Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის თვალით უყურებს


17 ივნისს ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ 7 კანდიდატს შორის უდავო

ფავორიტად ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი მიიჩნევა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ მას 2 სერიოზული კონკურენტი ჰყავს - საუბარია ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მოჰამად ბაქერ ყალიბაფსა და ყოფილ განათლების მინისტრ მოსტაფა მოინზე. ერაყის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის თვალით უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ხუთშაბათის გამოსვლაშიც კარგად ჩანს. თუმცა კონდოლიზა რაისს 16 ივნისს ჟურნალისტების წინაშე მხოლოდ ირანის პრობლემებზე არ უსაუბრია - უზბეკეთის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხების გარდა, მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის და, მათ შორის, საქართველოს გაყინულ კონფლიქტებზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას დიდ კითხვის ნიშანს უსვამს. აშკარაა, რომ კონდოლიზა რაისი ამ მოვლენას დადებითი პოლიტიკური ძვრების სიბრტყეზე არ განიხილავს და მიაჩნია, რომ ირანში პოლიტიკური პროცესები მცდარი მიმართულებით ვითარდება. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანში გარკვეული ძალები პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების პარლამენტიდან გამოდევნას ცდილობდნენ და რომ ასეთებისთვის დაბლოკილი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსიც:

(კონდოლიზა რაისის ხმა) "როდესაც სისტემაში ვიღაც თვითნებურად წყვეტს და ახარისხებს, ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ვის – არა, ძნელია მოელოდე შედეგს, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. სწორედ ეს არის ირანის მთავრობის პრობლემაც."

კონდოლიზა რაისის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება, თუ რამდენად არსებით შედეგს გამოიღებს ირანში ჩატარებული არჩევნები და ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული დაპირისპირების აღმოსაფხვრელი გზების ძიებას. სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ირანს შეწყვიტოს ჰისბოლას დახმარება ლიბანში, ხოლო მეზობელ ავღანეთსა და ერაყთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

ხუთშაბათს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, კონდოლიზა რაისმა ასევე ისაუბრა იმ ტურნეს შესახებ, რომელიც პარასკევს დაიწყო და რომლის მარშრუტიც შეერთებული შტატების მოკავშირეებზე - ეგვიპტეზე, საუდის არაბეთსა და იორდანიაზე გადის. მოლაპარაკებათა მთავარი თემა ანტიტერორისტული ძალისხმევა და რეგიონში ბუშის ადმინისტრაციის პროდემოკრატიული პროგრამის დაჩქარება იქნება.

უზბეკეთს კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანდიჟანის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისაკენ უკვე მერამდენედ მოუწოდებს. ქვეყანაში აუცილებლად მიიჩნევს რეფორმებსაც:

(კონდოლიზა რაისის ხმა) "ექსტრემიზმის პოტენციური საფრთხის საპასუხოდ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა კი არ უნდა დაიხუროს, არამედ, პირიქით, ახალი და საღი ძალებისთვის უნდა გაიხსნას. ჩვენ ამას გამუდმებით ვეუბნებით პრეზიდენტ კარიმოვსაც და მის მრჩევლებსაც."

დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც საქართველოს შეეხება. კონდოლიზა რაისი აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სამხრეთ კავკასიაში არსებული გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ისაუბროს. სახელმწიფო მდივანი ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტებზე:

(კონდოლიზა რაისის ხმა) "ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ, მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ეს ზოგიერთი გაყინული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ რეგიონს არსებით ეკონომიკურ მოგებას მოუტანს და, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება."

რაისი და ლავროვი ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან ლონდონში, სადაც 7 ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობა იგეგმება.
XS
SM
MD
LG