Accessibility links

13 წლის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ

  • ნინო როდონაია

ხუთშაბათს 13 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც, საქართველოსა და რუსეთის მიერ დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში

შერეული სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
შერეული კონტინგენტი აერთიანებს ქართველ, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებს, რომელთაგან ყველაზე მცირე რაოდენობით კონფლიქტის ზონაში ქართველი სამხედროები იმყოფებიან.
სამშვიდობო ძალების რუსულ კონტინგენტს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სტაბილურობის ერთადერთ გარანტად მიიჩნევს. ამავე შემადგენლობას პერიოდულად სეპარატისტების ხელშეწყობაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლება.


1992 წელს დაგომისში ხელმოწერილ შეთანხებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების გამოყენების კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრავს. უკვე 13 წელია რეგიონში იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილია. რუსი სამხედროების ოფიციალური მისია რეგიონში მშვიდობის ხელშემწყობ ოპერაციაში მონაწილეობაა.
დადგენილი კვოტის შესაბამისად, ამჟამად კონფლიქტის ზონაში 500 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფება. ანალოგიური კვოტა აქვს ქართულ მხარესაც. საწყის ეტაპზე კონფლიქტის ზონაში 300-მდე ქართველი მშვიდობისმყოფელი მსახურობდა, წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდში კი მათი რაოდენობა დაახლოებით 150-მდე შემცირდა.
შევარდნაძის მთავრობის უუნარობის ერთ-ერთ გამოხატულებად სწორედ ამ ფაქტს ასახელებდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ კვოტის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობდა. ამჟამად ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ნაწილი მხოლოდ 70-მდე სამხედროთია დაკომპლექტებული. ხელისუფლების ამგვარი პოზიციის მიზეზი უცნობია გაზეთ ,,კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ალადაშვილისთვის:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ,,მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მიმაჩნია, რომ სამშვიდობო ძალების ის გამოყოფილი კვოტა, რაც გვაქვს, ჩვენ, წესით, უნდა ავითვისოთ, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს ქართულმა ან შერეულმა საკონტროლო-გამშვებმა პუნქტებმა; მოხდეს იმის დაფიქსირება, სად ვინ შედის, მოსახლეობა ან სხვა ძალები, ან იარაღი ხომ არ შეაქვთ. იმიტომაა ეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები.” (სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ცხინვალის რეგიონში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელთა რაოდენობა საჭიროების შესაბამისია.
სამხედრო საკითხთა ექსპერტი, ბრიგადის გენერალი გიორგი გოგაშვილი კვოტას უწოდებს პოტენციალს, რომელიც რეალობის შესაბამისად იზრდება ან მცირდება. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას კი წინ უნდა უძღოდეს კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შეფასება და სამშვიდობო კონტინგენტისთვის კონკრეტული ამოცანის განსაზღვრა. მეთოდი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრომ ქართული სამშვიდობო კონტინგენტის ამჟამინდელი რაოდენობა დაადგინა, გიორგი გოგაშვილისთვის უცნობია:

[გიორგი გოგაშვილის ხმა] ,,მე ვიცი ლოგიკა როგორი უნდა იყოს და პრინციპი როგორი უნდა იყოს მიდგომის. ინფორმაცია უნდა გქონდეს და იქ მოახდინო რეაგირება დაუყოვნებლივი სიტუაციის ცვლილებაზე. შეიძლება ჩვენი ხელისუფლება ამას აკეთებს და სამხედრო ხელმძღვანელობა ამაზე მუშაობს, მაგრამ ხმამაღლა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ მე არ გამიგია არაფერი.” (სტილი დაცულია)

გასული წლის ზაფხულში, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, საქართველოს პარლამენტმა ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო კონტინგენტი კოკოითის ხელისუფლების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. თითქმის ერთი წლის წინანდელ განცხადებაში დეპუტატები რუს მშვიდობისმყოფელებს ბრალს მიზანმიმართულ უუნარობაში სდებდნენ და სპეციალური განცხადების პროექტის პირველ ვარიანტში რეგიონიდან მათ გაყვანას მოითხოვდნენ, თუმცა საბოლოო, ოფიციალურ, ვარიანტში მხოლოდ მანდატის შეცვლის მოთხოვნა ჩაიწერა. მას შემდეგ მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი შეიცვალა. გენერალ ნაბზდოროვისგან განსხვავებით, გენერალ კულაჰმეტოვთან საქართველოს ხელისუფლებას რაიმე სერიოზული კონფლიქტი ჯერჯერობით არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG