Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინს 1000-ს დღეზე ნაკლები რჩება


990 დღეც და პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვება რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ არ შეეცდება პრეზიდენტობის გახანგრძლივებას

(საამისოდ კონსტიტუციის შეცვლა იქნებოდა საჭირო). დღეების დათვლა კი მისმა ოპონენტებმა დაიწყეს. ისინი ცდილობენ, ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ - პუტინს შეახსენონ დანაპირები: არც ერთი დღით მეტი პრეზიდენტის პოსტზე.

[დემონსტრანტების შეძახილები] “ერთი, ორი სამი, პუტინო წადი”, - ეს შეძახილები 20 ივნისს ისმოდა მოსკოვისა და სანქტ პეტერბურგის ქუჩებში. ჩვენი კორესპონდენტი იყო მოსკოვში და როგორც მისგან შევიტყვეთ, დემონსტრაციას იქ სათავეში ედგა ოპოზიციურ პარტია “იაბლოკოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ილია იაშინი: [იაშინის ხმა] “ზუსტად 1000 დღეში ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი უნდა გადადგეს. 1000 დღეში მოუწევს გადადგომა და 1000 დღეში რუსეთს ეყოლება ახალი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. ეს ყველას გვჯერა. 3 წელიწადში რუსეთის პოლიტიკაში დასრულდება მთელი ეპოქა: პოლიტიკური ცენზურის ეპოქა, ჩეჩნეთში გაუთავებელი ომის ეპოქა, საკუთრების გადანაწილებისა და ბიზნესმენებთან ანგარიშის სწორების ეპოქა, მთავრდება ვლადიმირ პუტინის ეპოქა, დღეს ის დასკვნით სტადიაზე გადის. მოდით მივესალმოთ ამას: ვაშა!”

3 წელი დიდი დროა პოლიტიკაში და ამიტომაც იაშინის აღტაცებამ, შესაძლოა, მავანს ირონიული ღიმილი მოჰგვაროს. და მაინც - მოსკოვში გამართული დემონსტრაცია ცხადჰყოფს: რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უკვე ფიქრობენ პოსტ-პუტინისეულ პერიოდზე.

ამას ადასტურებს დემონსტრაცია პუტინის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგშიც: 40-მდე დემონსტრანტმა 1000-დღიანი კალენდარი გამოაკრა ქუჩაში, რომელზეც პუტინი გაიზარდა. იქვე აღმართეს პლაკატი შემდეგი შინაარსის წარწერით: “ამ ქუჩაზე გაიზარდა ხულიგანი, ჩეკისტი და მომავალი პრეზიდენტი. მისი მმართველობის შედეგია ის, რაც დაემართა ჩეჩნეთს, კურსკს, ნორდ-ოსტს, ბესლანს, მისგანვე გვაქვს ცენზურა და ვერტიკალური მმართველობა”.

თუ ახლა, შემთხვევით, პეტერბურგში ბრძანდებით და ამ წარწერისა და 1000-დღიანი კალენდრის საკუთარი თვალით ხილვა მოისურვეთ, ამაოდ დაშვრებით: ორივე მალევე მოაშორა პოლიციამ ქუჩას, რომელზეც პრეზიდენტია გაზრდილი.

მაგრამ დავუბრუნდეთ დემონსტრაციებს - ორივე, მოსკოვშიც და სანქტ პეტერბურგშიც, შესაძლოა, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ “ამის გამო უმნიშვნელოდ არ უნდა მივიჩნიოთო”-, ასე ფიქრობს მოსკოველი პოლიტოლოგი ვლადიმირ პრიბილოვსკი, რომელიც ამ გამოსვლებსა და მოძრაობა “ობორონას” ჩამოყალიბებეში ახალგაზრდების გააქტიურების, გათამამების ნიშნებს ხედავს.

აქ გავიხსენოთ: ახალგაზრდული მოძრაობა “ობორონა”, რაც თავდაცვას ნიშნავს, წელს შეიქმნა რუსეთში - სერბიაში, საქართველოში, უკრაინაში აპრობირებული მეთოდით - მოკლედ, “კმარას” რუსული ვარიანტია და თავის მიზნად ასახელებს არა რომელიმე პარტიის, თუ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერას, არამედ სამოქალაქო უფლებების დაცვას, არჩევნების სამართლიანობაზე ზრუნვას.

