Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობა აღმოსავლეთ საქართველოში


დასავლეთ საქართველოს შემდეგ სტიქია აღმოსავლეთ საქართველოშიც მძვინვარებს. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა

ყველაზე მეტად ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ახმეტის რაიონის შახვეტილას თემში, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ილტომ სოფელი ჭართალა რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა. მწყობრიდანაა გამოსული ახმეტასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი; რაიონის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. რამდენად აზარალა კახეთი სტიქიის შემოტევამ და როგორ აპირებს ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას?

ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპიდან დაძრული იმ ციკლონის ბრალია, რომლის ცივი ფრონტი კახეთის ტერიტორიაზე 14 მაისს შეიჭრა. შედეგად, ძლიერმა წვიმამ მდინარეების - ალაზნისა და ილტოს - ადიდება გამოიწვია. კახეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, წყალდიდობით გამოწვეული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] „გზა დაზიანდა, სახნავ-სათესიც დაზიანდა და თვითონ სოფელი შახვეტილა დაზარალდა, იქიდან გამომდინარე, რომ გზა აღარ არის. ჩვენ ვიანგარიშეთ წყალდიდობით გამოწვეული ზარალი და დაახლოებით 1 მლნ ლარი გამოვთვალეთ. ეს არის სავარგულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი.“

ცისკარიშვილის ინფორმაციით, დატბორვის საფრთხე ემუქრება ახმეტის რაიონში მდებარე ზემო და ქვემო ალვანს, სადაც ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ადგილზე ჯებირი გაარღვია. თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შექმნილია სოფლებში - შახვეტილასა და ჭართალაში. ლეილა უძილაური, შახვეტილას თემის საკრებულოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ჭართალამდე მისასვლელი საავტომობილო გზა რამდენიმე კილომეტრზე მოარღვია:

[ლეილა უძილაურის ხმა] „ისევ წვიმა დაიწყო დილას და წყალმა მოიმატა. ზარალი... გზა სულ მთლად წაიღო, ფეხით თუ გადიან, ცოტაღაა დარჩენილი. თუ მოწყდა, მორჩა, გადავა სამეურნეო სავარგულებში და სახლებსაც დატბორვით ემუქრება. ჯერჯერობით ის პატარა რაღაცა აკავებს, მაგრამ აუცილებლად ჩამოანგრევს, წვიმამ თუ არ გადაიღო.“(სტილი დაცულია)

უძილაურის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია ელექტრო-გადამცემი ხაზები და ცენტრალური წყალსაცავი, რის გამოც ახმეტის რაიონს მესამე დღეა დენი და სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გამოიდარებს და მდინარეებშიც წყლის დონე შესამჩნევად დაიწევს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგნოზი ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მეტიც, გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძის თქმით, მდინარეებში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „მდგრადი სტაბილური ამინდი ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. 18-19-ში ველოდებით წვიმას აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება მდინარეებს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წყლის დონის ცვლილება, აღმოსავლეთში კი - წყლის დონის მატება მაღალი წყლიანობის ფონზე.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ამინდისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით არ ჭირვეულობს ხელისუფლება, რომელმაც, შესაძლოა, დაზარალებულ რაიონებს დახმარების მოცულობა გაუზარდოს. საქმე ის არის, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 20 მილიონ ლარს წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისად არ მიიჩნევს. მეტიც, დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან აღნიშნული თანხის გაორმაგებას ითხოვენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG