდის “ოქროს ხანის” ნოსტალგიას აღძრავს, ამავე ხანის კინოვარსკვლავების “ასლები”, რომლებიც ცოტა არ იყოს, “მადამ ტიუსოს” მუზეუმის ასოციაციას ქმნის, და თინეიჯერების საყვარელი “ვარსკვლავბიჭუნა”, ლეონარდო დი კაპრიო, მთავარ როლში – ერთი შეხედვით, სრულიად საკმარისი იყო “ავიატორის” თბილისური ტრიუმფისთვის... მაგრამ დედაქალაქის კინოთეატრების “პოტენციურ მაყურებელს”, როგორც ჩანს, არ ხიბლავს ასეთი სერიოზული დი კაპრიო, ჰოლივუდის “ოქროს ხანის” შესახებ ბევრი არაფერი იცის... და აბა, რატომ უნდა უსმინოს სამი საათი მისთვის უცხო რუსულ ენას, როცა, მისი თვალსაზრისით, სანახავი აქ ბევრი არც არაფერია... ჩვენს უფროს თაობას კი არ უყვარს დამარცხებულები... თავისი თავი და “თავისი დამარცხებულებიც” ეყოფა. ამიტომ “ავიატორის” ნახვას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG