Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ყაზახური ბანკი შემოდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ წელს რუსული საბანკო გიგანტის „ვნეშტორგბანკის“ მიერ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ ქართული საფინანსო

დაწესებულებების მიმართ კიდევ რამდენიმე უცხოელმა ინვესტორმა დააფიქსირა თავისი ინტერესი. 22 მარტს ყაზახეთის უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის ”თურანალემის” მიერ ქართული ბანკის, ”აბრეშუმის გზის”, აქციების შეძენასთან დაკავშირებით ”ქორთიარდ მარიოტში”პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს საბანკო სისტემაში უცხოური კაპიტალის შემოსვლის ტენდენცია გრძელდება. რუსული საბანკო გიგანტის ”ვნეშტორგბანკის” მიერ ”გაერთიანებული ქართული ბანკის” შეძენის შემდეგ საფინანსო ბაზარზე უმსხვილესი ყაზახური ბანკი შემოდის. 22 მარტს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ყაზახურ ბანკ ”თურანალემსა” და ქართულ ”აბრეშუმის გზას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების პრეზენტაცია მოეწყო. ამ გარიგების თანახმად, ყაზახური ბანკი ”აბრეშუმის გზის” აქციების 49 პროცენტს ყიდულობს. „თურანალემს“ ასევე განზრახული აქვს თბილისში ბანკის წარმომადგენლობაც გახსნას.

ქართული საბანკო სექტორი, ექსპერტთა შეფასებით, ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სეგმენტია. შესაბამისად, უცხოური კაპიტალის ინტერესი ამ სფეროს მიმართ ლოგიკურია. თუმცა ჯერჯერობით საბანკო სექტორით დსთ-ს საბანკო დაწესებულებები ინტერესდებიან. ეროვნული ბანკის წარმომადგენელ მამუკა მაჩაიძეს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს:

[მამუკა მაჩაიძის ხმა] „ზოგადად, უცხოური საბანკო ინსტიტუტის ქვეყანაში შემოსვლა არის პოზიტიური მომენტი. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ბაზრით დაინტერესება გამოწვეულია ობიექტური რეალობით. ობიექტური რეალობა ამ შემთხვევაში არის ჩვენში არსებული საბანკო სისტემის მდგომარეობა და, მეორე, ეს არის საქართველოს ტრადიციული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, სავაჭრო პარტნიორებთან.“(სტილი დაცულია)

ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის საქართველოში შემოსვლა ცალსახად პოზიტიურ მოვლენად ფასდება, თუმცა ამ ტენდენციასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული შიში, რომ უცხოელ საბანკო გიგანტებს არ მოეხდინათ ქართული საფინანსო ბაზრის მონოპოლიზება. ამ შიშს მამუკა მაჩაიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ დღეს ქართულ საბანკო სისტემას თავისუფლად შეუძლია უცხოურ კაპიტალთან კონკურენცია. ამასთან, მთავარია მომხმარებლის ინტერესი და არა ის, თუ ვინ არის ბანკის მესაკუთრე:

[მამუკა მაჩაიძის ხმა] „საზოგადოებისთვის, მოსახლეობისათვის მთავარი არის ბანკში იაფი სესხის აღება და დეპოზიტზე მაღალი პროცენტის მიღება და ამ ბანკის უკან ვინ იდგება, ნაკლები ინტერესი არის მომხმარებლისათვის - პროდუქცია ვისია და, ასე ვთქვათ, ვისი მარკა არტყია ამ პროდუქტს. მთავარია იყოს ხარისხი და მისაღები ფასი.“ (სტილი დაცულია)

გარდა რუსული და ყაზახური ბანკისა, ქართული ბანკების მიმართ ინტერესს სხვა საფინანსო დაწესებულებებიც ამჟღავნებენ. მაგალითად, ქართული „ინვესტბანკის“ შესყიდვასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ინტერესი გამოხატა ბრიტანულმა London International Bank Ltd-მ. ერთ-ერთი ქართული საბანკო დაწესებულებით ასევე დაინტერესდა აშშ-ს საფინანსო კომპანია. ინვესტორთა ამგვარი აქტიურობა ქართულ საბანკო-საფინანსო ბაზარზე, ექსპერტების აზრით, ამ სეგმენტის განვითარებასა და ბანკების საინვესტიციო მომხიბვლელობაზე მეტყველებს.

საქართველოს საბანკო სისტემა ამჟამად წარმოდგენილია 21 საბანკო დაწესებულებით, საიდანაც 2 უცხოური - თურქული და აზერბაიჯანული -ბანკის ფილიალია.
XS
SM
MD
LG