Accessibility links

logo-print

რატომ არ გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად საპენსიო დანამატი 3 ლარი


გასული წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ, სპეციალური დადგენილებით, უმუშევარ პენსიონერთა 14 ლარიან პენსიაზე 3 ლარის დამატება გადაწყვიტა.

ამ თითქოსდა კეთილშობილურ ინიციატივას ბევრი გაუგებრობა მოჰყვა, რადგან მთავრობამ დანამატით საპენსიო დავალიანების გაქვითვა დაიწყო და რეალურად ბევრი პენსიონერი მთავრობის საჩუქრის გარეშე დარჩა. დაზარალებულ პენსიონერებს პოლიტიკური ორგანიზაცია ”საქართველოს კონსერვატორები” გამოესარჩლა და მთავრობის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

3 ლარიანი დანამატი მხოლოდ იმ პენსიონერებმა მიიღეს, რომელთა მიმართ სახელმწიფოს დავალიანება არ გააჩნდა, მათი რიცხვი კი ძალიან მცირე იყო. ასეთმა მდგომარეობამ ასიათასობით პენსიონერი ქონებრივად უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა, რაც კონსერვატიული პარტიის ლიდერებმა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს. მათი რეკომენდაციით და დახმარებით, ასიათასობით პენსიონერის ნაცვლად, საკონსტიტუციო სარჩელი სამტრედიელმა ნინი ხაჟალიამ და ნაზი ჯოჯუამ მოამზადეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი რამდენიმე თვის წინ მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად 20 აპრილი დაასახელა, მაგრამ ამ თარიღამდე ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 14 ლარიანი პენსია 28 ლარამდე გაზარდა და ამით 3 ლარიანი დანამატის დადგენილება ავტომატურად გაუქმდა. ამ ახალმა გარემოებამ ასახვა პოვა განჩინებაშიც, რომელიც 20 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარემ ბესარიონ ზოიძემ გამოაქვეყნა. ფრაგმენტი განჩინებიდან:

[ბესარიონ ზოიძის ხმა] ”მოპასუხის წარმომადგენელმა ელზა გულიაშვილმა განმარტა, რომ სადავო დებულების გაუქმებით მოსარჩლეთა მიზანი მიღწეულია და მომავალშიც მთავრობა თვითონ, გარედან ჩარევის გარეშეც, მოაწესრიგებს შესაბამის საკითხებს. მოსარჩლეთა წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა სადავო აქტის გაუქმების გამო კმაყოფილება გამოხატა და მოპასუხის - საქართველოს მთავრობის - წარმომადგენლის განმარტების გათვალისწინებით, უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.”

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე “ხაჟალია და ჯოჯუა - საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” შეწყვეტილად გამოაცხადა. მოსარჩლე მხარის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა ჩემთან საუბარში განმარტა, რომ საქმის შეწყვეტას არ მოითხოვდნენ, რომ არა საქართველოს მთავრობის პირობა, რომელიც 2005 წლის 19 აპრილს სპეციალურ დადგენილებად იქცა. ამ დადგენილებით ყველა ის პენსიონერი, რომელიც 2004 წლის 19 აპრილის დადგენილებით დაზარალდა, კომპენსაციას მიიღებს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ელზა გულიაშვილის განმარტება:

[ელზა გულიაშვილის ხმა] ”მთავრობამ თქვა, რომ ის, რაც მიიმართა დავალიანების მუხლიდან, თავიდან მოხდეს მისი გადახედვა და ანაზღაურებაო.”(სტილი დაცულია)

მე საქართველოს მთავრობის ასეთი ნაბიჯის კომენტირება კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, ვთხოვე.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ეს არის უკან დახევა. არც მაშინ უთქვიათ, რომ დიდი შეცდომა იყო იმ ანტიკონსტიტუციური დადგენილების მიღება და გააფთრებით იცავდნენ, რომ ის სწორი დადგენილება იყო და, ბუნებრივია, თავისი მარცხის აღიარება მათ არ უნდათ და თავისი შეცდომა კულუარებში გამოასწორეს. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.” (სტილი დაცულია)

მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიონერთა კომპენსაციისთვის 23 მილიონ 500 ათასი ლარი უნდა გამოიყოს, თუმცა როდის მოხდება ამ თანხების გაცემა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG