Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიზი ,,იპოვნე საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში!” კვლავ აქტუალურია


საქართველოში ორი წლის წინანდელი პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად მიჩნეული საარჩევნო სიების სრულყოფილების საკითხი კვლავ აქტუალურია.

რამდენიმე თვეში ქვეყანაში კიდევ ერთი შუალედური საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ხუთ ოლქში დაგეგმილი საშემოდგომო არჩევნებისთვის მზადება 2004 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილი სიების საფუძველზე მიმდინარეობს. პირველადი საარჩევნო სიების გამოქვეყნება დამოკიდებულია შუალედური არჩევნების კონკრეტულ თარიღზე, რომელიც ჯერჯერობით არ განსაზღვრულა. მინდა ელექტორატის სიებთან დაკავშირებულ, უკვე ცნობილ, რამდენიმე დეტალზე მოგითხროთ.


2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში რეგისტრირებული იყო 2 მილიონ 800 ათასამდე ამომრჩეველი. რევოლუციის შემდგომმა პირველმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სიები განაახლა და, როგორც თავად აცხადებდა, 700 ათასი ე.წ. ,,მკვდარი სულით” შეამცირა. შარშანდელ საპრეზიდენტო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია თავად უნდა გაევლოთ. გასული წლის მარტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 343 ათას 87 იყო. ამ შემოდგომაზე ხუთ ოლქში დაგეგმილი შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის სწორედ შარშანდელი მარტის მონაცემებს გამოიყენებენ. ცსკ-ის თავმჯდომარის გია ქავთარაძის განმარტებით, სიებს დაემატება მათ კომპიუტერულ სისტემაში დაცული და საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაცია:

[გია ქავთარაძის ხმა] ,,სია იკვრება უბნის გახსნასთან ერთად. უბნის გახსნა დამოკიდებულია არჩევნების თარიღზე. დაინიშნება არჩევნები, გადმოითვლება უკანა თარიღით, როდის უნდა გაიხსნას უბანი და იმ თარიღისთვის პირველადი სიები იქნება გამოკრული უბნებში და შემდეგ უკვე მოხდება მისი დამუშავება.” (სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, იურისტი ბადრი ნიაური ამბობს, რომ შარშანდელი მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყენებული სიების სრული კომპიუტერული ვერსია არ არსებობს:

[ბადრი ნიაურის ხმა] ,,ამიტომ, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მხოლოდ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სიები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად.” (სტილი დაცულია)

საარჩევნო სიების არასრულყოფილება საქართველოში რევოლუციის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზადაა მიჩნეული. 2 ნოემბრის არჩევნებისთვის სიების მომზადებაში მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აიფიესი,” რომელმაც, მიუხედავად წარმოქმნილი ეჭვისა, ანალოგიური სიების ელექტრონული ვერსია 28 მარტის არჩევნებისთვისაც მოამზადა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევას ბადრი ნიაური მოითხოვდა:

[ბადრი ნიაურის ხმა] ,,დღემდე არათუ ,,აიფიესის,” არამედ თავად 2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების საკითხიც კი გაწელილია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცოტა გაუგებარია, ლამის 2 წლისთავზე საზოგადოებისათვის რატომ არის უცნობი გაყალბებული არჩევნების დეტალები.” (სტილი დაცულია)

საარჩევნო სიების სრულყოფას საქართველოსგან უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ მოითხოვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. კანონის თანახმად, პირველადი სიები უნდა მოამზადონ იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებმა, ცსკ-ს კი მხოლოდ მონაცემების დაზუსტება ევალება. კომისიის თავმჯდომარე გია ქავთარაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ამგვარი კანონმდებლობისა, სიების არასრულყოფილების გამო, როგორც წესი, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას საყვედურობენ:

[გია ქავთარაძის ხმა] ,,კანონში წერია, რომ წელიწადში ორჯერ მათ უნდა მოგვაწოდონ განახლებული სიები. გავუგზავნეთ უკვე წერილები, რომ ეს არ დაავიწყდეთ.” (სტილი დაცულია)

მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა წესით უნდა იქმნებოდეს ელექტორატის სია, არაერთგვაროვანია. რაც შეეხება სრულყოფას, საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი ბადრი ნიაური დარწმუნებულია, რომ ამას მხოლოდ ნება სჭირდება:

[ბადრი ნიაურის ხმა] ,,დღეს საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად. ნაწილი თვლის, რომ წინასწარი რეგისტრაციის მექანიზმი კვლავ უნდა ავამოქმედოთ, ხოლო ნაწილი თვლის, რომ ჯერ სიები უნდა იყოს და არჩევნები მერე ჩატარდეს. პრობლემა საარჩევნო სიების შექმნისა დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ამას სჭირდება კეთილი ნება და, ალბათ, შორს განჭვრეტა.” (სტილი დაცულია)

,,არ გაუმართლებს ხვალ იმ ნაციას, ვინც არ გაივლის რეგისტრაციას!” - კოტე ყუბანეიშვილის ეს ნააზრევი შარშანდელი არჩევნების ერთ-ერთი ოფიციალური დევიზი იყო. ამ იმედით, გასულ წელს რეგისტრაციის სურვილს მოქალაქეთა ნაწილი უშუალოდ არჩევნების დღესაც გამოთქვამდა. წელს, სავარაუდოდ, ამგვარი უფლება აღარ გვექნება, რადგან საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ცვლილება არჩევნების დღეს სიების კორექტირებას აკრძალავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG