Accessibility links

ჰარი პოტერის მე-6 წიგნი უკვე გამოვიდა!


ჰარი პოტერის მაგიურმა 5-მა წიგნმა მსოფლიოში მილიონობით მკითხველი უკვე დაატყვევა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი. პატარა ჯადოქარი ბიჭუნას თავგადასავლების (ასე ნანატრი) მე-6 წიგნი კი 16 ივლისს გამოჩნდა.



წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც სპეც-ეფექტები უძღოდა წინ, ერთობ უჩვეულო დროსა და უჩვეულო გარემოში შედგა.

(ისმის უსაფრთხოების სისტემის სიგნალი და კარის ხმა)

უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვითა და დიდი პატივით ჩააბრძანეს ჰარი პოტერის ახალი, მე-6 წიგნის ეგზემპლარი დაჯავშნულ ავტომობილში. ეს რამდენიმე დღის წინათ, ნიუ-იორკში მოხდა. ეგზემპლარმა, რომელიც ავტორის – ბრიტანელი ჯოან კეთლინ როულინგის მიერ არის ხელმოწერილი, ოკეანე ასევე დიდი პატივით გადმოლახა და ბრიტანეთში ჩამობრძანდა.

ჰარი პოტერის მე-6 წიგნის ასეთი დიდებული "მგზავრობა" ერთ-ერთია იმ მრავალ სპეც-ეფექტს შორის, რომელიც მის გამოჩენას უსწრებდა წინ. თუმცა არანაკლებ საინტერესო იყო უშუალოდ გამოჩენის პროცესიც. ეს შუაღამისას მოხდა. უფრო კონკრეტულად კი პირველის ერთ წუთზე, ანუ მაშინ, როცა შაბათი, ანუ 16 ივლისი ზუსტად 1 წუთის დამდგარი იყო. "ჰარი პოტერი და ნახევარ-უფლისწული" – ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელმაც მკითხველები ჯერ კიდევ გამოჩენამდე შეშალა ჭკუიდან. წიგნების ინტერნეტ-მაღაზიის ამაზონის (Amazon.com) საშუალებით, ჯერაც გამოუსვლელი მე-6 წიგნი, 16 ივლისამდე, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა.

საკმაოდ შთამბეჭდავია ჰარი პოტერის პირველ 5 წიგნთან დაკავშირებული ციფრებიც. 1997 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ჯადოქარი ბიჭუნას პირველი თავგადასავალი გამოიცა, მსოფლიოს მასშტაბით ჰარი პოტერის 250 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს ჯადოსნური ისტორია ითარგმნა 60-ზე მეტ ენაზე, მათ შორის – ქართულადაც. პარალელურად, ჰარი პოტერის საოცარ ცხოვრებაზე 3 ფილმიც გადაიღეს, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერ-ჯერობით.

(ისმის მუსიკა კინოფილმიდან)

ჯადოქარი ბიჭუნას ახალ თავგადასავალს იმედით უყურებენ წიგნის გამავრცელებლები:

(ჯონ ჰაუვალსის ხმა) "ეს იქნება ამ წლის და ჯერ-ჯერობით - საუკუნის უდიდესი წიგნი... და ეს, ალბათ ყველა, დროის ერთ-ერთი უდიდესი წიგნი იქნება".

ეს ჯონ ჰაუვალსია - ბრიტანეთის წიგნის მაღაზიათა ქსელის ოტაკარის (Ottakar) წარმომადგენელი. სხვათა შორის, ჰარი პოტერის პატივსაცემად, ამ კვირაში ქსელმა პოტაკარი დაირქვა. ქსელში შემავალ 130 მაღაზიაში 16 ივლისს, შუაღამისას, პირველის ერთ წუთზე, ჰარი პოტერის შემობრძანებას დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. გაიმართა წვეულებები, სადაც უამრავი ადამიანი ჰარი პოტერის წიგნების პერსონაჟებს განასახიერებდა.

ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებოდნენ ბავშვები, რომლებსაც, ჰაუვალსის თქმით, ჰარი პოტერმა ზოგადად - წიგნი და კითხვა შეაყვარა:

(ჯონ ჰაუვალსის ხმა) "ვფიქრობ, მას უდიდესი გავლენა ჰქონდა. დიახ, ბავშვები კითხულობენ ჰარი პოტერს, თითეულ წიგნს – რამდენჯერმე... მაგრამ მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება გააკეთონ ეს?! და ამიტომ ჰარი პოტერის მომდევნო წიგნის გამოსვლამდე (დროის საშუალოდ 2-წლიან მონაკვეთში), ჟინის დასაკმაყოფილებლად, ბავშვები სხვა წიგნებსაც ეძებენ ხოლმე".

ვიდრე პირველ წიგნს დაწერდა და მსოფლიოს გადარევდა, ჰარი პოტერის ავტორი – ჩვეულებრივი მარტოხელა დედა იყო და ოჯახის გამოსაკვებად, ცხოვრებასთან ბრძოლა უწევდა. დღეს კი, ჯოან კეთლინ როულინგი საქვეყნოდ ცნობილი და დაფასებული მულტიმილიონერია. ამ მარტოხელა დედის საოცარი ისტორია ბევრს აიმედებს და აჯერებს, რომ ამ ქვეყნად სასწაულებიც ხდება.

როგორი დამოკიდებულება აქვს ავტორს ჰარი პოტერთან და მის ისტორიასთან, ამაზე ჯოან კეთლინ როულინგი თავად საუბრობს:

(ჯოან კეთლინ როულინგის ხმა) "ამის შეწყვეტა ძალიან ძნელი იქნება. მართალია მე პოსტ-ჰარის ეპოქას ჩემს ცხოვრებაში მოუთმენლად ველოდები – რადგანაც ამ პროცესის თანმხლები ზოგიერთი მოვლენა საკმაოდ არასასიამოვნოა ჩემთვის – მაგრამ, ამავე დროს, მე მეშინია ჰარის მიტოვება. გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მღელვარე მონაკვეთი იყო. ამაზე მე ძალიან ბევრი და ძალიან დიდხანს ვიმუშავე. და როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ვფიქრობ, რომ დიდ სიცარეიელეს დატოვებს".

თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არ მოხდება. როგორც ამბობენ, ჰარი პოტერის მე-6 წიგნს, წესით, კიდევ ერთი, დამაგვირგვინებელი წიგნი უნდა მოჰყვეს. ასე რომ, თაყვანისმცემლებს ჯადოქარი ბიჭუნა კიდევ გააოცებს.

(ისმის მუსიკა კინოფილმიდან)
XS
SM
MD
LG