Accessibility links

logo-print

დღეს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს


24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ამ დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში

დაავადების გავრცელების დინამიკა თუმცა მატებით არ ხასიათდება, დამაიმედებელი მაინც არ არის. არსებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების 6 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება შეემატება - ეს არის ტუბერკულოზის სფეროში დასაქმებული ადამიანების სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს, ნაშუადღევს, თბილისის პირველ ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში გაიხსნება.

ტუბერკულოზი საქართველოში დიდი ხანია უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ დაბალი სოციალური ფენებისათვის საშიშ დაავადებას. ტუბერკულოზის რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია - მასობრივმა სიღარიბემ, უსახსრობამ, დაავადების პრევენციის დაბალმა კულტურამ, ცუდმა კვებამ, ომებმა და ნერვულ-სტრესულმა გარემომ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში გამოიწვია დაავადების აფეთქება. ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩილ სალაყაიას განცხადებით, უკანასკნელი სამი წელი საქართველოში, ამ თვალსაზრისით, შედარებით სტაბილურია:

[არჩილ სალაყაიას ხმა]” საქართველომ ტუბერკულოზის კონტროლის სტრატეგიად აირჩია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეგრეთ წოდებული დოც-სტრატეგია. ეს სტრატეგია ხორციელდება, თუმცა სრულყოფილად დანერგილი ჯერ კიდევ არ არის და, აქედან გამომდინარე, პრობლემებია. ვთქვათ, თვითონ რიცხვებს თუ შევეხებით, ავადობის მაჩვენებლებს ბოლო წლებში, ბოლო სამი-ოთხი წელია მეტ-ნაკლები სტაბილურობა შეინიშნება: წელიწადში დაახლოებით 6 000 ავადმყოფი რეგისტრირდება.”(სტილი დაცულია)

ტუბერკულოზის მკურნალობა და დიაგნოსტიკა საქართველოში უფასოა. უკვე მერვე წელია პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით ქვეყანას გერმანიის მთავრობა ამარაგებს. დროული სამედიცინო ჩარევისა და მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, დაავადება განკურნებადია. პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ტუბერკულოზის ულტირეზისტენტული ფორმა. ჯერჯერობით ამ მიმართულებით არსებობს მხოლოდ კარგი გეგმა, რომლის განხორციელება დიდ ხარჯებსა და კომპლექსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული-ულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობისთვის საჭირო პირობები - შენობიდან დაწყებული, მეორე რიგის მედიკამენტებით დამთავრებული - საქართველოსთვის ჯერჯერობით დაუძლეველი პრობლემაა. არადა,მსოფლიო სტატისტიკით, მკურნალობის ზედმიწევნით სრულყოფილი კურსის დასრულების შემდეგ ამგვარ ავადმყოფთა სრული განკურნების მაჩვენებელი მხოლოდ 60-70 პროცენტს შეადგენს.

ჯერჯერობით კი, მკურნალობას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ტუბერკულოზის ულტირეზისტენტული ფორმით დაავადებულთა ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, ამგვარი აღწერა საქართველოში წელს ივნისიდან დაიწყება და 6-8 თვეს გასტანს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე ჰკიდია ბეწვზე და რამდენი კაცი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. ჯერჯერობით კი ეს ადამიანები საფრთხეს სხვების ჯანმრთელობასაც უქმნიან და ეს საფრთხე რიგით მოქალაქეებს საკმაოდ აშინებთ.

[მოქალაქის ხმა]” ტრანსპორტში თავისუფლად გადაადგილება რომ ხდება, არ ხდება მათი სტაციონარული მკურნალობა, მედიკამენტები კი არის სერიოზული, მაგრამ თვითონ ამბობენ, რომ ეს კოხის ჩხირი არის იმდენად ძლიერი, რომ დღევანდელი მედიცინის უძლიერესი პრეპარატები ვერ ერევა. ამიტომ მე მგონია, რომ პირველი დაცვა ეს არის, რომ აუცილებლად სტაციონარება უნდა მოხდეს.” (სტილი დაცულია)

ტუბერკულოზის ულტირეზისტენტული ფორმით დაავადებულ ავადმყოფთა სტაციონარული პირობების შექმნაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო პერსონალის სპეციალურ მომზადებასაც.

წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მდგომარეობას საგანგებოდ მიუძღვნა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ თვალსაზრისით, ეს დღე განსაკუთრებით დროული გამოდგა საქართველოსთვის, სადაც ჩრდილში მყოფი ეს ადამიანები, მინიმალური ხელფასის პირობებში და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოთმინებითა და ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს.
XS
SM
MD
LG