Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 10 ივლისი


“მიზანი მიღწეულია. აშკარაა: პოლიტიკოსები სულ

სხვა თვალით უყურებენ ჟურნალისტებს. ისინი მათთვის მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებსაც მხოლოდ ინფორმაციის მიღება სურთ, ისინი ახლა გაცილებით ახლობლები, შეიძლება ითქვას, შინაურებიც კი გახდნენ.”

ასე ამთავრებს თავის წერილს პაატა თოთაძე 8 ივლისს გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში ”ჟურნალისტური პოდიუმი”, რომელიც სავაჭრო ცენტრ ”ჯითისიში” გამართულ სანახაობას ეძღვნება. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტებმა დიზაინერ ეკა თადუმაძის მიერ შექმნილი სამოსი მოირგეს და სანახაობაზე პოლიტიკოსები მოიწვიეს - ერთი სიტყვით, ”გაუშინაურდნენ” მათ. ”ჟურნალისტური პოდიუმი” სწორედ იმ დღეებში მოეწყო, როცა ქვეყანაში ცენზურაზე და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობდნენ. ამიტომ იმ რადიომსმენელმა, რომელმაც არაფერი იცის ”სავაჭრო ცენტრში” გამართული ჩვენების შესახებ, შეიძლება იფიქროს, რომ ჟურნალისტებმა რაღაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს... დაუძახეს ხელისუფლებას, მათ შორის, გიგა ბოკერიას, რომელსაც დღეს ლამის ტელეკომპანია ”მზის” პოპულარული თოკ-შოუს - ”არჩევანის ზღვარზე” - დახურვა ბრალდება, და გამართეს პერფომენსი, დევიზით ”ხელისუფლებავ, ნუ ერევი ჩვენს მუშაობაში!”, ან ნაკლებად აგრესიული, მაგრამ ნამდვილად დროული პერფომენსი-აღსარება ”აღარ გვინდა ხელისუფლების სამსახურში ყოფნა”... მაგრამ ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით მოხდა, ჟურნალისტები მართლაც დაუახლოვდნენ ხელისუფლებას; უჩვენეს, რომ მშვენივრად შეუძლიათ პოდიუმზე გადაადგილება, თავისუფალი მოძრაობა. ”სამოდელო ბიზნესი”, მოგეხსენებათ, გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა - მოდელი არტისტი არ არის, სიტყვითაც რომ გამოვიდეს სცენაზე, მოდელებს მოეთხოვებათ დაიცვან დისტანცია, აჰყვნენ მუსიკას, გაუღიმონ პუბლიკას... ეს ამოცანა ჩვენმა მედიამ ”ხუთიანზე” შეასრულა - გიგა ბოკერიას, კოტე კემულარიას, კახა ლომაიას და სხვებს იმ საღამოს ”ბევრი უღიმეს”... პოდიუმის წამყვანმა გულწრფელად აღნიშნა კიდეც, თქვენი ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართო.

[ხმა] ”დღეს ისევ თქვენი ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ.”

ცხადია, ტელეჟურნალისტებს - მათ შორის, ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტებს -აქ იმის თქმა უნდოდათ, რომ ”მაყურებლის ინტერესების სადარაჯოზე” დგანან, მაგრამ როცა ”სავაჭრო ცენტრში” მხოლოდ პოლიტიკურ-საესტრადო ელიტას დაპატიჟებ და იმავე გიგა ბოკერიას ისე გაუღიმებ, რომ ლინდა ევანგელისტასაც შეშურდება, ტელემაყურებელმა, რომლის ”ინტერესების სადარაჯოზე დგახარ”, შეიძლება აღარ დაგიჯეროს. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტები ერთნაირადაა დამახასიათებელი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ხელისუფლებასთან ”გაშინაურებული” ჟურნალისტებისთვის.

[ლაშა ბაქრაძის ხმა]“ერთხელ უკვე დავწერე, რომ ხელისუფლებასა და ჟურნალისტურ მედიას შორის არის მანკიერი კავშირი, რომელიც ერთიან საერთო ელიტას ქმნის. ესაა ძალიან ცუდი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რას უნდა მოველოდეთ ჟურნალისტებისაგან, რომლებიც ყოველდღე საღამოებს ატარებენ პოლიტიკოსებთან ერთად. შესაძლებელია განა მათგან მოველოდეთ, რომ ისინი კრიტიკულად იქნებიან განწყობილნი?”

მაგრამ ამ კვირაში მიმდინარე მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ჟურნალისტები, მართლაც, კრიტიკულად არიან განწყობილნი... უბრალოდ, თბილისი პატარა ქალაქია და ჟურნალისტების ბრალი არ არის, ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ გადაეყარა სადღაც ღამის კლუბში თუ ”სავაჭრო ცენტრში”. ამ შემთხვევაში თავისუფალმა მედიამ პასუხი, პირველ რიგში, ”პოდიუმის” ორგანიზატორებს უნდა მოსთხოვოს... რატომ ”სავაჭრო ცენტრი”? რას მიანიშნებენ ამით ორგანიზატორები? იმას, რომ ”ცივილიზებული ბაზრობა”, თავისი ყიდვა -გაყიდვით, ხელისუფალი-პოლიტიკოსი და მედია საქართველოში ერთ მთლიან მხატვრულ სახეს ქმნის?

