Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პოტენცია აქვს გაერთიანება სუამს`


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 მაისს იალტაში მუშაობა დაიწყო სუამის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ, რომლის დღის წესრიგშიც ამ რეგიონული გაერთიანების განვითარების პრინციპების ჩამოყალიბებაა შესული.

საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პარლამენტების თავმჯდომარეები, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებენ სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს შექმნაზეც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ ოთხი ქვეყნის სამართლებრივი ბაზის დაახლოებას. რამდენად საფუძვლიანია სუამთან დაკავშირებული იმედები?

1997 წელს დსთ-ს სივრცეში ახალი რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ყუმბარის აფეთქების დარი რეაქცია ჰქონდა - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პრეზიდენტები კარგა ხანს ამტკიცებდნენ, რომ სუამი დსთ-ს ალტერნატივა არ იყო და რომ ამ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გააქტიურების სურვილი ამოქმედებდათ. თუმცა სუამისადმი აშშ-ის განსაკუთრებული ყურადღებაც იმის ნიშანი იყო, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდავეთი მხოლოდ დსთ-ს სტრუქტურების მოუქნელობის გამო არ გაერთიანდნენ და რომ შესაძლო პარტნიორობის უკან უფრო ამბიციური ამოცანები იკითხებოდა. მაშინ ეს ამოცანები და მიზნები ვერ შესრულდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი დაუფარავად აცხადებს, თუ რა დატვირთვის მატარებელი უნდა იყოს სუამი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ საქართველომ უკვე შექმნა დემოკრატიული კონსოლიდირების მაგალითები. სუამის ბოლო სხდომას შეუერთდნენ რუმინეთი და ლიტვა. ჩვენი ინიციატივით დაიწყო იალტის პროცესი - თავის დროზე იალტამ გადაანაწილა ევროპა გავლენის სფეროებად. ახლა ჩვენ მოვახერხეთ საუბარი შავი ზღვის დემოკრატიული ქვეყნების იმ ახალი გაერთიანების შექმნაზე, რომელიც იქნება დემოკრატიისა და დემოკრატიული სტანდარტების და თავისი ხალხების უკეთესი ცხოვრების დამკვიდრების მაგალითი მთელი სივრცისთვის, მთელი პოსტიმპერიული სივრცისთვის.“(სტილი დაცულია)

საერთაშორისო არენაზე სუამის წარმატებული მომავლის გარანტიად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების პარლამენტების პარტნიორულ ურთიერთობას ასახელებს. ასამბლეის მონაწილეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპარლამენტო დონეზე სუამის წევრებს შორის ჯანსაღი დიალოგი ამ ქვეყნებში დემოკრატიის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის გარანტიაა.

ჯანსაღი დიალოგის მიუღებლობის დემონსტრირება 28 მაისს კიდევ ერთხელ მოხდა უკრაინის მეზობლად, ბელორუსიაში, სადაც მინსკის მახლობლად ბელორუსიის ინტელიგენციის რადის ყრილობა მიმდინარეობდა. ყრილობას ბელორუსიის ექვსი ოლქის 100 დელეგატი ესწრებოდა. როგორც ბელორუსიიდან ტელეფონით გვაცნობა ყრილობის საპატიო სტუმარმა, ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, სოსო ცისკარიშვილმა, ყრილობის დაწყებიდან ორ საათში ის ომონმა დაარბია.
XS
SM
MD
LG