Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ისტორიული ვიზიტის მოლოდინში


რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, საქართველო იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცის პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების

პრეზიდენტი ჩავა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაისის ტურნე ყოფილ საბჭოთა კავშირში - მათ შორის, საქართველოში - იქნება ხაზგასმა შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების საერთო ძალისხმევისა თავისუფლების, წინსვლისა და ტოლერანტობის საქმეში ევროპაში და არამარტო ევროპაში. ამ ცნობამ საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაჩრდილა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველო ისტორიული ვიზიტის მოლოდინშია. ჩემთან საუბრისას საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ვიზიტი, რომელიც მაისში განხორციელდება, წინასწარ შეაფასა სწორედ როგორც ისტორიული მოვლენა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “უდავოა, რომ ეს არის იმ მასშტაბის მოვლენა, რომელიც გვაძლევს სრულ უფლებას მას ისტორიული ვუწოდოთ. რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის ვიზიტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყანაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. “ (სტილი დაცულია)


დიდი შვიდეულის ლიდერთაგან პრეზიდენტი ბუში იქნება მეორე, ვინც საქართველოში ვიზიტს განახორციელებს. პირველი გერმანიის კანცლერი შრიოდერი იყო. როგორც საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იხსენებს, ედუარდ შევარდნაძეს თავისი ამერიკელი კოლეგა საქართველოში არაერთხელ მოუწვევია. “მაშინდელი თავშეკავება უნდა ავხსნათ იმით, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მუდმივ პრობლემებთან იყო ასოცირებული. როგორც ჩანს, დღეს შტატებში ამ პრობლემების დაძლევის მცდელობას აფასებენო,” - აღნიშნავს ირაკლი მენაღარიშვილი. მას სჯერა, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში იქნება არა მარტო სიმბოლური, არამედ, უპირველესად, პრაქტიკული მნიშვნელობისა, რაშიც საქართველოში და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების და მისი საქმიანობის გარღმავება იგულისხმება. ასევე ფიქრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელიც:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ეს არის ისეთი წინდახედული ნაბიჯი , რომელიც ახალ ფურცელს ჩაწერს როგორც საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში, ისე რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. “

თავდაპირველად, შეხვედრები რიგაში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან. სამივე ქვეყანას აქვს გამწვავებული ურთიერთობა რუსეთთან. შემდეგ გამგზავრება რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მრგვალი თარიღის აღასანიშნავ ზეიმზე დასასწრებად, შეხვედრა პუტინთან და გამგზავრება საქართველოში, რომელსაც ამდენი პრობლემები ექმნება რუსეთისგან. “მოგზაურობის ბოლოს პრეზიდენტი ბუში ეწვევა თბილისს, რათა ხაზი გაუსვავს იმას, რომ თანადგომას უცხადებს დემოკრატიას, ისტორიულ რეფორმას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას “ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. -ალექსანდრე რონდელის აზრით, ჯორჯ ბუშის ვიზიტის მარშრუტი უკვე თავისთავად მრავლისმეტყველად გამოიყურება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თბილისში 10 მაისს ჩამოვა. საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციური ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი უფრო, ირანთან ამერიკის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ამერიკის სტრატეგიული ინტერესებით უნდა ავხსნათ, ანდაც ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობის ფაქტორით, სადაც თავის პატარა როლს საქართველოც თამაშობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერით. “თუმცა ერთიც შეიძლება იყოს და მეორეც “ - ზუსტად ასე ფიქრობს იურისტი თინა ხიდაშელი, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინათ მიეცა შესაძლებლობა ჯორჯ ბუშს შეხვედროდა. “მხარდაჭერა, უდავოდ, სახეზეა, თუმცა ამის გამო ეიფორიულ სიტუაციაში არავინ არ უნდა ჩავარდეს,” ამბობს ის და დასძენს:

[თინა ხიდაშელის ხმა] “თავის დროზე ბეიკერმა ჩამოიყვანა შევარდნაძე საქართველოში, მაგრამ მერე სწორედ ბეიკერი დადგა იმ ხალხის გვერდით, რომელიც შევარდნაძეს გადადგომას სთხოვდა.“
XS
SM
MD
LG