Accessibility links

logo-print

ჩინეთი - ევროპის კავშირის "სტრატეგიული პარტნიორი"?


ბოლო კვირებისა და თვეების მანძილზე

ევროპის კავშირის ხსენებას თითქმის უცილობლად ახლდა სიტყვები "უთანხმოება", "დავა", "კონფლიქტი" ან სულაც "კრიზისი". ეს ყველაფერი, უწინარესად, უკავშირდებოდა წარუმატებელ რეფერენდუმებს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში, სადაც ამომრჩეველმა გადაჭრით უარყო ევროკონსტიტუციის პროექტის მისთვის შეთავაზებული ვარიანტი. ამ "შიდაევროპულ" დაპირისპირებას საკითხს "ახალი ევროპის" რამდენიმე გამოშვება მივუძღვენით; დღეს კი გვინდა, "ძველი კონტინენტის" საზღვრებს გავცდეთ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ ასპექტზე - ჩინეთთან მის ურთიერთობაზე გესაუბროთ. რატომ მაინცდამაინც ჩინეთთან და რატომ მაინცდამაინც ახლა?

ევროპის კავშირის ლიდერთა გამოსვლებში, როცა ჩინეთთან ურთიერთობის თემას შეეხებიან, ხშირად გაიგონებთ დახასიათებას "სტრატეგიული პარტნიორი". მაგრამ თუ რეალურ სურათს დავაკვირდებით, ეს სიტყვები ევროპელთა მხრიდან მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოს წინაშე ხარკის მოხდად ან დიპლომატიურ ფორმულად უფრო წარმოგვიდგება.

თავად განსაჯეთ: დღემდე მოქმედებს ემბარგო ჩინეთთან იარაღით ვაჭრობაზე, რომელიც ევროპის კავშირმა ჯერ კიდევ 1989 წელს შემოიღო - მას შემდეგ, რაც პეკინის ხელისუფლებამ ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია და სისხლი დაღვარა; მეორეც: ევროპელი პოლიტიკოსები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, ჩინეთის კომუნისტურ ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ რომ არ მოუწოდონ და დროდადრო თითიც კი დაუქნიონ ამა თუ იმ დისიდენტი მოღვაწის დაპატიმრების გამო. ან თუნდაც ტაივანის საკითხი რად ღირს: ევროპელები აქაც ურჩევენ "სტრატეგიულ პარტნიორს", პოლიტიკური დიალოგი წამოიწყოს კუნძულთან, რომელსაც პეკინი სეპარატისტულ რეგიონად და, შესაბამისად, თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად პეკინში ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს ვიზიტი, რომელიც გასული კვირის მიწურულს გაიმართა. მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრს ბო ძილაის ბაროზუ დაპირდა, რომ ევროკავშირი აუცილებლად განიხილავს ჩინეთისთვის "საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის" სტატუსის მინიჭების საკითხს, ოღონდ საამისოდ პეკინმა გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრიუსელი ჩინეთის ეკონომიკას მართლაც აღიარებს "საბაზრო ეკონომიკად" და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს გააღრმავებს, ეს სულაც არ ნიშნავს პოლიტიკური ურთიერთკავშირის პარალელურ თუ სინქრონულ განმტკიცებას. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვები, რომელიც მან ამ ორიოდე კვირის წინათ წარმოთქვა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "1980-იანი წლების მეორე ნახევრის ევროპისგან განსხვავებით, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას არ მოჰყოლია პოლიტიკური ურთიერთობის გაუმჯობესება. პირიქით, ჩინეთის ეკონომიკურმა წინსვლამ და მისმა აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში გააჩინა შიში, რომ მოღონიერებულმა ჩინეთმა ეკონომიკური ძლიერება, შესაძლოა, საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს; და რეგიონის მთავარ ძალად იქცეს - როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად."

თუმცა, ისევ ჟოზე მანუელ ბაროზუს ვიზიტს დავუბრუნდეთ. ჩინეთის ლიდერთან ჰუ ძინტაოსთან შეხვედრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს მოუწოდა, რატიფიკაცია გაუკეთოს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციას, რომელსაც პეკინმა 1998 წელს მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას, ბაროზუმ აღნიშნა:

[ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "რამდენად მყარი და სტაბილური გამოდგება ჩინეთის საშინაო მდგომარეობა, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს იგი პოლიტიკური რეფორმების გატარებას მეტი დემოკრატიისა და მეტი სამოქალაქო თავისუფლების მიმართულებით. ჩვენი ღრმა რწმენით, მართვის მეთოდების შემდგომი გაუმჯობესება, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება საკვანძო ელემენტებია ჩინეთში მიმდინარე სარეფორმო პროცესის საბოლოო წარმატებისა."

ჟოზე მანუელ ბაროზუს ამ სიტყვებიდან იოლად შეიძლება დავასკვნათ, რომ იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს მოხსნა-არმოხსნა დიდად იქნება დამოკიდებული ჩინეთში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე. თუმცა, არა მარტო ამაზე: როგორც ბაროზუმ ხუთშაბათს, რეიტერის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება კონსენსუსის მიღწევა თვით ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

[ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "იარაღის ემბარგო მეტად რთული საკითხია. მასზე მსჯელობა ჯერ არ დაგვიმთავრებია. პირიქით, ამ მხრივ წინ მივიწევთ. მაგრამ ჩვენი აზრით, დიდი შრომა უნდა გავწიოთ ევროპაში კონსენსუსის მისაღწევად. ჩვენ ხომ 25 ქვეყანა ვართ, 25 დემოკრატიული ქვეყანა, და ანგარიშს უნდა ვუწევდეთ საზოგადოებრით აზრს ყოველ ცალკეულ ქვეყანაში. ამიტომ არის, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ დიდი ძალისხმევა მოგვიწევს."
XS
SM
MD
LG