Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ერაყში მყოფი ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო მისია


ორი დღით ადრე, ვიდრე თბილისში, რუსთაველის გამზირზე,

სამხედრო ძალების აღლუმი გაიმართებოდა, მთელი საქართველო ერაყში მყოფი ქართველი ოფიცრის დაჭრის ფაქტზე ლაპარაკობდა. ლეიტენანტი მიხეილ ქუთათელაძე ბაღდადის ახლოს ნაღმზე აფეთქდა სამ ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანტიერაყულ კამპანიაში საქართველოს მონაწილეობა არ იწვევს ისეთ მძაფრ პოლიტიკურ პროტესტს, როგორც კოალიციის სხვა წევრ ქვეყნებში, ქართველი ჯარისკაცის მძიმე ჭრილობისა და ერაყში მომხდარი ყოველდღიური ტერაქტების ფონზე, სულ უფრო ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, გადაისინჯოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რაც ერაყში სულ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცის გაგზავნაში მდგომარეობს.

ქართული სამხედრო მისია ერაყში მეოთხე წელს ითვლის. 70 კაციანი ქართული სამშვიდობო კონტინგენტი სამხედრო ამოცანას თავდაპირველად ასრულებდა ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში, რომელიც წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმად იყო მიჩნეული. ერაყში ჩასვლიდან მესამე თვეს ქართული ქვედანაყოფის ოთხმა მებრძოლმა პირველი საბრძოლო ჭრილობა მიიღო და ისინი გერმანიის ქალაქ რამშტაინში, ამერიკის ევროპული სარდლობის ბაზაზე, გადაიყვანეს, სწორედ იქ, სადაც ოთხი დღის წინ ბაღდადთან ახლოს დაჭრილი ლეიტენანტი მიხეილ ქუთათელაძე გადის მკურნალობას. თუმცა, როგორც გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, მისთვის ქართველ ჯარისკაცთა დაჭრის სულ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი.
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ერთი ასეთი ფაქტი მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ნაღმსატყორცნებით დაიბომბა ამერიკული ბაზა და იქ პატარა, სიცოცხლისათვის არასაშიში, ჭრილობები მიიღეს, ამერიკელებთან ერთად, ქართველმა სამხედროებმა. მესამე და ყველაზე ცნობილი რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ქართველმა ოფიცერმა მიხეილ ქუთათელაძემ ასეთი მძიმე ჭრილობები მიიღო.”(სტილი დაცულია)

სამშაბათს ბაღდადთან ახლოს ლეიტენანტ მიხეილ ქუთათელაძის დაჭრის ფაქტი საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად მშრალად, ყოველგვარი, როგორც იტყვიან, ანკეტური მონაცემების გარეშე, აცნობა საზოგადოებას. მასში ნათქვამი არ იყო, თუ კონკრეტულად რა ვითარებაში დაიჭრა ქართველი სამხედრო. სამაგიეროდ, მეორე დღეს ქართული სატელევიზიო სივრცე გაივსო კადრებით, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ მიდის დაჭრილი ქართველი ოფიცრის ოჯახში სანუგეშებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი; აჩვენებდნენ სოფელს, სადაც მიხეილ ქუთათელაძე იზრდებოდა; იხსენებდნენ მის მიერ განვლილ გზას, სამხედრო აკადემიის კედლებიდან, ვიდრე ერაყამდე. ყველას, ვინც ამ კადრებს უყურებდა, არ შეიძლებოდა არ გასჩენოდა ერთი მარტივი კითხვა, რომელიც ახლა შეიძლება ძალიან მკრეხელურად ჟღერდეს, მაგრამ არსებობის უფლება აქვს: რა იქნება მაშინ, რომელიმე ქართველი ჯარისკაცი ერაყში რომ დაიღუპოს? როგორი იქნება რეაქცია საზოგადოებისა, რომელიც, ძირითადად, დადებითად აფასებს ქართველი ჯარისკაცების ერაყში გაგზავნის ფაქტს? გავიხსენოთ, რომ თავის დროზე უკრაინა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ათჯერ აღემატება, იმდენად შეძრა 6 უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილმა, რომ თვით მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკოც კი იძულებული გახდა საპრეზიდენტო პროგრამაში შეეტანა ერაყიდან უკრაინული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა, რისი განხორციელებაც პრეზიდენტობის შემდეგ დაიწყო კიდეც. საქართველოში კი ლამის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ერაყიდან სამხედროების გამოყვანას თანმიმდევრულად ემხრობა, სახალხო დაცვის ლიგის თავმჯდომარე ირინა სარიშვილია, რომელმაც ერაყში ქართველი ჯარისკაცის დაჭრის ფაქტს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა:

[ირინა სარიშვილის ხმა] ”არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება კიდევ იქ და საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მოარული ხმები გვესმის, საკმაოდ შემაშფოთებელი. საუბარია ბოლო ნაკადზე, რომელიც გაეროს შტაბბინის დასაცავად წაიყვანეს. ანუ ეს ერთ-ერთი ყველაზ ცხელი წერტილია ერაყში.” (სტილი დაცულია)

შეშფოთებას საქართველოში მხოლოდ მოარული ხმები როდი იწვევს. საქართველო კოალიციაში შემავალი ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც, 2001 წლიდან მოყოლებული, საკუთარი სამხედრო მისია ერაყში 10-ჯერ გაზარდა. თუ პირველი ნაკადი ერაყში 70 კაცისაგან შედგებოდა, წელს ქართველი მშვიდობისდამცველების რაოდენობა უკვე დაახლოებით 850 კაცს შეადგენს. სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ეს რეკორდულად მაღალი პროცენტია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”დღეს ჩვენ გამოვდივართ საქართველოს მოსახლეობიდან გამომდინარე, რამდენი ადამიანიც გვყავს გაგზავნილი ერაყში, - დაახლოებით 850 კაცია, - მე მგონი, პირველ ადგილზე ვართ იმ კოალიციის ფარგლებში.”[სტილი დაცულია]

არის კიდევ სხვა გაანგარიშებაც. საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა მესამე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი ჰყავს გადატყორცნილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, საკმაოდ სარისკო ნაბიჯია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაგონება არ სურს: ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის არსებობა იყო ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც ვაშინგტონმა თანხმობა განაცხადა დაეფინანსებინა ახალი სამხედრო პროგრამა საქართველოში მას შემდეგ, რაც დასრულდა ქართულ-ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”. ახალი პროგრამა, რომელიც მეორე თვეა მიმდინარეობს თბილისთან ახლოს, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, მიზნად ისახავს ორი ქართული ბრიგადის წვრთნას და აღჭურვას. ახალი პროგრამის ვრცელი სახელწოდებაა პროგრამა ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის ფარგლებში”, რომლის არსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასე განმარტა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”ძირითადად, ეს არის ის ოპერაციები, რაც ახლაც ხორციელდება ერაყში, კოსოვოსა და ავღანეთში.”

თავის დროზე, როცა ამ პროგრამისათვის მსურველების შერჩევა იწყებოდა, საქართველოს სამხედრო უწყებამ, პროპაგანდის მიზნით, პოპულარული ახალგაზრდა მომღერლების, მწერლების, ჟურნალისტებისა და მსახიობების მობილიზება მოახდინა. კომუფლიაჟში გამოწყობილი ქართული ბომონდი არიგებდა ბროშურებს და ამაყობდა იმით, რომ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ ჩაწერილიყვნენ პროგრამაში, საიდანაც ერაყამდე ერთი ნაბიჯია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG