Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან


დავით პაიჭაძე, თბილისი 3 მაისს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერიის შენობაში შეხვდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დედაქალაქში ჩასულ სტუდენტებს. მიხეილ სააკაშვილის

ნახევარსაათიანი გამოსვლის შემდეგ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გადავიდა და მიწვეულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეკითხვები დაესვათ პრეზიდენტ სააკაშვილისათვის.

სტუდენტები ჟურნალისტები არ არიან და პრეზიდენტთან შეხვედრა მაინცდამაინც კითხვა-პასუხის ფორმით არ უნდა წარმართულიყო. ასეც მოხდა: სტუდენტები არა მხოლოდ კითხვებს წამოჭრიდნენ, არამედ აზრებსაც გამოთქვამდნენ. ზოგ შემთხვევაში ამ აზრებს, პრეზიდენტისადმი სტუდენტთა ასაკისათვის შეუფერებელი, ნაჭარბევი პიეტეტი ახლდა. შეკითხვის დასმისა თუ აზრის გამოხატვის ყველა მოსურნემაც ვერ მოახერხა გამოსვლა. მოკლე სიუჟეტში ეგებ უმჯობესი იყოს, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვისა და პასუხების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე შევაჩეროთ ყურადღება.

პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებს ბოლო დროს ხშირად განწონიდა ერთი და იგივე მოტივები. ამდენად, 3 მაისის ფართოდ ანონსირებულ შეხვედრას, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისითაც ელოდნენ - რამდენად გაიმეორებს სააკაშვილი ძველ აზრებსა და ფაქტებს და რა ხვედრითი წონა ექნება მის ნათქვამში სიახლეს? საათ-ნახევრის მანძილზე ჩვენ მოვისმინეთ მეტ-ნაკლებად ნაცნობი ლაპარაკი არმიის აღმშენებლობის, გზების დაგების, საპატრულო პოლიციის შესახებ. მაგრამ იყო რამდენიმე შეტყობინება, რომელთაც პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველ ჯერზე არ უგზავნის საზოგადოებას, მაგრამ რომლითაც ის ადასტურებს (ყოველ შემთხვევაში, დეკლარირების დონეზე) დემოკრატიის ღირებულებათა მიმართ ერთგულებას.

[სააკაშვილის ხმა] “პოლიციის განყოფილებებში დადის თეა თუთბერიძე, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს იქ. ფეხით აღებს პროკურორთა კარებს, ეძებს, ვინმე ხომ არ დაუჭერიათ უკანონოდ, ვინმე ხომ არ არის ნაცემი და მინდა, მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ თქვენი და თქვენისთანა ორგანიზაციების მეშვეობით ევროკავშირმა საქართველოში ჩაატარა გამოკვლევა და ნახეს, რომ წამების ფაქტები პრაქტიკულად აღარ არის. ეს იმიტომ კი არ მოხდა ასე, ჩვენ რომ გვინდოდა. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, თქვენთან რომ არ გვქონოდა საშინელი დავები, რომ არ გელანძღეთ, როგორც აქამდე გვლანძღავდით, ეს არ გამოვიდოდა. როცა ადამიანს გულით უნდა რაღაც გამოვიდეს, კრიტიკაც უნდა მიიღოს.”(სტილი დაცულია)

ეს, რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დამოკიდებულებას მესამე სექტორის კრიტიკისადმი. არანაკლებ საყურადღებოა მისი მიმართება პოლიტიკურ ოპონენტებთან:

[სააკაშვილის ხმა] “მთავარი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტი გამოხატავს აზრებს. გეშინოდეთ პრეზიდენტის, რომელიც აზრებს არ გამოხატავს ან აზრები მუდმივად ეცვლება. რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რა თქმა უნდა, მაქვს შეხედულებები და საკმაოდ ხშირად ვუტევ ოპონენტებს. მაგრამ მთავარია არა ის, რომ შენ უტევ, არამედ ის, რომ მასაც ჰქონდეს შესაძლებლობა შეგიბრუნოს სიტყვა. მთავარია, მას ჰქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება და არა ის, რომ მე ვერ გამოვთქვა აზრი. დებატების შედეგად, ჭეშმარიტებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენ დალაი ლამები პოლიტიკაში არა გვყავს. კრიტიკისა და შეცდომის გარეშე არავინ არ შეიძლება იყოს. რაც უფრო მეტი სწორი კრიტიკაა, მით უფრო ნაკლებია შეცდომა.”

სააკაშვილის პათოსი, ალბათ, სასიამოვნო სიახლედ ან, უკიდურეს შემთხვევაში, სასიამოვნო შეხსენებად მოეჩვენება იმას, ვისაც კარგად ახსოვს პრეზიდენტის ფილიპიკები პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ და მძაფრი ლექსიკა მათი ლაპარაკის აღსაწერად.

მიხეილ სააკაშვილის ლიბერალურ მიდგომათა საილუსტრაციოდ გამოდგება მისი სიტყვები ეკონომიკური რეფორმის წანამძღვრების შესახებ:

[სააკაშვილის ხმა] “მე ვარ ნაციონალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი. ფირმების ნაციონალიზაცია არ არის გზა, რომელიც ქართულ ეკონომიკას სადმე მიიყვანს. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ეკონომიკურ რეფორმასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ვიწყებთ დიდ ანტიბიუროკრატიულ რეფორმას და სახელმწიფოს ფუნქციებს მკვეთრად ვამცირებთ. საქართველოში არ შეიძლება გვქონდეს ამხელა ბიუროკრატია. აი, როგორც “გაიშნიკები” აღარ დგანან დღეს გზაზე და აღარავის აწუხებენ, ასევე ჩვენი ბიზნესის გზიდან მოვაშორებ 3-4-ჯერ უფრო მრავალრიცხოვან ბიუროკრატს.”

დაბოლოს, ერთი ციტატა იმ კონფლიქტურ რეგიონებთან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ. ინტონაცია თითქოს ბრაზიანია, პათოსი - სამშვიდობო:

[სააკაშვილის ხმა] “არავინ არ აპირებს არანაირი აგრესიული ქმედებების განხორციელებას არსად. დავანგრიოთ ეს უნდობლობის კედელი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის მათი ქვეყანა, რომელიც ყველა მათ ინტერესს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. ჩვენ არ ვაპირებთ ცეცხლით და მახვილით დავნერგოთ ის, რაც შეიძლება ადამიანებს შორის კონტაქტებით, დემოკრატიული გზით გადაწყდეს.”
XS
SM
MD
LG