Accessibility links

logo-print

დე ფაქტო პრეზიდენტები რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების განლაგებას სთავაზობენ

  • ნინო როდონაია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი მზად არის, რუსეთის სურვილის შემთხვევაში, მისი სამხედრო ბაზები აფხაზეთში განალაგოს. რუსულ საინფორმაციო

სააგენტოთა ცნობით, ანალოგიური მზადყოფნა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმაც გამოხატა. თუმცა, სერგეი ბაღაფშისგან განსხვავებით, ედუარდ კოკოითის განცხადების საბოლოოდ დადასტურებას ცხინვალში არ ჩქარობენ. დე ფაქტო პრეზიდენტების ამ ტიპის აქტიურობას საქართველოს ხელისუფლება გაუგებარს უწოდებს.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსულ სამხედრო ბაზებს დისლოკაციის ადგილად გუდაუთას - და არამხოლოდ გუდაუთას - სთავაზობს. სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მოსკოვის სურვილის შემთხვევაში, აფხაზეთში ბაზებისთვის საჭირო ადგილი საკმარისად გამოიძებნება. რუსეთს სამხედრო ბაზების განლაგებისთვის ცხინვალის რეგიონს სთავაზობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტიც. ედუარდ კოკოითის განცხადება იმის თაობაზე, რომ ცხინვალი მზად არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქის ტერიტორია დაუბრუნოს, რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. ინფორმაციის დაზუსტებაზე უარი გვითხრა დე ფაქტო მთავრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ,,ინფორმაციის კომიტეტი გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას. მე ამჟამად რაიონში ვიმყოფები და კომენტარი არ შემიძლია.”

ინფორმაციის დეპარტამენტს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა მისი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ედუარდ კოკოითის საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების მისაღებად.
ცხინვალისგან განსხვავებით, საამისოდ სოხუმის მზადყოფნა სამშაბათს კვლავ დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრმა. ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც სერგეი ბაღაფშთან ერთად მოსკოვში იმყოფება, განაცხადა, რომ რუსული ბაზების განლაგება აფხაზური მხარის ინტერესს წარმოადგენს.
რამდენიმე ხნის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ანტიტერორისტული ცენტრის სახით, გუდაუთის ბაზის ამოქმედებას მოსკოვთან ერთად თბილისსაც სთავაზობდა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ,,საქართველო და რუსეთი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნაზე შეთანხმდნენ. ერთ-ერთ ასეთ ცენტრად, შესაძლოა, იქცეს გუდაუთის ბაზა, სადაც საამისოდ ყველა პირობა არსებობს.”

სერგეი ბაღაფშის მიერ მარტში გამოთქმულ ამ ინიციატივას, ისევე როგორც აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების განლაგების ამჟამინდელ იდეას, თბილისში მოსკოვის კარნახად მიიჩნევენ. საგულისხმოა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტამდე აფხაზეთში ბაზების შესაძლო დისლოცირების თაობაზე განცხადება რუსეთის გეოპოლიტიკურ პრობლემათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, გენერალმა ივაშოვმა გააკეთა. მისი და ბაღაფშის განცხადებების იდენტურობას იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი პაატა დავითაია რუსეთის ახალი პროვოკაციის შესაძლო მზადებად მიიჩნევს, უშუალოდ იდეას კი, თეორიული თვალსაზრისით, არარეალურს უწოდებს:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,სამართლებრივად ეს სრული აბსურდია, იმიტომ რომ, თუ ორმა პრეზიდენტმა, პუტინმა და სააკაშვილმა, მოაწერა ხელი ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით შეთანხმებას, აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და ამიტომ ვერ განლაგდება იქ ბაზები.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება რუსულ ბაზებთან დაკავშირებით სოხუმისა და ცხინვალის ინიციატივებს გაუგებარსა და უპერსპექტივოს უწოდებს. ამასთან, თბილისში მიიჩნევენ, რომ სამხედრო ბაზების გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პარალელურად მსგავსი იდეის გაჩენა, შესაძლოა, მოსკოვის ერთგვარი გზავნილი იყოს.
XS
SM
MD
LG