როგორც პოლიტოლოგი პრიბილოვსკი აღნიშნავს, მიუხედავად “ობორონასა” და მსგავსი ჯგუფების სისუსტისა, კრემლი მათში საფრთხეს ხედავს: [პრიბილოვსკის ხმა] “დღეს ისინი არ წარმოადგენენ სერიოზულ ძალას, მაგრამ ხვალ, სავსებით შესაძლებელია, ასეთ ძალად იქცნენ, ზეგ უკვე უთუოდ იქცევიან. ჩვენში კი ხელისუფლებას ყველაფრის ეშინია, განსაკუთრებით ახალგაზრდობის. საერთოდ, ყველგან, ყველა ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციას, ზოგადად. მაგრამ როცა ოპოზიცია ახალგაზრდულია - უფრო უკომპრომისოა, ძნელია, თითქმის შეუძლებელია მისი მართვა”.

შეიძლება, ძნელი, ან შეუძლებელიც იყოს, მაგრამ ხელისუფლება მცდელობას არ აკლებს... ივნისის შუა რიცხვებში, სპეცრაზმი შეიჭრა ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის მოსკოვის შტაბ-ბინაში: ორგანიზაციის წევრები უმეტესწილად ახალგაზრდები არიან, ფრიად აქტიურნი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე, ხშირად “შეიარაღებული” პამიდორებით და შეურაცხმყოფელი ფრაზებით. გუშინ მოსკოვის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის დაშლის შესახებ.

იმავდროულად, კონტროლის დასამყარებლად მშვიდობიან ზომებსაც მიმართავენ: ხელისუფლების მეცადინეობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული მოძრაობები, მათ შორის “ნაში” (ჩვენები), მაგრამ, ამბობს პოლიტოლოგი პრიბილოვსკი, “ნაშის” და მსგავს -ხელოვნურად, ზემოდან შექმნილ - ორგანიზაციებს შინაგანი ძალა, ენთუზიაზმი აკლიათ: [პრიბილოვსკის ხმა] “მარჯვნიდან მარცხნივ: მემარჯვენე ძალების კავშირის ახალგაზრდული ფრთით დაწყებული და წითელი ახალგაზრდობის სტალინური ავანგარდით დამთავრებული - ეს არის ცოცხალი, დამოუკიდებელი მოძრაობები, რომლებიც სპონტანურად წარმოიქმნა. რაც შეეხება მოძრაობებს “იდუშჩიე ვმესტე” და “ნაში” - ეს არის ბიუროკრატიული სტრუქტურები, რომლებიც პრაქტიკულად “ყიდულობენ” ახალგაზრდებს”.

დაბოლოს, თვით ახალგაზრდებსაც მოვუსმინოთ - უფრო ზუსტად, ერთ ახალგაზრდას, რომელსაც მოსკოვში 20 ივნისს გამართულ დემონსტრაციაზე გამოელაპარაკა ჩვენი კორესპონდენტი... [დემონსტრანტი ქალის ხმა] “გვინდა, ამ 1000 დღის შემდეგ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს არა პუტინის მემკვიდრე, მისი კლონი, არამედ ნამდვილი, ნორმალური პრეზიდენტი. ჩვენი სამი კაცი გამოვაწყეთ პუტინის ნიღბებით: ერთი სამბოს კოსტიუმით და თხილამურებით, მეორე სამხედრო იყო, მესამე კი ჩეკისტი - ნაცრისფერი ვირთხა ეპოლეტებით და თავზე პეტერბურგული ქუდით. აი გვინდა, რომ სამივემ თხილამურებით მიაშუროს მშობლიურ პიტერს”.

ეს სურვილი გამოთქვა 20 ივნისს მოსკოვში გამართული დემონსტრაციის მონაწილემ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინის მოწინააღმდეგეები რუსეთში კვლავინდებურად უმცირესობაში არიან: პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვი შთამბეჭდავ 70-თ პროცენტს აღწევს.
XS
SM
MD
LG