Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მემარცხენეები და კაპიტალიზმის კრიტიკა გერმანიაში


გიორგი მაისურაძე, ბერლინი მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, გერმანიაში განახლდა დისკუსიები კაპიტალიზმის კრიტიკით. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ფრანც

მიუნტერფერინგმა თანამედროვე კაპიტალიზმი კალიების შემოსევას შეადარა, რაც არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ დასავლეთ ევროპაში ახალი პოლიტიკური დებატების საფუძვლად იქცა. დღეს მინდა სწორედ ამის შესახებ მოგითხროთ.

ამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში გერმანულენოვან პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი, რომელსაც „კალიების კაპიტალიზმი“ ეწოდება. მისი ავტორი არა რომელიმე რევოლუციური მოძრაობის ლიდერი ან გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა თეორეტიკოსი ინტელექტუალი, არამედ მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ფრანც მიუნტერფერინგია. რაც შეეხება თავად კალიების მეტაფორას, არც ის ეკუთვნის კაპიტალიზმის ყველაზე ცნობილ კრიტიკოს კარლ მაქსს, არამედ ღვთის რისხვის გამომხატველი ბიბლიური სიმბოლოა. ძველი აღთქმის მეორე წიგნის თანახმად, ღმერთმა ეგვიპტელებს სასჯელად კალიები მიუსია, რომლებმაც ქვეყანას მუსრი გაავლეს და მიწა უნაყოფოდ აქციეს. მიუნტერფერინგის თქმით, თანამედროვე კაპიტალიზმი ძარცვავს არა მხოლოდ მუშა-მოსამსახურეთა ფენას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებსაც. მიუხედავად სულ უფრო და უფრო მაღალი მოგებებისა, ცალკეული დიდი ფირმები თუ სამრეწველო და საფინანსო კონცერნები ყოველწლიურად ამცირებენ დასაქმებული პერსონალის რაოდენობას - მაგალითად, გერმანიის ყველაზე დიდი საფინანსო გიგანტი „დოიჩე ბანკი“, რომელსაც გასულ წელს კოლოსალური მოგება ჰქონდა, წელს კი საკუთარი თანამშრომლების 14%-ით შემცირებას აპირებს. ორიოდე წლის წინ გაბანკროტებულმა გერმანულმა ტელესაკომუნიკაციო კონცერნმა „მანესმანმა“ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი სამუშაოს გარეშე დატოვა, მისმა ხელმძღვანელობამ კი 20-დან 25 მილიონამდე ევრო საკუთარ ჰონორარებად გაინაწილა. გარდა ამისა, გერმანულ და, საერთოდ, დასავლურ სამრეწველო ფირმებს სულ უფრო ხშირად გადააქვთ საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც მათ იაფი მუშა-ხელის დაქირავებით გიგანტური მოგება აქვთ. ეს უკანასკნელი მოვლენა თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის უმთავრესი ტენდენციაა, რომელიც გლობალური კაპიტალიზმის ჰეგემონიას ამყარებს და მეოცე საუკუნის დასავლური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - სოციალურ სახელმწიფოს - მოშლით ემუქრება. იქმნება საფრთხე, რომ ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობა მეცხრამეტე საუკუნის კაპიტალიზმს დაუბრუნდეს. ამის საწინააღმდეგოდ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების საფრანგეთში გაჩნდა ანტიგლობალიზაციური მოძრაობა, სახელწოდებით „ატაკი“, რომლის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიო იყო. დღესდღეობით „ატაკი“ უდიდესი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც გლობალურ კაპიტალიზმსა და ნეოკოლონიალისტურ ტენდენციებს სამოქალაქო პროტესტით უპირისპირდება. ამ მოძრაობამ ხელი შეუწყო დასავლეთის იმ წამყვან ინტელექტუალთა მობილიზაციას გლობალიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ პუბლიკაციებსა თუ საჯარო გამოსვლებში ახალი კაპიტალიზმის საფრთხეზე საუბრობენ. თუკი კარლ მარქსი სასაქონლო ფეტიშიზმზე ლაპარაკობდა, დღეს იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი კაპიტალიზმს განიხილავს ახალ რელიგიად, რომელიც ყველა აქამდე ცნობილ რელიგიაზე მეტად ტოტალური და აბსოლუტისტურია. პოლიტიკურ ფილოსოფიაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარული წიგნის, „იმპერიის“, ავტორების ანტონიო ნეგრისა და მაიკლ ჰარდტის აზრით, კაპიტალისტური ლობი პოლიტიკურ ხელისუფლებას თანდათანობით საკუთარ ინსტრუმენტად აქცევს და მას ახალი ექსპანსიებისაკენ უბიძგებს, რაც დემოკრატიულ სისტემას იმპერიალიზმში გადასვლით ემუქრება. შეურიგებლად მემარცხენე ამერიკელი თეორეტიკოსის ნაუმ ჩომსკის აზრით, ტერორიზმი გლობალიზაციაზე რეაქცია და მისი ლოგიკური შედეგია. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ჟან ბოდრიარი კი თავად გლობალიზაციას აცხადებს ტერორისტულ მოვლენად.
ასეთ კრიტიკულ ატმოსფეროში გერმანელი პოლიტიკოსის მიერ კაპიტალისტების კალიებად გამოცხადება, ერთი შეხედვით, სრულიად არამოულოდნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა, მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლების სათავეში იმყოფებიან, სოციალური დაცვის სისტემის ძირეული რეფორმით კაპიტალიზმის სწორედ იმ სახით ექსპანსიას გაუხსნეს გზა, რომელსაც ამ პარტიის თავმჯდომარემ კალიების კაპიტალიზმი უწოდა. მმართველი პარტიის მხრიდან კაპიტალიზმის კრიტიკაში გერმანელთა საკმაოდ დიდი ნაწილი წმინდად წინასაარჩევნო ფარსს ხედავს და სოციალ-დემოკრატებს სოციალური სამართლიანობის პრინციპების ღალატში სდებს ბრალს. ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შროდერის წარუმატებელმა რეფორმებმა გერმანიის მთელი მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის დემორალიზაცია და დაქსაქსვა გამოიწვია, რაც მოახლოებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვებას გარდაუვალს ხდის. მეორე მხრივ კი, მემარცხენეების მათთვის ჩვეულ და კარგად გამოცდილ ოპოზიციურ როლში გადანაცვლება გერმანიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებისა და გამხიარულების იმედს იძლევა.
XS
SM
MD
LG