[ლაშა ბაქრაძის ხმა]“ესაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს მუდმივად კოჭს უგორებს. არა მარტო ჟურნალისტები გამოდიან ჩონგურებით ხელში... არამედ პოლიტიკოსებშიც მიღებული გახდა ეს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახოთ პოლიტიკური ელიტა ასევე პოდიუმზე რომ გამოდის, მით უმეტეს, რომ გვყავს შესანიშნავი ქალები პარლამენტშიც და სხვაგანაც, რომლებიც არანაკლებ ღირსეულად ჩაიცმევენ ჩვენი წამყვანი მოდელიორების ტანსაცმელს. აქ ყალიბდება ეგრეთ წოდებული მხიარული საზოგადოება, რომელიც შეხმატკბილებულია ერთმანეთში და მუდმივად სურს იყოს გახარებული და კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ამას ვხედავთ ხშირად, როცა ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში დადიან – იქ როგორ “ლაღობენ”, როგორ მღერიან და ცეკვავენ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ამ დღეებში ჟურნალისტები არა მარტო ”ლაღობდნენ”, მათ კონცერტიც მოაწყვეს წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად იმღერეს საქველმოქმედო აქციაზე, რომელსაც ერთ პოპულარულ რადიოგადაცემაში ”წყალწაღებულები - წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად” უწოდეს. არის ამ შეფასებაში გარკვეული ქედმაღლობა... ის ხალხი, ვისაც ქილიკის მოყვარულები ”წყალწაღებულებს” უწოდებენ, უაღრესად პოპულარულ სახეებად ითვლებიან საქართველოში. საქველმოქმედო აქციების მიზანი კი სწორედ ამ ხალხის გამოჩენაა; როცა ეგრეთ წოდებული ”ცნობადი სახე” წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად იღვწის, შესაძლებელია, მდიდარ ხალხსაც აუჩუყდეს გული. ამ შემთხვევაში ”მხიარულ საზოგადოებას”, რომელსაც პოლიტიკოსები და ტელევარსკვლავები ქმნიან, კიდევ ერთი სოციალური ფენა ემატება - ბიზნესმენები.

[მუსიკა]


[ლაშა ბაქრაძის ხმა] “მედიის ვარსკვლავები არიან საზოგადოებაში, როგორც ჩანს, პოპულარულები. მათ აზრს და სიმღერას გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაში, ისინი კარგად გამოგვადგებიან რაიმე კეთილი მიზნების მისაღწევად. ამაში ცუდი თავისთავად არაფერი არ არის, მაგრამ თვითონ ჟურნალისტები თავის თავს წარმოიდგენენ ვარკვლავებად. ეს არის, ჩემი აზრით, არაპროფესიონალური დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, რადგან ჟურნალისტი, პირველ რიგში, ჟურნალისტია, შემდეგ მომღერალი და შემდეგ მოდელი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ საქართველოში უკვე შეიქმნა მომღერალი და მოდელი ჟურნალისტების მთელი არმია, რომელიც ძლიერია იმიტომ, რომ ავტორიტეტი აქვს. ავტორიტეტულ ხალხს კი უფრო ადვილად შეუძლია მართოს საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ასე ფიქრობს ხელისუფლება, რომელიც ღიმილითვე უპასუხებს ჟურნალისტების ღიმილს... და ასე ფიქრობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც დარწმუნებულები არიან - ისე კარგად მღერიან, ისე კარგად გადაადგილდებიან პოდიუმზე, რომ მათი უფლებების შეზღუდვას საზოგადოება ვერ აიტანს... უბრალო მაყურებელიც აღფრთოვანდება მათი ასეთი სიმღერით და უკანასკნელ ”თეთრებს” თუ ”ლარებს” გადარიცხავს წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად.

[მუსიკა]

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “ხალხისათვის დღეს ავტორიტეტები არიან ისინი, ვინც ჩანან ტელეეკრანებიდან. ესეც ძალიან ვიწრო ჯგუფია საზოგადოებისა, რომელსაც დღეს ტელეეკრანებიდან ვხედავთ. ჟურნალისტები არიან და ამ ჟურნალისტებთან დაახლოებული პირები, რომლებიც ითვლებიან, რომ მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებულ “ცნობად სახეებს”, ერთი პატარა ჯგუფი, საბოლოო ჯამში, განაპირობებს, თუ ვინაა საზოგადოებისთვის მისაღები ან არმისაღები. სამწუხაროდ, “ცნობად სახეებს” დღეს ტელევიზია ქმნის და რეალურ სურათს საზოგადოებისას ჩვენ ვერ ვხედავთ.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG