Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვაშლიჯვარში მდებარე სარდაფმა გააოცა


საგამოძიებო ჯგუფმა თბილისში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ვლადიმერ არუთუნიანის საცხოვრებელი სახლის სარდაფის გამოკვლევა დაასრულა.


შედეგებით გაოცება გამოხატეს ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე კორპუსთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა. კონკრეტულად რა ნივთიერების შემცველ ყუთებს ინახავდა არუთუნიანი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ექსპერტიზის შედეგები, სავარაუდოდ, ათ დღეში გაირკვევა.

ოთხშაბათს ვაშლიჯვრის დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი საეჭვო ნივთიერებების შემცველი ყუთების, სხვადასხვა ხელსაწყოების, ავტომანქანის სანომრე ნიშნების, ბოთლების, ფოტოსლაიდებისა და სხვა ნივთებისგან დაცალეს ქართველმა და ამერიკელმა კრიმინალისტებმა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით გასულ კვირას დაკავებული ვლადიმერ არუთუნიანის სარდაფში:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ყველანი ვართ გაოცებული. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ, ასე ვთქვათ, დაწეს.... ამ სარდაფში აღმოჩნდა იმდენად ბევრი და იმდენად პოტენციურად საშიში ნივთიერება, რომ თვითონაც გაკვირვებულები არიან. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი ქართული და ამერიკული სპეცსამსახურებისა და კრიმინალისტური ლაბორატორიების თანამშრომლობის." (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, არუთუნიანის სარდაფის კვლევას ამერიკელი ექსპერტების მიერ ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების სახეც ჰქონდა. მით უმეტეს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული აპარატურა ქართველ კრიმინალისტებს არასდროს უნახავთ:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "პრაქტიკულად ამ სამუშაოს ჩატარება არც ქართულ და რეგიონში არც ერთ სამართალდამცველ სტრუქტურას არ შეეძლო, იმდენად რთული ტექნოლოგიები მონაწილეობდა. ბუნებრივია, აქ ძალიან საშიში ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი იყო საკმაოდ საშიში პიროვნება, ჰქონდა საკმაოდ დიდი პოტენცია იმისათვის, რომ ტერორისტული აქტები განეხორციელებინა." (სტილი დაცულია)

გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებების შინაარსს თუ გავაერთიანებთ, ზოგადად იმას მივიღებთ, რომ ვაშლიჯვრის სარდაფში პოტენციურად საშიში ნივთიერებების აღმოჩენა ბუნებრივი იყო. ამ აზრს იზიარებს სამხედრო საკითხთა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თუ ადამიანი ტერაქტისთვის ემზადება, მას შესაბამისი ცოდნაც აქვს და მასალაც:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "საქართველო, სამწუხაროდ, განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც აკრძალული ნივთიერებების ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. არათუ მცირე ზომის ნივთიერებებს, ხალხი ,,ბეტეერებს” ყიდულობს და ყიდის. ამდენად, გასაკვირი არ იქნება, რომ მას არ გაუჭირდებოდა ამ ნივთიერებების ყიდვა. მით უმეტეს, თუ ის გარკვეულ კავშირში იყო სპეცსამსახურებთან, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაშინ ხომ სულ მარტივი იქნებოდა ამ ნივთიერებების მოპოვება, გამოყენება და ა.შ." (სტილი დაცულია)

კონკრეტულად რა ნივთიერებებს ფლობდა ვლადიმერ არუთუნიანი, რომელიც მისი სარდაფის გამოკვლევის შემდეგ სამართალდამცავებმა კიდევ უფრო საშიშ ადამიანად გამოაცხადეს, ვიდრე დღემდე იყო, აგვისტოში გაირკვევა. ვაშლიჯვრის სარდაფში აღმოჩენილ მასალებს ამერიკელი ექსპერტები შეისწავლიან.

რაც შეეხება მათი პრეზიდენტის მოძულე 27 წლის ვლადიმერ არუთუნიანს, საავადმყოფოდან საპატიმროში გადაყვანის შემდეგ მასთან შეხვედრას ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს. ელენე თევდორაძე ამბობს, რომ არუთუნიანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეჭვმიტანილია და ის სახელმწიფომ სათანადოდ უნდა დაიცვას. დეპუტატს აუცილებლად მიაჩნია არუთუნიანის სრულყოფილი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც:

[ელენე თევდორაძის ხმა] "თუმცა, აი ასე, ვიზუალურად, ის არ ტოვებს ჩემში შთაბეჭდილებას ფსიქიურად შეურაცხადი ადამიანის. მაგრამ რაღაც იდეაფიქსით დაავადებული ნამდვილად, მე მგონი, არის." (სტილი დაცულია)

არსებული წესის მიხედვით, ვლადიმერ არუთუნიანს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას საპატიმროში გადაყვანიდან 21 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG